საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიმდინარე სეზონის ორი უმთავრესი შეჯიბრის – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის მოსამზადებელი პროცესის დასკვნით ტურნირზე ჩეხეთში იჭიდავა. პრაღის “ევროპის თასზე” ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა გაფართოებული შემადგენლობა იახლა - ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტები, თუმც რამდენიმე წონაში პრიზიორებიც გავიდნენ ტატამზე და ერთ-ერთმა მათგანმა შიდა კონკურენციაში გალიდერება და ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობა თითქმის გაინაღდა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილმა მაისის ბოლოს ჩატარებულ საქართველოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პრაღაში კი ნაკრებს კერძო დაფინანსებით გაჰყვა და ჩემპიონიც გახდა.
შავდათუაშვილის გარდა, ქართული შემადგენლობიდან ჩეხური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბეთქილ აფრასიძე (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ავიდნენ. ევროგანაცხადი, სავარაუდოდ, ამ ორ წონაშიც შევსებულია. ჭრიკიშვილს საქართველოს პირველობაზეც ოქროს მედალი ჰქონდა მოპოვებული. აფრასიძემ კი, მართალია დიღომში ფინალში ზებედა რეხვიაშვილთან წააგო, მაგრამ რეხვიაშვილი, ამჯერად, სამეულს მიღმა დარჩა და თან ტრავმა მიიღო. წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ხელის ტრავმა გამხდარა. 73 კილოგრამში, კიმონო ნაკრების ყოფილმა ლიდერმა ლაშა ზურაბიანმაც მოირგო, მაგრამ უშედეგოდ.
ოთარ კაიდარაშვილმა (55 კგ) და შმაგი ლაგაზაურმა (60 კგ) “ევროპის თასზე” ვერცხლის მედლები მოიპოვეს. გიორგი ნოზაძემ (90 კგ) კი ბრინჯაო იკმარა, მაგრამ რეპეშაჟის ფინალში უშუალო კონკურენტი – არჩილ შინჯიკაშვილი დაამარცხა.
ბოლო-ორ წონაში სამეულები ქართველი ძიუდოისტების გარეშე შეივსო. 100 კგ-ში ტატამზე მხოლოდ საქართველოს ჩემპიონი მიხეილ ნარიმანიძე გავიდა, რომელსაც ევროპის შემადგენლობაზე გამგზავრება უკვე თითქმის განაღდებული აქვს. ამიტომაც იყო, მთავარმა მწვრთნელმა პრაღაში მის გარდა არც ერთი კანდიდატი რომ არ იახლა. მძიმე წონაში მოჭიდავე უშანგი კოკაური და სლავა რეზესიძე კი, პირველსავე მეტოქეებთან დამარცხდნენ და თუ მათ შორის საუკეთესოს დასასახელებლად ლიპარტელიანი საქართველოს პირველობის შედეგს გაითვალისწინებს, მაშინ ევროგანაცხადში ოქროსმედალოსანი კოკაური ჩაეწერება.
ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატს, 17-19 სექტემბერს, სოფია უმასპინძლებს, 21-24 ოქტომბერს კი, მაროკოში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.
ძიუდო. ახალგაზრდები
ევროპის თასი. პრაღა
31 ივლისი – 1 აგვისტო
55 კგ: 1 დანი-პაულ კიელი (გერმანია); 2 ოთარ კაიდარაშვილი (საქართველო); 3 ფაბიო ბასილე (იტალია); 3 გრიგოლ ივანიანი (სომხეთი)
60 კგ: 1 ვონ-ჟინ კიმი (სამხრეთ კორეა); 2 შმაგი ლაგაზაური (საქართველო); 3 ლუკაშ კიელბასინსკი (პოლონეთი); 3 გორ არუთინიანი (სომხეთი)
66 კგ: 1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო); 2 გოლან პოლაკი (ისრაელი); 3 იულიან კოლეინი (გერმანია); 3 გჟეგოჟ ლევინსკი (პოლონეთი)
73 კგ: 1 ბეთქილ აფრასიძე (საქართველო); 2 ანდრეა რეჯისი (იტალია); 3 ჰანე გონრადი (გერმანია); 3 გი-ვუკ კიმი (სამხრეთ კორეა)
81 კგ: 1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო); 2 რობინ პაცეკი (შვედეთი); 3 ტომაშ კნაპეკი (ჩეხეთი); 3 იანიკ გუთშე (გერმანია)
90 კგ: 1 სიმონ გლოკნერი (გერმანია); 2 ჯულიანი ლოპორჩიო (იტალია); 3 გიორგი ნოზაძე (საქართველო); 3 აზერ აგაევი (აზერბაიჯანი)
100 კგ: 1 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია); 2 იაკოვ მამისთვალოვი (ისრაელი); 3 ლუკა არდიზიო (იტალია); 3 იუნგ-ჰოონ კიმი (სამხრეთ კორეა)
+100 კგ: 1 დანიელ ალერშტორფერი (ავსტრია); 2 სჟაბოლც გომბარი (უნგრეთი); 3 გუ-ჰამ ჩო (სამხრეთ კორეა); 3 ტომაშ ტალაჩი (პოლონეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







