18 ნოემბერი ქართული სპორტისთვის, კერძოდ კი მძლეოსნობისთვის მნიშვნელოვანი დღეა – საფუძველი ეყრება ახალი სტადიონის მშენებლობას, რომელიც 4 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი. კაფსულის ჩადგმასა და მოგვიანებით მძლეოსნობის სასახლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას ევროპელი სტუმრებიც მიიღებენ.
მანამდე, ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ჰანსიორჟ ვირცი, ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი კარელ ჰილნი, ბელარუსის მძლეოსნობის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი ანატოლი მაკარევიჩი, ლატვიის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი გუნტის ზალიტისი, უკრაინის მძლეოსნობის ფედერაციის მესაჭე იგორ ოტსულსი, კვიპროსის მძლეოსნობის ფედერაციის თავკაცი ანტონიოს დრაგოსი და საბერძნეთის მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი პანაგიოს დიმაკოსი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს სტუმრობდნენ და პრეზიდენტს ლერი ხაბელოვსა და გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს შეხვდნენ.
სეოკ-ის პრეზიდენტმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა, რომ მათ გამონახეს დრო და ჩვენთვის ამ სასიხარულო ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას. “მიუხედავად იმისა, რომ მოჭიდავე ვიყავი და წარმატებებიც მქონდა, მძლეოსნობა იყო და რჩება ჩემთვის საყვარელ სპორტის სახეობად. ბავშვობაში სპორტის ამ სახეობით გატაცებული ვიყავი და ერთი პერიოდი სპრინტსაც დავრბოდი. მძლეოსნობაში ჩვენ დიდი წარმატებები გვქონდა, გვყავს ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები. ამიტომაც სასიხარულოა, რომ იხსნება მძლეოსნობის სასახლე და ბოლოს და ბოლოს საძირკველი ეყრება მძლეოსნობის სტადიონის მშენებლობას. ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი, რომელიც ამავდროულად “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტსაც ხელმძღვანელობს, ბევრს აკეთებს სპორტის ამ სახეობისთვის. კარგია, რომ გაისად საქართველო ევროპის გუნდურ ჩემპიონატსაც უმასპინძლებს. ვფიქრობ დღევანდელი დღე საფუძველი იქნება ჩვენს ქვეყანაში სპორტის დედოფლის ახალ სიმაღლეებზე აყვანის”, - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.
ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის თავკაცმა ჰანციორჟ ვირცმა მონდომება შეგვიქო და აღნიშნა, რომ მძლეოსნობის განვითარება ყველა ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. “როდესაც ამ შენობაში შემოვედი, მივხვდი, რომ საქართველოში სპორტი სხვა საფეხურზე ადის. მოხიბლული ვარ ოლიმპიური მუზეუმითაც. სპორტული ბაზების განვითარება ყველა სპორტის სახეობისთვის საჭიროა, თუმცა დღეს აქ მძლეოსნობის ახალი სტადიონის საფუძვლის ჩაყრისთვის ვიმყოფებით და მიხარია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩვენი წვლილიც შეგვაქვს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დღეს საქართველოშო მძლეოსნობა ახლიდან იბადება. ნებისმიერი სახის სპორტული ინფრასტრუქტურა მონუმენტებივითაა და მინდა ქართულ სპორტს ეს დღე მივულოცო”, - დასძინა ჰანციორჟ ვირცმა.
www.geonoc.oorg.ge