ფეხბურთი

3:05 | 12.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა სიურპრიზების გარეშე

1/2–ფინალში „ჩელსი“, „ფენერბახჩე“, „ბაზელი“ და „ბენფიკა“ ითამაშებენ

ევროპის ლიგის 1/4–ფინალის საპასუხო მატჩები მეტ–ნაკლებად ლოგიკური შედეგებით დასრულდა. შემდეგ ეტაპზე გასულმა ოთხივე კლუბმა („ჩელსი“, „ფენერბახჩე“, „ბაზელი“ და „ბენფიკა“) პირველ მატჩებში მოპოვებული უპირატესობა გამოიყენა და შემდეგი ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.

ყველაზე დრამატული მატჩი შვეიცარიაში შედგა, სადაც „ბაზელმა“ ლონდონის „ტოტენჰემს“ უმასპინძლა. ამ დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო, სადაც მასპინძლებმა ივარგეს და ანდრე ვილაშ–ბოაშის გუნდი გათამაშებას გამოთიშეს.

„ტოტენჰემმა“ მატჩი კარგად დაიწყო და 23–ე წუთზე დაწინაურდა კიდეც – იან ვერტონგენის კარგი პასის შემდეგ, „ბაზელის“ მცველმა უხეიროდ ითამაშა და კლინტ დემპსი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამერიკელმა კი, მეკარე იოლად ჩამოიცილა და ბურთი კარის ბადეში მოათავსა. ლონდონელთა სიხარულმა დიდ ხანს ვერ გასტანა, რადგან მოჰამედ სალაჰმა შვეიცარიელთა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულა და წონასწორობაც აღდგა – 1:1.

მეორე ტაიმის დებიუტში, მასპინძლები ალექსანდრ დრაგოვიჩმა დააწინაურა და თავის გუნდს სოლიდური უპირატესობა მოუტანა. მიუხედავად ამისა, „ტოტენჰემს“ მაინც საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდა, რადგან თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად მხოლოდ გოლი სჭირდებოდა. 83–ე წუთზე, ლონდონელებმა საწადელს მიაღწიეს – დემპსიმ დუბლი შეასრულა და ინგლისელ ქომაგებს იმედი დაუბრუნა.

90–ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან „ტოტენჰემის“ მცველი ვერტონგენი გააძევა, რამაც დამატებით 15–წუთიან ტაიმებზე დიდი გავლენა იქონია. „ბაზელი“ დიდ უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა, მაგრამ „ტოტენჰემი“ მთელი ძალებით თავს იცავდა და მეტოქეს დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა. როგორც იქნა, 120 წუთიც ამოიწურა და პენალტების სერია დაიწყო, სადაც ლონდონელები 41 წლის ბრედ ფრიდელის გამოცდილების იმედზე იყვნენ. ინგლისელთათვის საუბედუროდ, პენალტების სერიაში შემსრულებლებმა ვერ ივარგეს – ტომ ჰადლსტოუნმა და ემანუელ ადებაიორმა დარტყმები გააფუჭეს, „ბაზელს“ კი, რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია და 4:1 იმარჯვა კიდეც.

მართალია, ლონდონის „ჩელსი“ ყაზანის „რუბინთან“ სტუმრად დამარცხდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა, რადგან პირველი მატჩი 3:1 ჰქონდა მოგებული. „ლუჟნიკებზე“, „არისტოკრატები“ მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ – ფრენკ ლამპარდის გრძელი გადაცემით ფერნანდო ტორესმა ისარგებლა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. თითქოს, ინგლისელთა გასვლა ეჭვს აღარ იწვევდა, მაგრამ „რუბინმა“ თამაშის მოტრიალება მოახერხა და მეტად რომ გამართლებოდა, ნახევარფინალშიც ითამაშებდა.

მე–2 ტაიმის საწყის წუთებში, ივან მარკანომ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ოთხიოდ წუთში, ვიქტორ მოზესმა რამირესთან გათამაშებული „კედლის“ შემდეგ აიღო რუსების კარი და ლონდონელები კიდევ ერთხელ დააწინაურა. ამის შემდეგ, ყაზანელებმა კიდევ 2–ჯერ აიღეს ინგლისელთა კარი, მაგრამ როგორც გაირკვა, მათი მაქსიმუმიც ეს იყო – 3:2 მოგება საკმარისი არ აღმოჩნდა.

ლისაბონის „ბენფიკა“ „ნიუკასლთან“ მატჩს მშვიდად შეხვდა, რადგან საშინაო არენაზე 3:1 ჰქონდა მოგებული და სანერვიულო ბევრი არაფერი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, „კაჭკაჭებს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ნამდვილად ჰქონდათ, რადგან 2:0 მოგებაც კი აწყობდათ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა ლისაბონელი მცველების უხეირო თამაშით ისარგებლეს და პაპის დემბა სისე დასარტყმელ პოზიციაზე დატოვეს, ამ უკანასკნელს კი, ბურთის დაუცველ კარში მოთავსება არ გასჭირვებია.

ეს იყო და ეს, ამის შემდეგ კი, „ბენფიკამ“ „ნიუკასლს“ მეტის გატანა არ დაანება და გამარჯვებაც კი გამოაცალა ხელიდან. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, როდრიგოს გამბრჭოლ გადაცემას ედუარდო სალვიო გამოეხმაურა და ტაბლოზე 1:1 ააციმციმა.

ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა რომშიც, სადაც ადგილობრივი „ლაციო“ „ფენერბახჩეს“ დაუხვდა. „ბენფიკას“ მსგავსად, თურქებიც მეტოქეს 2–ბურთიანი უპირატესობით ეწვივნენ (პირველი მატჩი 2:0 მოიგეს) და როგორც მოსალოდნელი იყო, ნახევარფინალშიც გავიდნენ.

ანგარიში მე–60 წუთზე გაიხსნა – სენად ლულიჩმა ანტონიო კანდრევას ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა და რომაელები დააწინაურა. იტალიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი გაუჩნდათ, მაგრამ „ფენერბახჩეს“ ბრძოლა დაუფასდა და არასასიამოვნო მოულოდნელობები თავიდან აიცილა – ჯანერ ერკინმა რომაელთა საჯარიმოში ბურთი დასარტყმელ პოზიციაზე გაისწორა და „ლაციოს“ ოცნებებს ცივი წყალი გადაასხა – 1:1.

ევროპის ლიგის 1/2–ფინალისტები პარასკევს დაწყვილდებიან.

 

მოსკოვი. „ლუჟნიკები“. 25000

რუბინი – ჩელსი 3:2 (0:1)

რუბინი: რიჟიკოვი, კუზმინი (კალეშინი 46), ანსალდი, ნავასი, მარკანო, ორბაისი (დიადიუნი 66), ნათჰო, კასაევი (რიაზანცევი 72), კარადენიზი, ერემენკო, რონდონი.

მწვრთნელი: ყურბან ბერდიევი

ჩელსი: ჩეხი, ლუისი, ფერეირა, ტერი, ასპილიკუეტა, აკე, რამირესი (მიკელი 60), ლამპარდი (ივანოვიჩი 90), ბენაიუნი (ოსკარი 77), ტორესი, მოზესი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 0:1 ტორესი (5), 1:1 მარკანო (51), 1:2 მოზესი (55), 2:2 კარადენიზი (62), 3:2 ნათჰო (75პ.)

გაფრთხილებები: მარკანო (86) – ოსკარი (90)

კარში დარტყმა: 14 (7) – 7 (5) ჯარიმა: 8 - 6 კუთხური: 3 - 2 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 3 – 5

 

რომი. „ოლიმპიკო“. 1000

ლაციო – ფენერბახჩე 1:1 (0:0)

ლაციო: მარკეტი, სიანი, ბიავა (კლოზე 56), რადუ, ლულიჩი, ედერსონი (ფლოკარი 73), ერნანესი, ლედესმა, ცანა, კანდრევა, კოზაკი (როცი 77).

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

ფენერბახჩე: დემირელი, კორკმაზი, იობო, ციგლერი, გენიული, მეირელეში, ბარონი (უჩანი 73), შაჰინი, ერკინი (კრასიჩი 87), კიუიტი, ვებო (თოფუზი 80).

მწვრთნელი: აიქუთ ქოჯამანი

გოლები: 1:0 ლულიჩი (60), 1:1 ერკინი (73)

გაფრთხილებები: კოზაკი (45), ლულიჩი (64), კლოზე (72) – ციგლერი (31), ბარონი (33), ერკინი (62)

კარში დარტყმა: 26 (13) – 4 (1) ჯარიმა: 14 - 19 კუთხური: 12 - 4 თამაშგარე: 0 - 0 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 2 – 16

 

ბაზელი. „სანკტ–იაკობ პარკი“. 36500

ბაზელი – ტოტენჰემი 2:2 (4:1 პენ.)

ბაზელი: სომერი, ჩჟუ–ჰუ, დეგენი, დრაგოვიჩი, შერი, დი (დიასი 58), შტოკერი (შტაინჰიოფერი 71), ფ.ფრაი, სალაჰი (ა.ფრაი 111), ელ–ნენი, შტრელერი.

მწვრთნელი: მურატ იაკინი

ტოტენჰემი: ფრიდელი, ვერტონგენი, ნოუტონი (ასუ–ეკოტო 79), დოუსონი, უოკერი, დემპსი, პარკერი (ჰადლსტოუნი 79), ჰოლტბი, დემბელე (კეროლი 59), სიგურდსონი, ადებაიორი.

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ–ბოაში

გოლები: 0:1 დემპსი (23), 1:1 სალაჰი (27), 2:1 დრაგოვიჩი (49), 2:2 დემპსი (83)

გაფრთხილებები: შტოკერი (52), დი (58), შტრელერი (90), ელ–ნენი (103) – ნოუტონი (39), დემბელე (45), დემპსი (52), დოუსონი (90), უოკერი (90)

გაძევება: ვერტონგენი (90)

კარში დარტყმა: 16 (8) – 14 (9) ჯარიმა: 18 - 18 კუთხური: 4 - 6 თამაშგარე: 4 - 5 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 7 – 6

 

ნიუკასლი. „სენ–ჯეიმს პარკი“. 53000

ნიუკასლი – ბენფიკა 1:1 (0:0)

ნიუკასლი: კრული, სიმპსონი, იანგა–მბივა, ვილიამსონი, აიდარა (მარვო 67), კაბაიე, გუტიერესი, სისოკო, ანიტა (ბენ არფა 63), ბიჰირიმანა (ამეობი 46), სისე.

მწვრთნელი: ალან პარდიუ

ბენფიკა: არტური, ლუიზაო, გარაი, ალმეიდა, პერესი, გაიტანა, მატიჩი, მელგარეხო, სალვიო (ჟარდელი 90), ლიმა (კარდოსო 72), ჯონი (როდრიგო 76).

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუში

გოლები: 1:0 სისე (71), 1:1 სალვიო (90)

გაფრთხილებები: სისე (67), კაბაიე (70), იანგა–მბივა (81), ვილიამსონი (83) – არტური (31), პერესი (31), ალმეიდა (49)

კარში დარტყმა: 7 (3) – 13 (7) ჯარიმა: 14 - 19 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 8 - 0 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 7 – 4

0.21768