კალათბურთი

21:51 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილით!

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მესამედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ნაწილზე. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც დღეს პორტუგალიას 71:59 ვძლიეთ, უნგრელებმა კი ჩეხეთს 83:68 მოუგეს. ასე და ამგვარად, პორტუგალიის მატჩების გამოკლებით, საქართველოს, ჩეხეთსა და უგრეთს 2-2 მოგება და წაგება დაუგროვდათ და საქმეში ურთიერთშეხვედრების ქულათა ბალანსი ჩაერთო. ამ ტრიოდან საქართველო ერთადერთია, რომელსაც დადებითი, +11 ბალანსი აქვს, ჩეხებს -4, უნგრეთს კი საბოლოოდ -7 გამოუვიდა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ წელს კონტინენტის პირველობაზე ითამაშებს!

ევრო-2015 წლის მასპინძელი ქვეყნის ვინაობას 8 სექტემბერს შევიტყობთ.

...ვიქტორ სანიკიძის სამიანს, ბექა ბურჯანაძემ, იმავე სანიკიძემ, ზაზა ფაჩულიამ ზუსტი ორქულიანები მიაყოლეს და პირველსავე წუთებზე 9:0 დავწინაურდით. ტრავმირებული თორნიკე შენგელიას გარეშე მოთამაშე ქართველები მეტად მოტივირებულები იყვნენ და მთელი მატჩის განმავლობაში პორტუგალია 5 ქულაზე “ახლოს არ მოგვიშვია”. პირენელებმა ყველა პერიოდში იბრძოლეს (მეორე მეოთხედი სულაც 2 ქულით მოგვიგეს), მაგრამ პორტუგალია ნამდვილად არაა ის გუნდი, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში, ქართველი გულშემატკივრის აქტიური ქომაგობის პირობებში, სერიოზულ წინააღმდეგობას გაგვიწევს. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში სანიკიძემ მიჯრით ორჯერ მოათავსა ბურთი დასავლეთპირენელთა კალათაში, 56:45 დავწინაურდით და ცხადი შეიქნა, საქართველოს ნაკრები საქმეს გამარჯვებამდე რომ მიიყვანდა. ასეც მოხდა, 71:59 მოვიგეთ და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჯგუფში პირველ ადგილზეც გავედით.

20 ქულით საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ვიქტორ სანიკიძეა. საიკეთესოდ ითამაშა ზაზა ფაჩულიამ (განსაკუთრებით მეორე ტაიმში). ჯვაროსნების კაპიტანმა 15 ქულა 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და სამმაგ დუბლამდე ერთადერთი პასიღა დააკლდა, ამასთან ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერს 3 ჩაჭრა და დაფარებაც აქვს აქტივში.

მთლიანობაში მოედანზე გასული ცხრავე კალათბურთელი ქების ღირსია, მაგრამ ჩვენ მიერ ნახსენებ 2 მოთამაშეს, დუდა სანაძესაც დავუმატებთ. ჩვენმა ათიანმა ამჯერადაც ჩუბინობით გამოიჩინა თავი (3 სამიანი ჩაასრიალა მეტოქის კალათაში) და საბოლოოდ 14 ქულას მოუყარა თავი.

პორტუგალიაზე კი იმას ვიტყვით, რომ პირენელთა გუნდი გამართულ კალათბურთს თამაშობს (რაც ოვარშიც დაამტკიცა და თბილისშიც) და მის მოთამაშეებს 10 საჯარიმო ტყორცნა რომ არ გაეფუჭებინათ, მაყურებელსაც და საქართველოს ნაკრების წევრებსაც მეტი სანერვიულო შეგვხვდებოდა. 

0.450655