გუშინ საღამოს ჩვენ სასტუმროში ვროცლავიდან ჩეხეთის ნაკრები შემოსახლდა და ჩემპიონატისა და თავად ჩეხეთის ფედერაციის დაცვამ სასტუმრო "გრანდ მერკური" საგანგებოდ ჩაკეტა. გუშინ ღამესვე ვარშავის თავზე ისეთი ჭექა-ქუხილი იყო, არა მგონია, ვინმეს დასძინებოდა, მსგავს ხმებს მხოლოდ ინტენსიური საარტილერიო კანონადა გამოსცემს. მეჩვენებოდა, რომ სასტუმროს თავზე ეცემოდა მეხი... დილით, ადრიანადვე მინდოდა ჩეხეთის ნაკრების ხელმძღვანელობის ნახვა და თამაშისწინა ინფორმაციის მიღება, ვესტიბულში ჩავედი და სპორტ-ექსპრესის ჟურნალისტები ვნახე, რომელთაც მეტად სამწუხარო ინფორმაცია მითხრეს, ეს ესაა ცნობა მოგვივიდა – რამაზ შენგელია გარდაიცვალაო... ყველას პირზე შეგვახმა სიტყვები, ჩეხეთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა, პრეზიდენტმა მიროსლავ პელტამ და გენერალურმა მდივანმა რუდოლფ რეპკამ მოგვისამძიმრეს, პრაღაში გადარეკეს და ოფიციალური სამძიმარის გაგზავნა დაავალეს ჩეხეთის ფედერაციის სახელით. მცირე ხანში დათო ქლიბაძე შემოვიდა, და დაღვრემილი რომ დამინახა, მიზეზი მკითხა... ძლივს ამოვღერღე და დათომ ისე განიცადა, ლამის მოსაბრუნებელი გამიხდა. ერთი თვეც არაა, ფეხბურთის ფედერაციაში საპატიო ვიცე-პრეზიდენტად დანიშნესო... მალე სტადიონზე ვიქნები და პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციასაც შევატყობინებ...
რამაზ შენგელია დინამოში გადმოსვლის პირველივე მატჩიდან მახსოვს, კუიბიშევის „კრილია სოვეტოვს“ 4-2 რომ მოვუგეთ და რამაზმა 2 გოლი გაიტანა, ბრწყინვალე ფეხბურთელობის გარდა ბატონი რამაზი იმ უიშვიათეს ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომელზეც ვერავინ ვერასდროს იტყოდა – რაიმე მაწყენინა ან დამიშავაო. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან და რაოდენ საწყენია, რომ ასეთ ასაკში წავიდა ამქვეყნიდან. რაღა არ დაწერილა რამაზ შენგელიაზე, რა ქება აღარ წამიკითხავს მასზე, მაგრამ ყველაზე კარგად ცნობილი გულშემატკივრის, გოგი დემეტრაძის გამონათქვამი ჩამრჩა გულში. როცა წავიდოდა საუბარი, ვინ იყო საქართველოს ყველაზე დიდი ფეხბურთელი, დემეტრაძე ამბობდა – რა თქმა უნდა, შენგელიაო... რომ ჩააცივდებოდნენ, შე კაი კაცო, მესხიც გინახავს, მეტრეველიც, ბარქაიაც, ხურცილავაც, ყიფიანიც, გუცაევიც, ლამის ბორის პაიჭაძის თამაშსაც მოსწრებიხარ და რაღა შენგელია ამოიჩემეო, ბატონი გოგი ჩაიცინებდა, გადმოგვხედავდა და ისეთ ფრაზას იტყოდა, ყველას რომ დაადუმებდა – თქვე კაი ხალხო, ჩვენმა ყველაზე დიდმა მოწინააღმდეგემ, საბჭოთა კავშირმა ორჯერ დაასახელა ამხელა იმპერიის საუკეთესო ფეხბურთელად, ასეთი აღიარება არც ერთ ქართველს არ ღირსებია და რა მაგარი უნდა ყოფილიყო შენგელია, თავად რუსებსაც რომ ვერაფერი გაეწყოთ და ეღიარებინათ, თანაც ორჯერო!
სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით რამაზ შენგელიას უკვდავსაყოფად ალბათ საუკეთესო ის იქნება, ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონს, სადაც ფეხი აიდგა ყოჩაღმა ფორვარდმა, მისი სახელი ეწოდოს. თუ იტალიაში აქვთ ჯუზეპე მეაცა, უკრაინაში ვალერი ლობანოვსკის სტადიონი, რუსებმა თუ სოჭის სტადიონს სლავა მეტრეველის სახელი უწოდეს, აგერ თელავში გივი ჩოხელი, თბილისში მიხეილ მესხი, რატომ არ უნდა გვქონდეს საქართველოში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი, მითუმეტეს მის მშობლიურ ქუთაისში? ვფიქრობ, „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა გულთან ახლოს მიიტანს ამ იდეას და ქართველი გულშემატკივრის კერპს ამგვარად უკვდავყოფენ...
უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია, სპეციალურად worldsport.ge-სთვის, ვარშავიდან