ძიუდო

16:26 | 27.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ოლიმპიურში შეჯამდა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა ევროპირველობიდან დაბრუნებული სპორტსმენების მიღებისა და მათთან ერთად პრესკონფერენციის ჩატარების ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და სტამბოლის ევროპირველობიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს უმასპინძლა.
შეგახსენებთ, 21-24 აპრილს ჩატარებულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრებმა - ბეთქილ შუკვანმა (60 კგ) და ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ირაკლი ცირეკიძემ (100 კგ) კი - ბრინჯაოები. ამასთან, გუნდურ ჩემპიონატში ქართველებმა მე-3 ადგილი დაიკავეს.
ოლიმპიურ კომიტეტს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძე, ნაკრების მწვრთნელი ზურაბ ზვიადაური და 3 მედალოსანი -  შუკვანი, ჟორჟოლიანი და ლიპარტელიანი ესტუმრნენ. ცირეკიძე თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ მშობლიურ ქუთაისში გაემგზავრა, ხოლო გუნდის თავკაცმა პიტერ ზაიზენბახერმა ერთი კვირით ავსტრიას მიაშურა.
“ახლახანს, მოჭიდავეთა ევროპული ჭიდაობა დადებითად შევაფასეთ და სასიამოვნოა, რომ თავი არც ძიუდოისტებმა შეირცხვინეს. შეიძლება, ჩვენი ძიუდოს ტრადიციებიდან გამომდინარე, ოქროს მედლის გარეშე დარჩენა წარმატება მართლაც ვერ იყოს, მაგრამ თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2000 წლიდან დღემდე ჩატარებულ ევროპის თორმეტ ჩემპიონატზე, მხოლოდ 3 ოქრო გვაქვს მოპოვებული - სამივე ზაზა კედელაშვილს. აქვე ერთსაც დავამატებ, ავსტრიელმა მწვრთნელმა გუნდი ორთვენახევრის წინ ჩაიბარა და წინასწარ შედგენილი პროგრამით, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამზადებს. ევროპირველობა განიხილებოდა, როგორც მოსამზადებელი ეტაპის რიგითი ტურნირი. ამის გათვალისწინებითაც, ბიჭებმა საკმაოდ კარგად იჭიდავეს. განსაკუთრებით მე-2 გუნდის წევრებმა, რომელთაც პირველი გუნდის ძიუდოისტებთან შედარებით ნაკლები დატვირთვებით ივარჯიშეს. პირველ და მეორე გუნდს მხოლოდ პირობითად ვამბობთ, თორემ სინამდვილეში, ჯერ არავინ იცის, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ვინ იქნება წონის ლიდერი და ვინ მე-2 ნომერი. ევროპის ჩემპიონატზე ერთი სასიამოვნო მომენტიც გამოჩნდა - ფიზიკური მომზადების მხრივ, პროგრესი აშკარაა. მსოფლიომდე გუნდმა კიდევ უნდა მოუმატოს, რაც იმედია, შედეგზეც აისახება” – განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მსაჯობის თემასაც შეეხო და ქართველი ვლადიმერ ნუცუბიძის ბრწყინვალე მსაჯობაც აღნიშნა.
“ნუცუბიძემ მთელი ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და საერთაშორისო ფედერაციამ დაუფასა კიდეც – ყველაზე პრესტიჟული, მძიმე წონითი კატეგორიის ფინალი მიანდეს. ამ მსაჯს ქართულ ძიუდოში დატრიალებული ამბების დროს საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრების შანსი აღარ მიეცა, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. როდესაც ასეთი პროფესიონალი გყავს, ხელი კი არ უნდა შეუშალო, პირიქით, ყველაფრით უნდა დაეხმარო. საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ბარკოსმა, მე და გიორგი ალექსიძეს პირად საუბარში გვითხრა, ნუცუბიძე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯიაო. პირველად მოხდა, რომ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში არაობიექტური მსაჯობის გამო, პატარა პრობლემაც კი არ შეგვქმნია. ეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის კარგი მუშაობისა და ვლადიმერ ნუცუბიძის დამსახურებაა” – დასძინა ნაცვლიშვილმა.
ზურაბ ზვიადაურმა შეგირდების ევროჭიდაობას დამაკმაყოფილებელი უწოდა და დამსწრეთ ერთხელაც შეახსენა, ჩვენი მთავარი სამიზნე მსოფლიოს ჩემპიონატია და ამ ეტაპზე გუნდი ოპტიმალურ ფორმაში რომ ვერ იქნებოდა, წინასწარვე ვიცოდითო. მისივე სიტყვებით, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთი დღითაც კი არ დაუსვენია, ვარჯიში მაქსიმალური დატვირთვებით გრძელდება.

 

ოთარ მაღლაკელიძე
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089816