არა მგონია, ფეხბურთის მოყვარულებზე მეტად უპრეტენზიო და ადვილად გულის მოსაგები ხალხი არსებობდეს. რა უნდა ფეხბურთზე გადარეულ კაცს? ელემენტარული შემოსავალი, ნორმალური ტელევიზორი, ცოტა ლუდი, კიდევ უფრო ცოტა სახრაშუნო რამე-რუმეები, კარგი მეგობრები და, ეგაა! მოკლედ, ვთანხმდებით, რომ ფეხბურთის მოყვარულთა გულის მოგება, არცთუ რთული ამბავი უნდა იყოს, მაგრამ ამ ჩვენს ცაფირუზხმელეთზურმუხტოვან ქვეყანაში, თითქმის ყოველი საფეხბურთო სეზონი, ფეხბურთის ქომაგებს მრავალ უსამართლო პრობლემებსა და განსაცდელს გვიმზადებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არაერთი საკაბელო თუ სატელიტური მაუწყებლობების გამავრცელებელი ფირმა მოღვაწეობს, ნორმალური საფეხბურთო ჩემპიონატების ცქერა, ხშირად, მაინც დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ზოგან მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატი აქვთ ნაყიდი, ზოგან ესპანეთის ჩემპიონატის გარდა, სხვა ტურნირის ჭაჭანება არაა და არიან კომპანიები, რომლებიც ქართველ ფეხბურთის მოყვარულებს დიდი სიამაყითა და რუდუნებით სთავაზობენ რუსეთის “დიად” და “ხელიხელსაგოგმანებ” პრემიერლიგის მატჩების ტრანსლაციებს!
არ გვინდა, ბატონო, ეს რუსეთის ჩემპიონატი! რუსეთის ჩემპიონატი ჩაურთეთ ფსკოველ ვასიას, ნიჟნი-ნოვგოროდი დედამიწის ჭიპი ვისაც ჰქონია. ჰოლანდიისა და ბელგიის ჩემპიონატიების ყოვლად უსახური მატჩებიც ამოგვივიდა ყელში! სულ მარტივად გეტყვით: თუკი ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის ჩემპიონატებს არ გვაჩვენებთ და ეცდებით, რომ “ნაშ ფუტბოლზე” და მსგავს აჯღაბუჯღობაზე გადაგვატაროთ, სულ მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენი ფეხბურთის მოყვარულები იხუვლებენ და ერთხმად იტყვიან უარს კომპანიების მიერ შემოთავაზებულ პაკეტებზე, სადაც ყველაფერია ფეხბურთის გარდა.
შეგნებულად არ ვასახელებ იმ კომპანიების სახელებს, რომლებმაც ასე ძალიან გაანაწყენეს ქართველი ქომაგები. ყველამ ყველაფერი კარგად იცის და ისედაც მიხვდებიან ვინ რაშია დამნაშავე. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ, პატივი ვცეთ ქართულ ტელესაკომუნიკაციო ბაზარს და კონკურენციის პირობებში, ე.წ. შავი პიარით არ დავაზარალოთ ერთი რომელიმე კომპანია (თუნდაც იყოს დაზარალების ღირსი). მით უმეტეს, როდესაც ნორმალური ფეხბურთის არჩვენების კუთხით, თითქმის ყველა კომპანია ერთნაირად სცოდავს და თანდათან გვიბრუნდება ის “ნეტარი” და “საოცარი” დრო, როდესაც ფეხბურთის სანახავად არა მხოლოდ თბილისის ერთი უბნიდან მეორეში, ხან სხვა ქალაქებშიც კი გვიწევდა წასვლა.
ინტერნეტმა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეცვალა და დღეს, ინტერნეტის საშუალებით, ნებისმიერი საფეხბურთო მატჩის ცქერაა შესაძლებელია, მაგრამ აქ სამი მთავარი პრობლემა უნდა გამოვყოთ. პირველი ის, რომ ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არა აქვს საქართველოში ინტერნეტთან წვდომა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანების არსებობაც, რომლებისთვისაც ფეხბურთის ტელევიზორში ცქერა არა მხოლოდ არჩევანი, არამდედ აუცილებლობაა. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებსაც მხედველების პრობლემები აქვთ და კომპიუტერში მატჩის ცქერა, მათი ჯანმთელობისათვის, უბრალოდ, დამღუპვველია. მესამე და ასევე მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხი კი ისაა, რომ ჩვენში, ვისაც კი არ ეზარება, ყველას ევროპა და ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია აკერია პირზე და ამ გაგანია “ევროპეიზაციის” გზაზე, ცოტა უხერხული ხომ არაა, რომ ელემენტარულად, ევროპული ფეხბურთის ცქერაც კი დიდ პრობლემებთან რომაა დაკავშირებული?!... დიახ, სწორედ ევროპული ფეხბურთის, თორემ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რუსეთის ჩემპიონატი, ფსკოველ ვასიას აყურებინეთ!