კალათბურთი

19:01 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ევროპა ბეთი” და სუპერლიგა გენერალურად დამეგობრდნენ

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის გენერალური სპონსორობის საპატიო მისია აზარტული თამაშების კომპანია “ევროპა ბეთმა” იკისრა. აღნიშნული კომპანია სუპერლიგას სპონსორობას ყველაზე ცოტა 2013-14 წლების სეზონში გაუწევს.

ხელშეკრულება 18 ოქტომბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში გაფორმდა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანსა და “ევროპა ბეთის” დირექტორ გიორგი გედევანიშვილს შორის. ხელმოწერის დასრულების შემდეგ, ლიპარტელიანმა გედევანიშვილს სამახსოვროდ საქართველოს ეროვნული ნაკრების 23-ნომრიანი მაისური გადასცა.

19 ოქტომბერს საქართველოს რიგით 23-ე ჩემპიონატი იწყება და 23-ნომრიანი მაისურიც ამას მიანიშნებს. აღნიშნულ ჩემპიონატში 9 გუნდი (“შსს აკადემია”, “ოლიმპი”, “არმია”, “ქუთაისი-2010”, “დინამო”, “სოხუმი”, “რუსთავი”, “ბათუმი-რსუ”, “მაკაბი”) მონაწილეობს. რეგულარული ჩემპიონატი ორ წრედ, მიმოსვლითი მატჩებით თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარდება. მისი დასრულების შემდეგ 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში განაგრძობს ასპარეობას. წინა ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ამჯერად მეოთხედფინალები ორის ნაცვლად სამ მოგებამდე გაგრძელდება. ანალოგიურად ჩატარდება ნახევარფინალური და ფინალური სერიებიც.

კალათბურთის ფედერაციისა და “ევროპა ბეთის” წარმომადგენლებმა მასმედიასთან კომენტარიც გააკეთეს.

გიორგი გედევანიშვილი: “ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული სუპერლიგის სპონსორი”.

თამარ ქვილითაია (“ევროპა ბეთის” პიარმენეჯერი): “ჩვენი მხრიდან სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობა არახალია. კალათბურთის ფედერაციასთან ადრეც გვქონია ურთიერთობა, მაგრამ გენერალური სპონსორი ჯერ არ ვყოფილვართ. მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება”.

ბესიკ ლიპარტელიანი: “სუპერლიგას ადრეც ჰქონია ურთიერთობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მაგრამ როგორც ასეთი, გენერალური სპონსორი არასოდეს ჰყოლია”.

- მაშინ, როდესაც 2012-13 წლების სეზონისგან განსხვავებით, სუპერლიგაში 11-ის ნაცვლად 9 გუნდი მონაწილეობს, არ აჯობებდა ჩემპიონატი სამ და ოთხ წრედ ჩატარებულიყო?

- ჩვენც ვფიქრობდით, მაგრამ არ გამოვიდა. სუპერლიგის მონაწილე გუნდებს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება ოთხ წრედ შევთავაზეთ. სამ წრედ ჩატარებაზეც თანახმანი ვიყავით, მაგრამ კლუბების უმეტესობამ, რომელთა შორის რეგიონების წარმომადგენლები სჭარბობდნენ, ფინანსური პრობლემების გამო 2 წრე ამჯობინეს. ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა და დავთანხმდით.


0.151608