კალათბურთი

1:02 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგის MVP სერხიო როდრიგესია!

ევროლიგის 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო კალათბურთელად მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო როდრიგესი აღიარეს. ეს გადაწყვეტილება ევროპის მასშტაბით ჟურნალისტების და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად იქნა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ევროლიგის არცერთ მატჩში როდრიგესი სასტარტო ხუთეულში არ გამოჩენილა, თუმცა, საშუალოდ მოგროვებული ქულების (13.5) და პასების (5.0) მიხედვით, “რეალის” რიგებში საუკეთესო იყო.

ცხადია, სერხიო ევროლიგის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა, რომელიც მის გარდა მადრიდელთა კიდევ ერთმა ლიდერმა რუდი ფერნანდესმა, კიტ ლენგფორდმა (“ემპორიო არმანი”), სონი ვიმსმა (ცსკა) და ანტე ტომიჩმა (“ბარსელონა”) დააკომპლექტეს.

ლენგფორდმავე მიიღო საუკეთესო მექულისთვის განკუთვნილი ჯილდო, “ამომავალი ვარსკვლავის“ ტიტული სერბული “პარტიზანის” წევრ ბოგდან ბოგდანოვიჩს ერგო, ხოლო ევროლიგის საუკეთესო დამცველად “ოლიმპიაკოსში” გიორგი შერმადინის თანაგუნდელი ბრაიანტ დანსტონი დაასახელეს.

დაჯილდოების ცერემონიალი მილანში შედგა, სადაც დღეს სტარტს ევრილიგის “ოთხთა ფინალი” აიღებს. ნახევარფინალურ მატჩებში მოსკოვის ცსკა თელ ავივის “მაკაბის” ეთამაშება, რომელშიც ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანი ირჯება, მე-2 ფინალისტი კი “რეალის” და “ბარსელონას” შიდაესპანურ გარჩევაში ირკვევა.

0.164842