ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ქართველმა სუმოისტებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ტურნირის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტებს საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე და სპორტსმენები – ავთანდილ ცერცვაძე და ზაზა ბალაშვილი შეხვდნენ.
“ევროპის ჩემპიონატში 21 ქვეყნის 400-მდე სუმოისტი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები ყველაზე მცირერიცხოვანი შემადგენლობით გამოვიდა, მაგრამ, მაინც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა - 4-კაციანმა გუნდმა 5 მედლის მოპოვება შეძლო. ინდივიდუალურის გარდა, პირად-გუნდურ შეჯიბრებაშიც გამოიჩინეს ბიჭებმა თავი. ჯერ ფინალურ ეტაპზე გასულ 9 გუნდში მოხვდნენ, შემდეგ კი მე-3 ადგილი დაიკავეს. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც აგვისტოში, ესტონეთში უნდა ჩატარდეს. არცთუ სახარბიელო ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, შევეცდებით, დარჩენილი დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ და ქართველ გულშემატკივარს სიხარული მივანიჭოთ”, – განაცხადა თენგიზ რუხაძემ.
ავთანდილ ცერცვაძემ ევროპირველობისთვის მოსამზადებელი პერიოდი გაიხსენა, იმის გათვალისწინებით, რომ შეკრება არ გაგვივლია, შედეგი მართლაც კარგიაო. თუმცა იქვე დასძინა, ჩვენ რეალურად გაცილებით მაღალი შედეგებისთვის ბრძოლა შეგვიძლია და იმედია, სამომავლოდ უკეთესი ხელშეწყობაც თუ გვექნება, ეს შედეგიანობაზეც აისახებაო.
შეგახსენებთ, სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ ვარნაში, სამი დღის წინ დასრულდა. ჩემპიონ-პრიზიორები 18-წლამდელებში, 21-წლამდელებსა და უფროსებში გამოვლინდნენ.
ყველაზე უმცროსებში დოჰიოზე ზურაბ აქუბარდია გავიდა და 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 21-წლამდელთა შორის ზაზა ბალაშვილი მძიმე წონაში ჩემპიონი გახდა. უფროსებში კი, ავთანდილ ცერცვაძემ (აბსოლუტური) - ვერცხლი და ადამ ოქრუაშვილმა (მძიმე) ბრინჯაო აიღეს. პირად-გუნდურ პირველობაზე, საქართველოს ნაკრებმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში, რუსეთთან წაგებით დაკარგა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი, მასპინძელთა გუნდს სძლია.
ოთარ მაღლაკელიძე
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო







