კალათბურთი

16:33 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტის მედლების პრეზენტაცია

2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ელჩებმა სპეციალურ პრეზენტაციაზე მომავალი ევრობასკეტის მედლები წარადგინეს. სლოვენიაში დაგეგილი ტურნირის ჯილდოები ცელიეს საიუველირო ფაბრიკაში დამზადდა და თითოელი 210 გრამს იწონის, მათი დიამეტრი კი 80 მილიმეტრია.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მედლის ორივე მხარეს ამოტვიფრულია ტრიგლავის კონტურები, რომელიც სლოვენიის ყველაზე მაღალი მთაა და ერთგვარად, ამ ქვეყნის სიმბოლოდაც ითვლება.

ასევე ორივე მხარის დაახლოებით ნახევარი კალათბურთის ბურთივით “ხაოიანია”, გაფორმება კი ამგვარია: ცალ მხარეს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების – ცელიეს, იესენიცეს, კოპერის და ლიუბლიანას სახელებია ჩამოწერილი და იქვე ევრობასკეტის ლოგოცაა, მეორე მხარეს კი – წარწერა: ევრობასკეტი, სლოვენია 2013.

“მედლებს ნებისმიერი რანგის ჩემპიონატისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც მათ მხოლოდ საუკეთესო სპორტსმენები იღებენ. ამდენად, მათ დამზადებას დიდ ყურადღებას ვაქცევდით”, - განაცხადა ევროპის ჩემპიონატის გენერალურმა მდივანმა ალენკა შკრებინმა.

კარგ ხასიათზე გახლდათ მედლების დიზაინერი დესირე კოლარეციც, რომელიც ცხადია ცელიეს საიუველირო ფაბრიკას წარმოადგენდა. “მოხარული ვართ, რომ ევრობასკეტის ორგანიზატორებმა ესოდენ დიდი ღონისძიებისთვის მედლების დამზადება ჩვენ მოგვანდეს. როგორც – ტექნოლოგიური, ასევე დიზანერული თვალსაზრისით, ეს ახალი გამოწვევა იყო”.

ევროპის პირველობის ელჩთაგან საკუთარი აზრი ივო დანეუმ დააფიქსირა, სლოვენიელმა კალათბურთელმა, რომელსაც იუგოსლავიის ნაკრების მაისურით 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოუგია და ამას გარდა, 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორიც გახლავთ.

“თითოეულ მედალს უდიდესი ფასი გააჩნია. ჩემს ჯილდოებს სეიფში ვინახავ და თითოეული მათგანი როგორ გამოიყურება, აღარც მახსოვს, თუმცა, ეს არ ეხება 1970 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგებულ ოქროს. მაშინდელი ფინალი ჩემთვის დაუვიწყარია”.

0.135532