კალათბურთი

1:35 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტის მასპინძელი მედლებისთვის ვეღარ იბრძოლებს

 

საკალათბურთო ევროპირველობის მეორე მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს ტურნირის მასპინძელი სლოვენიის ნაკრები და წინა ევროპირველობის ფინალისტი საფრანგეთი დაუპირისპირდნენ.

სლოვენია საწყის წუთზე 4:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ თანაბარი ორთაბრძოლა წარიმართა. უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდს ზუსტი სროლების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა. შედეგად, პირველი ტაიმში ძალიან დაბალი ანგარიში დაფიქსირდა – 24:26.

საწყის ნახევარში მასპინძლებმა ზედიზედ 12 სამქულიანი სროლა გააფუჭეს. ერთადერთი შორეული ტყორცნა მე-17 წუთზე ნახბარმა შეასრულა. სლოვენიელებმა 20 წუთში 14 სამქულიანიდან ერთი გამოიყენეს (7.1%), ფრანგებმა 6-დან - 2 (33.3%).

ორქულიანებში სლოვენია უფრო ზუსტი იყო: 19 შესაძლებლობიდან – 10 (52.6%), ხოლო კოლეს შეგირდებმა 28 ტყორცნიდან 9 ჩააგდეს (32.1%). პირველ ტაიმში ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო 10 ქულით ტონი პარკერი გახლდათ.

მესამე მეოთხედი ფრანგებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და მეოთხე წუთისთვის 10 ქულითაც კი იგებდნენ. სლოვენიელმა კალათბურთელებმა პარკერის შეჩერებას ვერ ახერხებდნენ და “სან ანტონიოს” ვარსკვლავზე ხშირად ჯარიმდებოდნენ...

36-ე წუთისთვის გორან დრაგიჩმა სამქულიანი ზუსტად შეასრულა და სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა. თითქოს სლოვენიელებს მატჩში გარდატეხა უნდა მოეხდინათ, თუმცა პარკერი კვლავ შეუჩერებელი იყო.

უკანასკნელი მეოთხედის ბოლო წუთებზე, მალიკოვიჩის შეგირდებმა ცდა არ დააკლეს, თუმცა ფრანგები თითქმის შეუცდომლად თამაშობდნენ.

საბოლოოდ, ევრობასკეტ-2013 ტურნირის მასპინძლის გარეშე დარჩა, შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი კი ტონი პარკერი გახდა. მის ანგარიშზე 27 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასია.

ამრიგად, გაირკვა პირველი ნახევარფინალური წყვილი. წინა ევროპირველობის ფინალისტები, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები ამჯერად ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან.

დღეს, კიდევ ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება. უკრაინა 7-მატჩიანი წაუგებელი სერიის მქონე ხორვატიის ნაკრების დამარცხებას შეეცდება, ხოლო ლიტვა იტალიასთან გაარკვევს ურთიერთობას. დღესვე სლოვენია და სერბეთი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლას დაიწყებენ.  

 

ლუბლიანა. "სტოჟიცე-არენა". 10 000 მაყურებელი 

სლოვენია - საფრანგეთი 62:72 (12:10, 12:16, 21:24, 17:22)

სლოვენია: ბალაჟიჩი (2ქ. 3მ), იოკსიმოვიჩი (2ქ), მურიჩი (1მ), ბლაჟიჩი (8ქ. 2მ. 1პ), ნახბარი (10ქ. 4მ), გ.დრაგიჩი (18ქ. 2მ. 6პ), ზ.დრაგიჩი (12ქ. 5მ), ლორბეკი (8ქ. 1მ. 2პ), ვიდმარი (2ქ. 8მ), ბეგიჩი (5მ).

მწვრთნელი: ბოჟიდარ მალიკოვიჩი.

საფრანგეთი: ბატუმი (14ქ. 5მ. 2პ), პეტრო (4ქ. 7მ), პარკერი (27ქ. 3მ. 1პ), პიეტრუსი (3მ), დე კოლო (4ქ. 2მ. 1პ), დიავუ (10ქ. 6მ. 3პ), აჯინკა (6ქ. 9მ. 1პ) ჟელაბალე (7ქ. 4მ. 1პ).

მწვრთნელი: ვინსენ კოლე.

 

გიორგი ბალახაძე


0.208979