კალათბურთი

15:35 | 18.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ-2015 ხუთ ქვეყანაში?

მას შემდეგ, რაც ფიბა-ევროპამ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის უკრაინიდან გადატანის გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანიზაცია მომავალი ევრობასკეტის მასპინძლის შერჩევის პროცესშია.

ცხადია, ფიბა-ევროპაში რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. მაგალითად, Eurohoops.net-ის ცნობით, იყო წინადადება შეჯიბრი არა მარტო ერთ ქვეყანაში, არამედ, საერთოდ ერთ ქალაქში ჩატარებულიყო. საუბარი გახლდათ სტამბულზე ან ათენზე ანუ იმ ქალაქებზე, რომელთაც მაღალი კლასის სამ-სამი დარბაზი გააჩნიათ. აღნიშნული ევროპელ ჩინოვნიკებს საკმაოდ თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემდა, თუმცა, ეს ვარიანტი მოწონებული არ იქნა.

ახლა, დღის წესრიგში ევრობასკეტის ოთხ ან ხუთ ქვეყანაში ჩატარება დგას. ფორმულა ასეთია: თითოეული ქვეყანა პირველ ეტაპზე თითო ჯგუფს მიიღებს, პლეი-ოფის ყველა შეხვედრა კი ერთ დარბაზში შედგება. შესაძლოა, გადამწყვეტი მატჩები საერთოდაც მე-5 ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართოს.

მომავალი ტურნირის მიღების შანსი გერმანიას, საფრანგეთს, საბერძნეთს, თურქეთს და რუსეთს აქვთ. ეს ქვეყნები, განსაკუთრებით კი გერმანია და საფრანგეთი, ევროპის პირველობის მასპინძლობისთვის კარგა ხანია იბრძვიან. კიდევ ერთი კანდიდატი ესპანეთი გახლდათ, თუმცა, ფიბა-ევროპაში თვლიან, რომ მოკლე დროში, პირენეელთათვის ასეთი პატივის დადება გადაჭარბებული იქნებოდა: ესპანეთი ხომ წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი გახლავთ.

თუ სად გაიმართება ევრობასკეტ-2015, აღნიშნულის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არაუგვიანეს 30 სექტემბრისა უნდა იყოს მიღებული.

0.117818