ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “ევერტონი” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის – ჯეკ როდუელის შეძენას ეცდება. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.
22 წლის ინგლისელი “ევერტონიდან” “სიტიში” 19 თვის წინათ გადაბარგდა, მაგრამ “ქალაქელთა” რიგებში თავი ვერაფრით დაიმკვიდრა. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, როდუელმა მანჩესტერელთა შემადგენლობაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. იანვარში, ლივერპულელები შუახაზელის დაბრუნებას ცდილობდნენ, მაგრამ “სიტიმ” ტრანსფერი არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, როდუელის სანაცვლოდ, “სიტიმ” “ევერტონს” 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.