მსოფლიოს ექსჩემპიონი მძიმეწონოსანი მოკრივე, ამერიკელი ევანდერ ჰოლიფილდი პროფესიულ რინგზე 2011 წლის 5 მარტს ავა. ინტერნეტ-გამოცემა ბოხინგსცენე.ცომ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 48 წლის ამერიკელის მეტოქე 45 წლის დანიელი, ბრაიან ნილსენი იქნება. დანიაში ამ ბრძოლას უდიდესი ინტერესით ელიან.
ჰოლიფილდმა უკვე არაერთხელ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება სერიოზულად დაისახა მიზნად. თავისი ბოლო შეხვედრა ამერიკელმა წლეულს, 10 აპრილს, სამხრეთაფრიკელი ფრანსუა ბოთას წინააღმდეგ ჩაატარა და ნოკაუტით გაიმარჯვა. მას შემდეგ პრომოუთერებმა ბაჰამელ შერმან უილიამსთან დაუგეგმეს შეხვედრა, მაგრამ საორგანიზაციო დეტალების მოუგვარებლობის გამო ბრძოლა 4-ჯერ გადაიდო. ბოლოს კი სულაც, ჩაიშალა.
რაც შეეხება ბრაიან ნილსენს, იგი აქტიურ კრივს ჯერ კიდევ 2002 წელს ჩამოსცილდა. დანიელი მძიმეწონოსანი ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია, პროფესიონალებში კი დასამახსოვრებელი წარმატებისთვის არასოდეს მიუღწევია. 2001 წელს ნილსენი მაიკ ტაისონს დაუპირისპირდა და ტექნიკური ნოკაუტით წააგო – მეშვიდე რაუნდის შემდეგ ბრძოლის გაგრძელება იუარა.
boxingscene.com-ის ცნობით, ნილსენს მუხლის ტრავმა აწუხებს და ამის გამო, მომავალი შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყია.







