საქართველოს სამბოს ფედერაციამ ასაკობრივი ნაკრებების მიერ ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შთამბეჭდავი შედეგი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ევროპირველობას 9-15 აპრილს ესპანეთის ქალაქმა კასერესმა უმასპინძლა და 22 ქართველი სპორტსმენიდან 19-მა მედალი მოიპოვა.
გამორჩეულად კარგად ახალგაზრდული ნაკრები გამოვიდა – ავთანდილ ცინცაძის გაწვრთნილი გუნდის ათივე წევრი ავიდა პოდიუმზე. მედლები კი ასე გადაინაწილეს - 4 ოქრო, 4 ვერცხლი, 2 ბრინჯაო. ამავე ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს სახელით ხალიჩაზე ორი გოგონაც გავიდა და ორივე ევროპის ჩემპიონი გახდა. გუნდურ ჩათვლაში ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. მირიან პავლიაშვილის გაწვრთნილი ჭაბუკთა ნაკრები კი 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილზე გავიდა.
ესპანეთმოვლილ სამბისტებს წარმატება საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა - სოსო ლიპარტელიანმა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა - ირაკლი დოლაბერიძემ მიულოცეს.
ორივემ აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებს ღირსეული ახალი თაობა ეზრდება და გასულ ჩემპიონატზე ჭაბუკი და ახალგაზრდა სპორტსმენების შედეგიანი გამოსვლა სწორედ ძირითადი გუნდის მომავალი წარმატებების საწინდარია. განსაკუთრებით კი გოგონების მიღწევები გამოარჩიეს.
შედეგები ნაკრებების მწვრთნელებმაც დადებითად შეაფასეს, თუმცა ორივემ აღნიშნა, რომ ქართველ სპორტსმენებს კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოსვლაც შეიძლებოდა.
სამბო
ევროპის ჩემპიონატი
კასერესი. ესპანეთი
9-15 აპრილი
ახალგაზრდები
სალომე აბაშიძე (56 კგ) - ოქრო
ელენე ქებაძე (+80 კგ) – ოქრო
ლერი ჭელიძე (57 კგ) - ოქრო
ლაშა პარასკებაშვილი (62 კგ) - ოქრო
მიხეილ მეზურნიშვილი (82 კგ) - ოქრო
ზაურ მამარდაშვილი (90 კგ) - ოქრო
გიორგი მელქუაშვილი (48 კგ) - ვერცხლი
ლერი ბედინაძე (52 კგ) - ვერცხლი
თორნიკე ჭოველიძე (68 კგ) - ვერცხლი
რეზო წულუკიძე (100 კგ) - ვერცხლი
ომარ ნიაზაშვილი (74 კგ) - ბრინჯაო
გიორგი ლაზუაშვილი (+100 კგ) - ბრინჯაო
ჭაბუკები
ირაკლი კუპატაძე (52 კგ) - ოქრო
გიორგი მეტრეველი (65 კგ) -ოქრო
თორნიკე მახათაძე (70 კგ) - ოქრო
ირაკლი გოგია (87 კგ) - ოქრო
კობა მჭედლიშვილი (75 კგ) - ვერცხლი
ჯაბა მუმლაძე (+87 კგ) - ვერცხლი
დავით წურწუმია (60 კგ) - ბრინჯაო
სპორტის სამინისტროს ფოტო