ესპანეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ 2012-13 წლების პრიმერა დივიზიონის საუკეთესო მოთამაშედ და თავდამსხმელად „ბარსელონას“ არგენტინელი ლეგიონერი ლეო მესი, ხოლო ყველაზე ფასეულ (სასარგებლო) ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა.
რონალდუ პირადად დაესწრო დაჯილდოების ცერემონიალს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა: „წარმატებული სეზონი მქონდა და ჯილდო ჩემთვის მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. აღიარება დამატებით სტიმულს მომცემს. უკეთ თამაში და მეტი მონდომებით ვარჯიში მმართებს. „რეალის“ მნიშვნელოვან ფიგურად ვთვლი თავს და ამ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. პრიმერა დივიზიონი პლანეტის საუკეთესო საფეხბურთო ლიგაა და ამ ტურნირზე გამოსვლით ბედნიერი ვარ. მომავალ წელს ლა ლიგას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მოსაპოვებლად ვიბრძოლებ“.
ამჯამად არგენტინაში მყოფი ლეო მესისთვის განკუთვნილი ჯილდო „ბარსელონას“ პრეზიდენტ სანდრო როსელს გადაეცა.
დანარჩენ ნომინაციებში საუკეთესოებად შემდეგი ფეხბურთელები დაასახელეს
მეკარე – ტიბო კურტუა („ატლეტიკო“)
მცველი – სერხიო რამოსი („რეალი“)
ნახევარმცველი – ასიერ ილიარამენდი („რეალი“/“სოსიედადი“)
შემტევი ნახევარმცველი – ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“)
წლის აღმოჩენა – ასიერ ილიარამენდი („რეალი“/“სოსიედადი“)
მწვრთნელი – დიეგო სიმეონე („ატლეტიკო“)
ფეარ პლეი – იკერ კასილასი („რეალი“) და ბილბაოს „ატლეტიკი“