საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ბელგიას (მათ მასპინძელ პორტუგალიას 13:11 სძლიეს) შეხვდება და თუ მთავარი პრიზი შემართა, გაისად 20-წლამდელთა მსოფლიო თასის “ალაფაზე” ჰონკონგში გაემგზავრება.
დავით ვართანიანის შეგირდებს ნახევარფინალში მძლავრი ესპანეთის გარდა რეფერის დამარცხებაც მოუხდათ. მსაჯი ხშირ შემთხვევაში უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა და ეს აშკარად ესპანელთა წისქვილზე ასხამდა წყალს, მაგრამ ქართველთა თავდადებულმა თამაშმა მისი გარჯა არაფრად ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 31:3 დაამარცხა. ეს იყო მძიმე მატჩი ძალიანი კარგი გუნდის წინააღმდეგ და ანგარიშში ასეთი სხვაობა “უმცროს ბორჯღალოსანთა” მიერ ნაჩვენები მართლაც საუცხოო თამაშის შედეგია.
დებიუტი სრულად ჩვენი ბიჭებისა იყო და მე-4 წუთზე დავით გულიტაშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო მე-13 წუთზე იგივე გულიტაშვილი თეიმურაზ თუთბერიძის მიერ ფეხით გადაკიდებულ ბურთს კარგად აყვა, მეტოქე ისე შებოჭა, რომ მას ოვალზე კონტროლი დააკარგვინა, იერიში მარჯვენა ფლანგზე გაიშალა და მურაზ გიორგაძემ ლელო გაიტანა. სამწუხაროდ, ორივე გარდასახვა არაზუსტი იყო. ესპანელებს, რომლებიც ამ ქვეყნის ნაკრების გუნდებისთვის არადამახასიათებელი ძალისმიერი სტილით თამაშობდნენ, ლელოებს შორის ჯარიმით შეეძლოთ სხვაობის შემცირება, მაგრამ პირველი დარტყმა არაზუსტი იყო.
0:10-ზე მათ უკვე ლელოზე ითამაშეს, ორჯერ შეგვიტიეს მოლით და ერთხელ ჩათვლის მოედანშიც შეაღწიეს, მაგრამ შემტევებს მცველები ჩაუწვნენ და ბურთი არ დაამიწებინეს. მსაჯმა რომ ნახა, ესპანელები ქართველებს თანასწორობაში ვერ ჯაბნიდნენ, საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ალბათ თვითონაც არ იცის რატომ, მაგრამ გიორგი ტალახაძე გაასინბინა. მიუხედავად ამისა, ქართველებმა ძალიან კარგი დაცვა ითამაშეს. ისინი სწრაფად წევდნენ ხაზს და მეტოქეს ისე ხურავდნენ, რომ გონს მოსვლასაც ვერ ახერხებდა და ამან იმუშავა კიდეც.
30-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე საბა შუბითიძემ ბრძოლით გაიკვლია გზა და ბადრი დანგაძეს ბურთი ჩათვლის მოედანში შეაყოლა, რომელსაც მანამდე თავადაც მოუხტა მბოჭავისგან თავის დაღწევა, მაგრამ რეფერიმ წინ პასი დააფიქსირა და ლელო გააუქმა. სამართალმა პური ერთ წუთში ჭამა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ბურთი მოიხელთა, სწრაფად შეუტია და იმავე დანგაძემ ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო რევაზ ჯინჭველაშვილმა გარდასახვით პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 17:3.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი იერიში წამოიწყო, ხაზი გაიჭრა, შეტევა მარჯვენა ფლანგზე გაგრძელდა და გიორგაძემ თავისი მეორე და საქართველოს ნაკრების მეოთხე ლელო გაიტანა. დაახლოებით 11 წუთში, ესპანელების უმსგავსო საქციელი და პროვოკაცია საქართველოს ნაკრებმა მორიგი ლელოთი დასაჯა და ამჯერად თავი ჟორა მღებრიშვილმა გამოიჩინა. 10 ქულას კიდევ 4 გიორგი აფციაურმა ზუსტი გარდასახვებით შემატა.
ანგარიშში არსებული სხვაობის მიუხედავად, ესპანეთმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს საკუთარი ჩათვლის მოედნის აღების საშუალება არც მაშინ მისცა, როდესაც რეფერიმ თუთბერიძე გაასინბინა და მოედანზე კაცნაკლული კიდევ ერთხელ დარჩა. “ბორჯღალოსნებმა” 31:3 იმარჯვეს. წინ ფინალია და იმედია, ტრავმები სერიოზული არ აღმოჩნდება, ბიჭები 2 ნოემბერს მოედანზე კვლავ ასეთი შემართებით გავლენ და თასს საქართველოში დააბრუნებენ, თავად კი, ერთწლიანაი შესვენების შემდეგ მსოფლიო თასის “ალაფაზე” გაემგზავრებიან.
2013 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის
პორტუგალია. ლისაბონი. 30 ოქტომბერი. თასის ნახევარფინალი
საქართველო - ესპანეთი 31:3 (17:3)
საქართველო: 15. გიორგი აფციაური (23. ირაკლი სვანიძე 51), 14. მურაზ გიორგაძე (21. ბადრი ლიპარტელიანი 49), 13. გიორგი ტალახაძე, 12. რევაზ ბროძელი, 11. დავით გულიტაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი (22. ანზორ სიჭინავა 69), 9. თეიმურაზ თუთბერიძე; 1. ზაურ ხარებავა (16. დავით ფხაკაძე 60), 2. გიორგი ტორაძე (17. ბადრი ალხაზაშვილი 64), 3. გიორგი მარგველანი (18. ბექა კაკაბაძე 49), 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. ბადრი დანგაძე (20. თორნიკე ბუბუტეიშვილი 60), 7. საბა შუბითიძე (კაპ) (19. დავით პაპავაძე 51), 8. ჟორა მღებრიშვილი.
ფინალი. 2 ნოემბერი