2013 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ვინაობას მომავალ სექტემბერს შევიტყობთ, თუმცა, უკვე ცხადია, რომ გასული ევრობასკეტის ტრიუმფატორი ხუან კარლოს ნავარო ტიტულს ვერ შეინარჩუნებს. ესპანეთის ნაკრების ლიდერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის პირველობაზე თამაშს არ აპირებს.
“ერთადერთი, რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ ამ ზაფხულს ნაკრებისგან დასვენებას ვაპირებ”, - განაცხადა 33 წლის ნავარომ ეროვნული ჩემპიონატის ფინალური სერიის დასრულების შემდეგ. “ახლა, არაფერზე ფიქრს არ ვაპირებ. მხოლოდ დასვენების დროა. ადრეც განვაცხადე, რომ ჩემთვის და გუნდისთვისაც ძალიან დამღლელი სეზონი იყო. ძალების აღდგენა მჭირდება, რათა მომავალ ბატალიებს სრულ მზადფყოფნაში შევხვდე”.
ცნობისთვის, ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ნავაროს “ბარსელონა” მარადიულ მეტოქე “რეალს” დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. თავად ხუან კარლოსმა მე-4 შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღო და მისი გადამწყვეტ მატჩში მოედანზე გასვლას აღარავინ ელოდა.
ამ ფონზე, ნავაროს სასტარტო ხუთეულში გამოჩენა დიდი მოულოდნელობა გახლდათ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს სწორი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ესპანელმა კალათბურთელმა სათადარიგოთა სკამზე უკვე პირველივე მეოთხედში გადაინაცვლა და მართალია, მოგვიანებით მოედანს ისევ დაუბრუნდა, კატალონიელებს ვერაფრით დაეხმარა – 8 წუთის განმავლობაში ქულაც კი არ ჩაუგდია.
აღსანიშნავია, რომ ნავარომ სეზონის განმავლობაში ტკივილგამაყუჩებლებით არაერთი მატჩი ჩაატარა და ჯერ კიდევ გასულ ზამთარს განაცხადა, ევროპის ჩემპიონატზე წასვლა-არწასვლა ჩემს ფიზიკურ კონდიციებზე იქნება დამოკიდებულიო. არადა, ეროვნულ გუნდში ჩატარებული სეზონების მიხედვით, ხუან კარლოსი ერთ-ერთი რეკორდსმენი გახლდათ – იგი ნაკრებს ზედიზედ 16 ზაფხულის განმავლობაში ეხმარებოდა.
ნავარომ ქვეყნის ღირსების დაცვა ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო, როდესაც ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, 2000 წელს კი სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე უკვე ეროვნული გუნდის წევრი გახლდათ.
“ბარსელონას” უკანახაზელს ნაკრების მაისურით ევრობასკეტის ოქრო ორჯერ აქვს მოგებული, ვერცხლის მედალიც ამდენჯერვე მოუპოვებია, ერთხელაც კი ბრინჯაოსმედალოსანი გახდა. ამას გარდა, ნავაროს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული, 2008 და 2012 წლების ოლიმპიადებზე კი ვერცხლს დასჯერდა.
გასულ ევროპის ჩემპიონატზე ნავარომ ფენომენალური მატჩები ჩაატარა და MVP-ს ტიტულის მფლობელი სრულიად დამსახურებულად გახდა. ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე მან 11 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ გატარებულ 27.1 წუთში საშუალოდ 18.7 ქულას, 3.0 პასს და 1.5 მოხსნას აგროვებდა.
აღსანიშნავია, რომ ნავარო ესპანეთის ნაკრების უკვე მე-3 წამყვანი კალათბურთელია, რომელმაც სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარი განაცხადა. აქამდე იგივე “ლოს ანჟელეს ლეიკერსის” და “
შეგახსენებთ, რომ მომავალ ევრობასკეტზე საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები ცელიეში გამწესებულ C გუფში მოხვდნენ, სადაც მათ გარდა სლოვენიის, ხორვატიის, პოლონეთის და ჩეხეთის გუნდებიც ითამაშებენ. ქართულ-ესპანური დაპირისპირება პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით დღეს, 9 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი.