გასული უქმეების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მადრიდული დერბი იყო, რომელშიც „ატლეტიკომ“ „რეალი“ კვლავ დაამარცხა. დიეგო სიმეონეს გუნდმა, ლა ლიგაში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული თამაში ზედიზედ მეორედ მოიგო, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა. „ატლეტიკო“ „ბილბაოს“, „ბეტისს“, „მალიორსკას“, „სელტასა“ და „ბარსელონას“ შეუერთდა, რომლებსაც „რეალი“ სტუმრად ზედიზედ 2-ჯერ ჰყავთ დამარცხებული.
პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც „რეალმა“, რომლის კარსაც იკერ კასილიასი იცავდა, „ატლეტიკოსთან“ ლა ლიგის მატჩი წააგო.
ესპანეთის ჩემპიონატის 3 ტურის შემდეგ, „რეალს“ უკვე 6 გოლი აქვს გაშვებული. ასეთი რამ 1995 წლის შემდეგ პირველად მოხდა, ხოლო 1988-89 წლების სეზონი ჯერჯერობით ერთადერთია, როდესაც „სამეფო კლუბმა“, ასეთი ცუდი სტარტის მიუხედავად, ჩემპიონატის მოგება მოახერხა.
„ატლეტიკოსთან“ მარცხი „რეალისთვის“, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, უკვე მეორეა. არადა, ჯერ მხოლოდ 3 ტურია გასული. მადრიდელებმა საწყისი 3 ტურიდან ორის წაგება მეთორმეტედ მოახერხეს. უკანასკნელად ასეთი შემთხვევა 9 წლის წინათ იყო დაფიქსირებული. წინა 11 შემთხვევიდან „რეალმა“ ჩემპიონობა ვერცერთხელ იზეიმა. პირველ 3 ტურში 2-ჯერ წაგების შემდეგ პრიმერა დივიზიონი მხოლოდ „ბარსელონას“, „ბილბაოსა“ და „ვალენსიას“ მოუგიათ.
„რეალი“ კი აგებს, მაგრამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გოლების გატანას განაგრძობს გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელმა, ლა ლიგის საშინაო მატჩში ზედიზედ მე-12 შეხვედრაში გაიტანა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მარიანო მარტინს, ტელმო სარას, სესარსა და ლეო მესის ჰქონიათ.
რონალდუმ გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. მან „ატლეტიკოს“ მე-7 პენალტი გაუტანა. ასეთი შედეგი პორტუგალიელს არცერთი გუნდის წინააღმდეგ არ აქვს.
„რეალის“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ხავიერ ერნანდესს. მექსიკელ თავდამსხმელს აქამდე 4 გუნდში უთამაშია - „ჩივასში“, „მანჩესტერში“, მექსიკის 20-წლამდელთა ნაკრებსა და მექსიკის ეროვნულ ნაკრებში. პირველ სამ გუნდში სადებიუტო მატჩში ჩიჩარიტო შეცვლაზე შევიდა და სამივეჯერ თავი გოლით გაიტანა. მექსიკის ეროვნულ ნაკრებში კი მან თავი საგოლე გადაცემით გამოიჩნა. რაც შეეხება „რეალს“ - ამ გუნდში ჩიჩარიტოს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა.
„რეალისგან“ განსხვავებით, წარმატებით თამაშს განგრძობს მისი უმთავრესი კონკურენტი „ბარსელონა“. კატალონიელებმა მე-3 თამაშიც მოიგეს და კვლავ მშრალად. „ბარსა“ გასულ შაბათამდე ევროპის წამყვანი ჩემპიონატების ერთადერთი გუნდი იყო, რომლის კარში მეტოქეებს ზუსტად არ დაერტყათ. ეს სერია „ბილბაოსთან“ მატჩში შეწყდა - 208-წუთიანი უქმობის შემდეგ, კლაუდიო ბრავო საქმეში ანდერ იტურასპეს დარტყმის შემდეგ ჩაერთო.
„ბარსამ“ „ბილბაო“ ნეიმარის დუბლით დაამარცხა. ბრაზილიელს 2 საგოლე გადაცემა ლეო მესიმ გაუკეთა ნეიმარს, აქამდე, ლა ლიგაში 9 გოლი ჰქონდა გატანილი და არცერთი მათგანი მესის პასით.
„ბილბაოსთან“ მოგების შემდეგ „ბარსამ“ ლიდერობა კიდევ მინიმუმ ერთი კვირით გაიხანგრძლივა, რაც კატალონიელთათვის სიახლე ნამდვილად არაა. ლა ლიგის უკანასკნელი 79 ტურიდან 61 სწორედ „ბარსას“ ლიდერობით დასრულდა.
ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე მებრძოლი გუნდის წოდებას ნამდვილად იმსახურებს „რეალ სოსიედადი“. სან სებასტიანელებმა ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ზედიზედ ორ ტურში მოახერხეს. ესპანურ ფეხბურთში ასეთი რამ უკანასკნელად 2004 წელს მოხდა და ეს მაშინაც „სოსიედადმა“ შეძლო.
კუთხურების სიმრავლით გამოირჩეოდა „მალაგასა“ და „ლევანტეს“ დაპირისპირება. მასპინძლებმა 20 კუთხური მოაწოდეს, რაც ესპანურ ფეხბურთში 2005-06 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.
როგორც იქნა, მოგება მოახერხა „მანჩესტერ იუნაიტედმა“. ლუი ვან გაალის გუნდისა და „ქუინს პარკ რეინჯერსის“ დაპირისპირებაში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლები გაიტანეს ანხელ დი მარიამ და ანდერ ერერამ. არგენტინელმა შემტევმა საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, რაც მას „რეალში“ გატარებული 4 წლის განმავლობაში არასდროს გაუკეთებია.
ანდერ ერერას გარდა, გოლი კიდევ ერთმა ესპანელმა, ხუან მატამაც გაიტანა. მან, „მანჩესტერის“ მაისურით ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში თავი მერვედ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერის“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ორმა ესპანელმა გოლი ერთ მატჩში გაიტანა.
პრემიერლიგაში თავისი 175-ე გოლი გაიტანა უეინ რუნიმ, რომელიც ტიერი ანრის გაუთანაბრდა. მათზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ალან შირერსა (260 გოლი) და ენდი კოულს (189) აქვთ.
„წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა რადამელ ფალკაოს, რომელიც „მანჩესტერის“ ისტორიაში პირველი კოლუმბიელი ფეხბურთელია.
ლუი ვან გაალის გუნდის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი პასის სიზუსტეა. მანჩესტერელთა მიერ გაკეთებული გადაცემების 91% ზუსტი გამოდგა, რაც პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მაჩვენებელია.
თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშა რიო ფერდინანდმა. „ქუინს პარკ რეინჯერსის“ ვეტერანი მცველი „ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ ბოლო 23 თამაშში არცერთხელ დაჯარიმებულა.
კვლავ ასპროცენტიანი შედეგი აქვს „ჩელსის“, რაშიც ძალიან დიდი წვლილი ესპანელ ახალწვეულებს, დიეგო კოსტასა და სესკ ფაბრეგასს მიუძღვით. კოსტა პრემიერლიგის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც თავის პირველ 4 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა.
ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდი დაამყარა ფაბრეგასმაც. ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საგოლე გადაცემა პრემიერლიგის ზედიზედ 6 თამაშში გააკეთა. „ჩელსის“ მაისურით გამართულ 4 თამაშში ესპანელმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს 6-ჯერ გაატანინა. მთელს გასულ სეზონში, „ჩელსის“ ფეხბურთელებიდან, ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ედენ აზარს (7 საგოლე გადაცემა) ჰქონდა.
„ჩელსის“ ფეხბურთელთაგან გოლი გაიტანა ჯონ ტერიმაც, მაგრამ საკუთარ კარში. 33 წლის მცველის ანგარიშზე პრემიერლიგაში გატანილი 3 ავტოგოლია. ამაზე ცუდი მაჩვენებლი „ჩელსის“ ისტორიაში არავის ჰქონია.
ზედიზედ მე-3 ფრე ითამაშა „არსენალმა“. ლონდონელთა მცველები მე-2 სართულზე ორთაბრძოლების დროს ნამდვილად ვერ ბრწყინავენ. არსენ ვენგერის გუნდმა, 4 მატჩში 6 გოლი გაუშვა და აქედან 4 თავური დარტყმის შემდეგ.
„ევერტონის“ ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ინგლისში უკვე მე-4 წელია თამაშობს, მაგრამ თავისის მესაკუთრე გუნდის მაისურით პირველი გოლის გატანა მან მხოლოდ ახლა მოახერხა. 21 წლის ფეხბურთელს, გასულ წლებში, „ვესტ ბრომვიჩისა“ და „ევერტონის“ მაისურით, 33 გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ ის ორივე გუნდში განათხოვრებული იყო, „ჩელსის“ მაისურით კი მას არასდროს გაუტანია.
საინტერესო შედეგი აქვს „ასტონ ვილას“, რომელიც მე-2 ადგილს იკავებს. ბირმინგემელებმა, 4 მატჩში, იმაზე მეტი ქულა მოაგროვეს, ვიდრე კარში ზუსტად დარტყმა მოახერხეს. მათ ანგარიშზე 6 ზუსტი დარტყმა და 10 ქულაა.
სერია A-ში, „სასუოლოსთან“ გალაღება „ინტერს“ ტრადიციად ექცა. წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში, მილანელებმა ემილია-რომანული გუნდი 7-ბურთიანი სხვაობით 2-ჯერ დაამარცხეს. ასეთი რამ იტალიურ ფეხბურთში აქამდე არასდროს მომხდარა.
„ნაპოლისა“ და „კიევოს“ შორის გამართულ შეხვედრაში, მასპინძლებმა კარში 33-ჯერ დაარტყეს. ნეაპოლელებს ასეთი რამ 2004-05 წლების სეზონის შემდეგ არ გაუკეთებიათ. ამის მიუხედავად, რაფაელ ბენიტესის გუნდი უქულოდ დარჩა.
„ნაპოლის“ წაგების ერთ-ერთი მიზეზი გონსალო იგუაინის მიერ თერთმეტმეტრიანის გაფუჭებაა. ნეაპოლელებმა, სერია A-ს ბოლო 5 გათამაშებაში, უკვე მე-15 პენალტი ვერ გამოიყენეს. დროის ამ მონაკვეთში, არცერთ სხვა გუნდს 8 თერთმეტმეტრიანზე მეტი არ გაუფუჭებია.
გერმანიის ჩემპიონატს ტრადიციულად ცუდად იწყებს „ჰამბურგი“. ამ გუნდს პირველ სამ ტურში მოგება არ აქვს, რაც ზედიზედ მეოთხედ მოხდა.
მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო „შალკემაც“, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატსა და თასზე გამართული 4 თამაშიდან ვერცერთი მოიგო. ასეთი ცუდი სტარტი გელზენკირხენელებს ბოლო 46 წლის განმავლობაში პირველად აქვთ.
„აუგსბურგის“ 30 წლის ნახევარმცველს, დანიელ ბაიერს შეახსენეს, თუ რას ნიშნავს საკუთარი გუნდის თამაშის სათადარიგოთა სკამიდან ყურება. 2013 წლის მარტიდან მოყოლებული, ბაიერმა ბუნდესლიგის ზედიზედ 45 ტურში შეუცვლელად ითამაშა. 4225 წუთის შემდეგ, ის „აინტრახტთან“ გამართულ შეხვედრაში შეცვალეს.
ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშება ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ბურთის ფლობაში უპირატესობა წარმატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ერედივიზიონში, ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით საუკეთესო ოთხ გუნდს („ვიტესი“, „ფეიენორდი“, „უტრეხტი“, „დორდრეხტი“) კარგი შედეგები ნამდვილად არ აქვს. ოთხივე მათგანი ცხრილის ქვედა ნაწილშია. პირველ ორ ადგილზე მყოფი გუნდის საშუალო მაჩვენებელი კი 50%-ზე დაბალია.
ერედივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი „ზვოლეა“, რომელმაც სეზონის სტარტზე ზედიზედ 3 საშინაო თამაშის მოგება ისტორიაში პირველად მოახერხა. რონ იანსის გუნდის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი კარგი შორეული დარტყმებია. მიმდინარე გათამაშებაში გატანილი 10 გოლიდან 5 საჯარიმოს გარედან დარტყმით გავიდა.