ჩოგბურთი

20:09 | 29.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი ფინალისტები მესამე წრეში

 საფრანგეთის ღია პირველობის შარშანდელმა ფინალისტებმა რაფა ნადალმა და დავიდ ფერერმა წლევანდელი ტურნირის მესამე წრეში სამსეტიანი, ერთნაირი ანგარიშით მოგებებით გააღწიეს. “როლან გაროსის” 2013 წლის ტრიუმფატორმა ნადალმა 20 წლის ავსტრიელ დომინიკ ტიმს 6:2, 6:2, 6:3 მოუგო და მერვედფინალში გასასვლელად არგენტინელ ლეონარდო მაიერს შეხვდება.

რაფასა და დომინიკის მატჩმა 2 საათსა და 7 წუთს გასტანა. ნადალმა 7 ბრეიკი შეასრულა და ავსტრიელთან პირველი შეხვედრა დამაჯერებელი მოგებით დაასრულა.

“ჩემი დღევანდელი მეტოქე დღითიდღე უმატებს. ტიმს ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჩოგბურთელად რომ ჩამოყალიბდეს. მიუხედავად სამსეტიანი გამარჯვებისა, დომინიკი ღირსეული მოწინააღმდეგე იყო”, - განაცხადა რაფამ მესამე წრეში გასვლის შემდეგ.

“როლან გაროსის” შარშანდელმა ფინალისტმა დავიდ ფერერმა კი 6:2, 6:3, 6:2 სძლია იტალიელ სიმონე ბოლელის, თუმცა რეიტინგსიის მეხუთე ნომერი მაინც უკმაყოფილო დარჩა: “შედეგის მიუხედავად, რთული მატჩი გამოვიდა. თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. ახლა უმთავრესი ამოცანა დამაჯერებლობის მიღწევაა, ბურთის გათამაშებებისას კი მეტი აგრესიულობაა საჭირო. ჯერჯერობით მაყურებელს კარგ თამაშს ვერ ვუჩვენებ”. მერვედფინალში გასაღწევად ფერერი კიდევ ერთ აპენინელს, ანდრეას სეპის დაუპირისპირდება.

მესამე წრეში გავიდა შოტლანდიელი ენდი მარეი. ბრიტანელმა ავსტრალიელ მარინკო მატოშევიჩს 2 საათში 6:3, 6:1, 6:3 მოუგო. ენდის შემდეგი ოპონენტი გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერია.

0.122239