ფეხბურთი

15:25 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეს ნორმალურია? 16-გუნდიანობასა და სტადიონზე სკანდირებაზე...

 

სჯობს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 16-გუნდიანი გახდესო – ბოლო პერიოდში ეს აზრი არაერთი ადამიანისგან მოვისმინეთ. პირველად, ეს ინიციატივა წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა მურთაზ ხურცილავამ გააჟღერა და რა თქმა უნდა, დაინტერესებულნი არიან ის კლუბებიც, რომლებიც უმაღლესიდან გავარდნის პირას არიან, ან პირველ ლიგაში ლიდერთა პოზიციებზე იმყოფებიან.

თუმცა, საქმისთვის როგორ სჯობს? ჯერ 12-გუნდიანი როგორ ტარდება – იყო ტური, როცა ექვსი მატჩიდან, არცერთ “მასპინძელს” საკუთარ მოედანზე არ უთამაშია. 5 შემთხვევა იყო ისეთი, როცა ექვსიდან ხუთი შეხვედრა გაიმართა ნეიტრალურზე. პირველი ლიგის არაერთი კლუბის მოედანი, უბრალოდ, კატასტროფულ მდგომარეობაშია და როგორ, რა პრინციპით უნდა იყოს 16 გუნდი უმაღლესში? რომ იყოს კარგი მოედნები და მოწესრიგებული კლუბები, რა სჯობს გეოგრაფიის გაზრდას, მაგრამ არაა და საკუთარი თავი მოვიტყუოთ?

“ზესტაფონმა” “მსოფლიო სპორტთან” დააფიქსირა თავისი აზრი ამ საკითხზე. კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძე:

“ზოგჯერ წარმოუდგნლად ცუდი მოედანი გვხვდება გასვლით მატჩებში. მაგალითად, დუბლების ჩემპიონატის მატჩი ბოლნისში ისეთ მინდორზე ვითამაშეთ, კომენტარიც ზედმეტია. უმაღლესში გუნდების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, უგულვებელყოფილი იქნება ლიცენზირების სისტემა და ეს დაუშვებელი უნდა იყოს. 12-გუნდიანი ვერაა გამართული და 16-გუნდიანი ხომ უფრო მეტ პრობლემას მოიტანს. შემიძლია საჯაროდ დავაფიქსირო საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პოზიცია: ხსენებულ სიტუაციაში ჩვენ კატეგორიელად ვეწინააღმდეგებით უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების რაოდენობის გაზრდის საკითხს”.

სხვათა შორის, “ზესტაფონი” გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. კერძოდ, სხდომაზე სადისციპლინო კოდექსში შეიტანეს ასეთი ცვლილება: სტადიონზე ღირსების შეურაცხმყოფელი სკანდირებისთვის, სასჯელი 1000 ლარის ნაცვლად, 5000 ლარი გახდა, ხოლო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია 10000 ლარი იქნება.

“ყოვლად გაუგებარი გადაწყვეტილებაა. ასეთი რამ საერთოდ ვის მოუვიდა თავში აზრად? სტადიონი გულშემატკივრების თავშეყრის ადგილია და იქ ვერ გააკონტროლებ, ვინ როგორ გამოხატავს თავის სათქმელს. ან, კითხვა ჩნდება, ვინ უნდა იყოს მაგის შემფასებელი? ხომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ სტუმარმა გუნდმა ან სულაც ნეიტრალურმა კლუბმა შეაგზავნოს სტადიონზე ადამიანი, რომელიც გინებას დაიწყებს, ამის გამო კი მასპინძელი რატომ უნდა დაზარალდეს? გულშემატკივარი ემოციურია და რამის სკანდირება სულაც არ ნიშნავს კრიმინალს. მივიჩნევ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ისედაც პრობლემად ქცეულ სტადიონებზე დასწრების საქმეს. ისე, ძალიან საინტერესოა, თუ რა გამოხმაურება მოჰყვებოდა მსგავს გადაწყვეტილებას ინგლისში ან იტალიაში”.

ისე, ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა, სტადიონზე გინება სხვა მიმართვებით შეიცვლებაო – მაგალითად, “შე მიწადასაყრელო”, “შენ მეისპე”, “შენ არ მისულხარ შინ ცოცხალი”...

0.147012