სტატიები

10:25 | 18.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ერთიც და ქეცბაია ისტორიაში შევა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გასულ კვირაში კიდევ ერთი ოფიციალური შეხვედრა გამართა და შესაბამისად შეიცვალა “ჯვაროსანთა” სტატისტიკური მაჩვენებლები. 12 ოქტომბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ნათამაშები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი (1:1) ქართველებისთვის 158-ე იყო. სრული ბალანსი ასე გამოიყურება - 45 მოგება, 33 ფრე, 80 წაგება, გატანილ-გაშვებული გოლების სხვაობა 184:241.
უშუალოდ ლატვიელებთან შეხვედრათა მონაცემებს თუ დავთვლით, აქ სრული თანაფარდობაა - 6 მატჩი, 2-2 მოგება, ფრე და წაგება (ბურთები 9:9). გასულ ურთიერთდაპირისპირებებში ყველაზე ხშირად - 5-5-ჯერ აქვთ ნათამაშები 39 წლის ლატვიელ ვიტალი ასტაფიევსს და ქართველ კახა კალაძეს. აქვე შეგახსენებთ, რომ იტალიის “ჯენოას” მცველისთვის ეს 41-ე სანაკრებო შეხვედრა იყო, როცა იგი კაპიტნის რანგში გაუძღვა გუნდს. ცნობისთვის, ქართველებიდან კაპიტნის სამკლავურით მისი სანაკრებო კარიერის განმავლობაში კალაძეზე მეტი მატჩი გიორგი ნემსაძეს აქვს ჩატარებული. ამ უკანასკნელმა 1992-2004 წლებში, “ჯვაროსანთა” ღირსება სულ 68-ჯერ დაიცვა, რომელთაგან 42 შეხვედრაში კაპიტანი იყო.
ნაკრების ამჟამინდელი კაპიტნის მსგავსად, ერთი მატჩი დარჩა რეკორდის გასამეორებლად “ჯვაროსნების” თავკაც თემურ ქეცბაიას. თუმცა, კალაძისაგან განსხვავებით, მას მეტად გაუჭირდება ამის გაკეთება. შეგახსენებთ, რომ ქეცბაია ეროვნულ გუნდს სათავეში გასულ ზამთარში ჩაუდგა. მას შემდეგ ნაკრებმა 7 შეხვედრა გამართა და ყველა წაუგებლად - 2 მოგება, 5 ფრე, გოლები 5:3. ახლანდელ მთავარ მწვრთნელს ჯერ პოსტზე მუშაობის ერთი წელიწადი არ შესრულებია და საქართველოს ნაკრების გამწვრთნელ სპეციალისტთა შორის ერთი რეკორდის მფლობელია. 8 ოქტომბრამდე, ეროვნული გუნდის ზედიზედ ყველაზე მეტჯერ წაუგებლად გამწვრთნელი, ქეცბაიასთან ერთად, ვლადიმერ გუცაევი იყო. ამ უკანასკნელის თავკაცობით, ქვეყნის პირველმა ნაკრებმა 1998 წლის 6 თებერვლიდან 30 მაისის ჩათვლით, ზედიზედ ხუთჯერ არ წააგო. ეს მაჩვენებელი - ერთი მწვრთნელის ხელში ნაკრების ზედიზედ წაუგებლად ჩატარებული მატჩების რაოდენობა, უკვე 7-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ქეცბაიას მიერ გადასალახავ ახალ ბარიერს, იგი ეროვნული გუნდის მიერ გამართული ზედიზედ წაუგებელი მატჩების რაოდენობაა (8). “ჯვაროსნებმა”, დავით ყიფიანის მეთაურობით, 1997 წლის 14 ივნისს პოლონეთში, კატოვიცეს “გკს”-ზე, იქაურ ნაკრებთან ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი 1:4 წააგეს. მას შემდეგ, ყიფიანმა ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი, პოსტიდან პირველ გადადგომამდე, 3-ჯერ გაიყვანა მინდორზე და ყოველთვის წაუგებლად (ფრე და 2 მოგება). მისგან, იმ წლის ზამთარში, ესტაფეტა გუცაევმა ჩაიბარა და მის ხელში ნაკრები 1998 წლის 12 აგვისტომდე კვლავ დაუმარცხებელი იყო (3 მოგება, 2 ფრე).    
ახლა კი, იმ 14 ფეხბურთელის სანაკრებო სტატისტიკას შემოგთავაზებთ, რომლებსაც თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით ლატვიასთან მინდორზე გასვლის საშუალება მიეცათ:
ნუკრი რევიშვილი (“ანჟი”, რუსეთი) - 23 წლის, 13 მატჩი, 13 გაშვებული გოლი (7 “მშრალი” მატჩი), 2 გაფრთხილება;
კახა კალაძე (“ჯენოა”, იტალია) - 32 წლის, 73 მატჩი, 1 გატანილი გოლი, 12 გაფრთხილება, 2 გაძევება;
უჩა ლობჟანიძე (“დნიპრო”, უკრაინა) - 23, 19-0-9+1
მალხაზ ასათიანი (“ლოკომოტივი”, რუსეთი) - 29, 42-4-4;
ალექსანდრე ამისულაშვილი (“კაისერისპორი”, თურქეთი) - 28, 16-1-0;
მურთაზ დაუშვილი (“ზესტაფონი”, საქართველო) - 21, 5-0-0;
ჯანო ანანიძე (“სპარტაკი” მოსკოვი, რუსეთი) - 18, 6-0-0;
დავით კვირკველია (“რუბინი”, რუსეთი) - 30, 40-0-5;
ალექსანდრე იაშვილი (“კარლსრუე”, გერმანია) - 32, 61-14-5;
ლევან კობიაშვილი (“ჰერტა”, გერმანია) - 33, 92-11-20;
დავით სირაძე (“სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი) - 28, 23-7-3;
ლაშა სალუქვაძე (“რუბინი”, რუსეთი) - 28, 32-1-3;
გოგიტა გოგუა (“სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი) - 27, 25-1-12+2;
ალექსანდრე კოშკაძე (“დინამო”, საქართველო) - 28, 2-0-0.

ფრიდონ კერვალიშვილი


 

0.111044