საქართველოს ძიუდოისტთა ათკაციანმა ნაკრებმა ბაქოს მსოფლიოს თასზე ერთადერთი მედალი მოიპოვა. ორდღიანი ტურნირის მეორე დღეს, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
გასაჩემპიონებლად ჟორჟოლიანს ოთხი მეტოქის ძლევა ეყო. შეჯიბრებაში პირდაპირ მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და პირველი გამარჯვება აზერბაიჯანელ რაფაელ შაჰვერდიევთან მოიპოვა. შემდეგ ახალზელანდიელი ჯეისონ კოსტერი და რუსი ასხაბ კოსტოევიც ჩამოიშორა გზიდან. ფინალში კი ირანელ ჯავად მაჰჯოუბს აჯობა და ოქროს მედალთან ერთად 100 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა.
დღესვე მედლები 81, 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა. 81 კილოგრამში ტატამზე პაატა ღვინიაშვილი და შოთა ჯავახაძე გავიდნენ, 90-ში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა, ხოლო მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილმა იჭიდავა.
ჯავახაძემ პირველსავე წრეში წააგო აზერბაიჯანელ ტურალ საფგულიევთან. ღვინიაშვილმა პირველი ბარიერი – ყაზახი ფარხად რუზუკულოვი კი გადალახა, მაგრამ მერვედფინალში, მომავალ ჩემპიონთან, რუს არსენ პშმახოვთან ვეღარას გახდა და ოქრო-ვერცხლთან ერთად ბრინჯაოს შანსიც უმალ დაკარგა. ოქრუაშვილი კი რეპეშაჟამდეც მივიდა, მაგრამ საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. ქართველი მძიმეწონოსანი ძირითად ბადეს მეოთხედფინალიდან რუსმა სოსლან ბოსტანოვმა გამოთიშა, ხოლო “ბრინჯაოს ფინალში” კიდევ ერთ რუსთან, ასლან კამბიევთან წააგო. ამ ორი მარცხის გარდა, ოქრუაშვილმა აზერბაიჯანში ორი შეხვედრის მოგებაც მოასწრო – მერვედფინალში აზერბაიჯანელ ანდრეი ფატიევთან და რეპეშაჟის ნახევარფინალში ბრიტანელ კრის შერინგტონთან.
ძიუდო
მსოფლიოს თასი
ბაქო
9 ოქტომბერი
81 კგ
1 არსენ პშმახოვი (რუსეთი)
2 მატეო მარკონჩინი (იტალია)
3 ანტონიო ჩიანო (იტალია)
3 კონსტანტინს ოვჩინიკოვსი (ლატვია)
90 კგ
1 დმიტრი გერასიმენკო (სერბეთი)
2 მურატ გასიევი (რუსეთი)
3 ჰეშამ მესბაჰი (ეგვიპტე)
3 ქუეჯაუ ნჰაბალი (უკრაინა)
100 კგ
1 ლევან ჟორჟოლიანი (საქართველო)
2 ჯავად მაჰჯოუბი (ირანი)
3 არტემ ბლოშენკო (უკრაინა)
3 ასხაბ კოსტოევი (რუსეთი)
+100 კგ
1 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)
2 ფაიკალ ჯაბალაჰი (ტუნისი)
3 სოსლან ბოსტანოვი (რუსეთი)
3 ასლან კამბიევი (რუსეთი)
5 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
გუნდური ჩათვლა
| 1 | აზერბაიჯანი | 2 | 1 | 1 | 2 | 2 |
| 2 | რუსეთი | 1 | 1 | 4 | 2 | 0 |
| 3 | ეგვიპტე | 1 | 0 | 1 | 0 | 0 |
| 3 | მოლდოვა | 1 | 0 | 1 | 0 | 0 |
| 5 | საქართველო | 1 | 0 | 0 | 3 | 0 |
| 6 | სერბეთი | 1 | 0 | 0 | 0 | 0 |
| 7 | თურქეთი | 0 | 2 | 0 | 1 | 3 |
| 8 | იტალია | 0 | 1 | 3 | 0 | 0 |
| 9 | ირანი | 0 | 1 | 0 | 3 | 1 |
| 10 | ტუნისი | 0 | 1 | 0 | 0 | 0 |
ოთარ მაღლაკელიძე







