სხვა

16:17 | 18.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ნაბიჯი ელიტამდე

გაგამარუს შიკონათი ცნობილმა 23 წლის ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა ტოკიოს ბაშოზე მე-7 გამარჯვება იზეიმა და დადებით ბალანსამდე (კაჩი-კოში) ერთადერთი მოგებაღა აშორებს. ეს კი იმის ნიშანია, რომ თითქმის ასპროცენტიანი გარანტიით, მომავალი ტურნირიდან ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში სამ ქართველ სეკიტორს ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ 202-კილოგრამიანი გაგამარუ რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონის პირველ ნომრადაა განთესილი და მაისის ბაშოზე ერთ-ერთ ფავორიტადაც მიიჩნეოდა, რასაც სრულად ამართლებს.
ჯუღელის მორიგი “მსხვერპლი” მე-8 რეიტინგის მქონე დაიდო გახდა, რომელსაც თეიმურაზთან შერკინებამდე ორადორი ბრძოლა ჰქონდა წაგებული. გაგამარუმ მეტოქეს იორიკირით სძლია და 3 წაგების ფონზე მე-7 გამარჯვება მიითვალა. ახლა, ქართველი ლიდერებს – იმავე დაიდოს, მაცუტანისა და კიოსეუმის ერთადერთი მოგებითღა ჩამორჩება.
მომდევნო შეხვედრას გაგამარუ მაკუუჩი დივიზიონში გამართავს, რაც მაისის ბაშოზე უკვე მესამედ ხდება. წინა ორ შემთხვევაში, ჯუღელი დოჰიოს გამარჯვებული ტოვებდა და იმედია, თავს კიდევ ერთხელ გამოიჩენს. ამჯერად, ლევანი ძალებს დასავლეთის მე-14 მაეგაშირა ჰოკუტორიკისთან გამართავს, რომელსაც თანაბარი ბალანსი (5 მოგება, 5 მარცხი) გააჩნია.
წარუმატებელი დღე ჰქონდათ მაკუუჩის “ნამდვილ” წევრებს ტოჩინოშინისა და კოკაის. “რიოგოკუ კოკუგიკანში” ოთხი ოძეკის დამმარცხებელმა ლევან გორგაძემ ბოლო ხუთი შერკინებიდან ოთხი წააგო და თანაბარ ბალანსზე გავიდა. დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე 22 წლის ქართველი კომუსუბი კოტოშოგიკუსთან უჩვეულოდ ინერტულად გამოიყურებოდა და მეტოქის გაბური-იორი “გაატარა”, შედეგად კი, იორიკირით წააგო.
ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე სეკივაკე ამინიშიკი იქნება, რომელსაც 10-დან 7 შერკინება წაგებული აქვს. გასულ წელს ქართველმა იაპონელთან ორჯერ წაიფორხილა, წლეულს მარტში კი მეტოქე ჰიკიოტოშით დაამარცხა.
უარყოფითი ბალანსი ანუ მაკე-კოში ნაადრევად გაიფორმა ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ. დასავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულის მქონე კოკაი ნაცუ ბაშოს ცუდ ფორმაში შეხვდა და გასული 10 დღის განმავლობაში მხოლოდ ორ ბრძოლაში იმარჯვა.
დღეს “შავი ზღვა” მე-3 მაეგაშირა კაკურიუს გადაეყარა და ოშიდაშით დამარცხდა. კოკაის წოდებაში დაქვეითება არ ასცდება, მაგრამ, ახლა იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ეს ვარდნა რაც შეიძლება “მსუბუქი” იყოს, ამისთვის კი, დარჩენილ შეხვედრებში ყოჩაღობაა საჭირო. ცაგურიას შემდეგი მოწინააღმდეგე მე-9 მაეგაშირა გოეიდო იქნება, რომელსაც თანაბარი ბალანსი აქვს და ჩვენებურთან არაფერს დათმობს.
მე-14 “იმპერატორის თასს” კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა 69-ე იოკოძუნა ჰაკუჰო. “თეთრ ფენიქსად” წოდებულმა მონღოლმა გოლიათმა ზედიზედ მე-10 გამარჯვება სეკივაკე კისენოსატოსთან იზეიმა და ვინაიდან ესტონელი ბარუტო ოძეკთა ჯახში ბულგარელ კოტოოშუსთან დამარცხდა, ბალტიისპირელი უკან უკვე ორი მოგებით მოიტოვა.
ხვალ, ყველაზე საინტერესო დღის ბოლო ორი დაპირისპირება იქნება. ჰაკუჰო ოძეკი კაიოს შეერკინება, ბარუტოს კი ძალებს ასევე ოძეკ ჰარუმაფუჯისთან მოსინჯავს. ტოკიოს ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 23 მაისს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097248