თეირანი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს თასს მასპინძლობს. პრესტიჟულ გუნდურ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს, ოღონდ გადახალისებული შემადგენლობით. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რევაზ მინდორაშვილის გადაწყვეტილებით, შვიდივე წონითი კატეგორიის უმთავრესი კანდიდატები ბორჯომში გადიან ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას. ირანში კი გუნდი ალექსანდრე კახნიაშვილმა იახლა.
ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეხვედრით გახსნეს და 2:5 დამარცხდნენ. გუნდს ქულები მალხაზ ქურდიანმა (60 კგ) და თედორე ებანოიძემ (96 კგ) მოუტანეს. ქურდიანმა ოლიმპიურ პრიზიორ სკოტ კოლემანს მოუგო, ხოლო ებანოიძემ – ჯეიმს ბერგმანს.
გივი დავიდოვი (55 კგ) ობენსონ ბლანკთან დამარცხდა, მალხაზ ზარქუა (66 კგ) - ბრენტ მეტკალფთან, იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) - ოლიმპიურ ჩემპიონ ჯეიმს ბაროუზთან, ნოდარ ეგაძე (84 კგ) მაქსველ ასკრენთან, თორნიკე ხიდეშელი (120 კგ) კი ტრეველ დლაგნევთან.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ქართულმა შვიდეულმა ირანთან მშრალად წააგო – 0:7. პირველი გამარჯვება კი ბულგარეთთან მოიპოვა, თან საკმაოდ იოლად – 6:1. მომგებიანი ქულები დავიდოვმა, ზარქუამ, მაქარაშვილმა, ეგაძემ, ებანოიძემ და ხიდეშელმა აიღეს. თანაგუნდელებს მხოლოდ ქურდიანი ჩამიორჩა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იაპონიას შეხვდება. უკვე გარკვეულია ფინალისტების ვინაობაც. მსოფლიოს თასისთვის ირანი და რუსეთი იბრძოლებენ.