სხვა

14:31 | 25.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ერთი კაჩი-კოშის შანსი “გაცოცხლდა”

რამდენიმე “შავი დღის” შემდეგ, ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე ნოებრის ბაშოზე, როგორც იქნა, ქართველი სუმოისტებისთვისაც გამოიდარა. წლის დასკვნითი სუპერტურნირის მე-12 დღეს სამივე ქართველმა გოლიათმა – ტოჩინოშინიმ, კოკაიმა და გაგამარუმ გამარჯვება იზეიმა.
ხსენებული ტრიოდან წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანი თეიმურაზ ჯუღელისთვის გახლდათ. გაგამარუს შიკონათი ცნობილი და ყველაზე მძიმე ქართველი სუმოისტი (202 კგ.) კიუშიუს ბაშოს აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და თანამემამულეებში ერთადერთია, ვინც, დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) მოპოვების შანსს ინარჩუნებს.
ორიოდ დღის წინაც აღვნიშნეთ, რომ ჯუღელი ბაშოს მეორე ნახევარს გაცილებით ყოჩაღად ატარებს. თავად განსაჯეთ – გაგამარუმ საწყის ექვს ტურში ერთადერთხელ იმარჯვა, მომდევნო ექვსში კი პირიქით, მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა. ბოლო შერკინებაში თეიმურაზი დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ვაკანოსატოს გადაეყარა და 34 წლის იაპონელს ოშიდაშით სძლია.
ახლა, 23 წლის გაგამარუს თანაბარი ბალანსი (6 მოგება, 6 მარცხი) აქვს და წინ უმნიშვნელოვანესი სამი ტური ელის. ქართველ სეკიტორს წოდებაში დასაწინაურებლად დარჩენილი სამი ორთაბრძოლიდან მინიმუმ ორის მოგება სჭირდება, მისი მომდევნო მეტოქე კი 26 წლის ჩინელი სოკოკურაი (აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა) იქნება. ამ უკანასკნელს უარყოფით ბალანსამდე ერთი წაგება აშორებს და ცხადია, ჯუღელის წინააღმდეგ ბოლომდე დაიხარჯება.
მიმდინარე წლის განმავლობაში ქართველი და ჩინელი ერთმანეთს უკვე მეხუთედ დაუპირისპირდებიან. აქამდე, მათ შორის სრული თანაფარდობაა. იანვარსა და სექტემბერში გაგამარუმ სოკოკურაის იორიკირით აჯობა, მარტსა და მაისში კი უვატენაგეთი წააგო.
წარმატებული დღე ჰქონდათ უფრო გამოცდილ ქართველ სუმოისტებს – ტოჩინოშინისა და კოკაისაც, თუმცა, მათ წოდებაში დაქვეითება აღარ ასცდებათ. დასავლეთის კომუსუბის ტიტულს ემშვიდობება ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელმაც ბოლო რვა ბრძოლაში მხოლოდ მე-2 გამარჯვება იზეიმა. 23 წლის ქართველმა აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ჰომაშო შიტატენაგეთი დაამარცხა და 8 მარცხის ფონზე მე-4 მოგება მიითვალა.
ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე ასევე არცთუ კარგ მდგომარეობაში მყოფ კიტატაიკი (3 მოგება, 9 მარცხი) იქნება, რომელიც დასავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს. ტოკიოს 28 წლის მკვიდრმა მარტში გორგაძეს იორიკირით აჯობა, თუმცა, მომდევნო ორ ბაშოზე ტოჩინოშინიმ რევანში ჯერ ცურიდაშით, შემდეგ კი იმავე იორიკირით აიღო.
ქართული სუმოს პიონერმა კოკაიმ (ლევან ცაგურია) გორგაძის დარად მე-4 მოგება დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ბუშუიამასთან იზეიმა. 29 წლის “შავმა ზღვამ”, რომელსაც განახლებულ ბანძუკეში (რეიტინგი) აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებას ჩამოართმევენ, 34 წლის იაპონელ ვეტერანს კირიკაეშით სძლია.
ნოემბრის ბაშოს მე-13 დღეს კოკაის მეტოქე “რობოკოპად” წოდებული ტაკამისაკარი (აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა) იქნება. ბოლო პერიოდია, ქართველი სეკიტორი 34 წლის იაპონელის წინააღმდეგ არცთუ წარმატებულად ირჯება. გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული ცაგურიამ სეიკენ კატოს მხოლოდ ერთხელ – ოშიტაოშით სძლია, თავად კი ორჯერ ოკურიდაშითა და ერთხელაც იორიკირით წააგო.
ამასობაში, ერთი წევრი გამოაკლდა კარგა ხანს ერთად “მავალ” ლიდერთა ოთხეულს. ეს გარდაუვალიც გახლდათ, რადგანაც მოწინავე კვარტეტის ორი წევრი იაპონელი ტოიონოშიმა და ესტონელი ბარუტო ერთმანეთს დაუპირისპირდა. ყველასათვის მოულოდნელად, მასპინძელმა, რომელიც მხოლოდ დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებას ატარებს, ევროპელ ოძეკის შიტატეჰინერით სძლია და “იმპერატორის თასისთვის” ბრძოლას აგრძელებს.
ტოიონოშიმას გარდა, 11-11 მოგება აქვთ იოკოძუნა ჰაკუჰოსა და ოძეკი კაიოსაც. მომდევნო ტურში ცენტრალური სწორედ მონღოლი და იაპონელი გოლიათების შერკინება იქნება, ინტერესს იწვევს ბარუტოსა და ბულგარელი ოძეკი კოტოოშუს დაპირისპირებაც, ხსენებული ტოიონოშიმა კი ძალებს სეკივაკე კაკურიუსთან მოსინჯავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163378