სხვა

16:00 | 22.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ერთი კაჩი-კოშიც სანატრელი გვაქვს

2010 წლის ივლისის ბაშო ქართველი სუმოისტებისთვის წარუმატებლად სრულდება. ტურნირის 12 დღის თავზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკეთეს შემთხვევაში, დადებით ბალანსზე გასვლას ჩვენებურთა ტრიოდან ერთადერთი – ლევან ცაგურია იგივე კოკაი თუ მოახერხებს.
ქართული სუმოს პიონერმა, რომელიც ნაგოიას ბაშოს დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მე-6 გამარჯვება მე-9 მაეგაშირა კაკიძოესთან იზეიმა და თანაბარ ბალანსზე გავიდა.
29 წლის “შავი ზღვა” 138-კილოგრამიანი იაპონელის სასტარტო შეტევას გაუმკლავდა, თავი დოჰიოზე შეიმაგრა და მეტოქე ჰიკიოტოშით გაუმკლავდა. თუკი კოკაი დარჩენილი სამი შერკინებიდან ორში იმარჯვებს, წოდებაში დაწინაურება განაღდებული ექნება.
ქართველი სეკიტორის მომდევნო მოწინააღმდეგე მე-7 მაეგაშირა ტოკუსეგავა იქნება, რომელსაც კაჩი-კოშიმდე ერთი მოგებაღა აშორებს. წლევანდელ მარტის ბაშოზე ცაგურიამ 191 სმ. სიმაღლის მონღოლს ჰატაკიმომით სძლია და იმედია, ახლაც აჯობებს. 
წაგებათა ლიმიტი ამოწურა უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელსაც სუმოს სამყაროში გაგამარუს შიკონათი იცნობენ. აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე 202-კილოგრამიან ქართველს მარჯვენა მხრიდან მონღოლი ტამავაშის (მე-14 მაეგაშირა) სუკუინაგე გაეპარა, რის შემდეგაც 5 გამარჯვების ფონზე მე-7 მარცხი შეემთხვა.
გაგამარუს დადებითი ბალანსისთვის მომავალი სამი ბრძოლის მოგება სჭირდება, პირველი ნაბიჯის გადადგმას კი ხვალ ეცდება, როდესაც ძალებს მე-8 მაეგაშირა იოშიკაძესთან მოსინჯავს. ამ უკანასკნელს უკვე ცხრა შერკინება აქვს წაგებული, ჯუღელს კი პირველად დაეჭიდება.
აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში მიმდინარე ტურნირის მე-12 დღეს მე-9 მარცხი შეემთხვა ელიტის ყველაზე ახალგაზრდა (22 წლის) სეკეიტორ ლევან გორგაძეს. ტოჩინოშინის მეტსახელით ცნობილმა ქართველმა კომუსუბის წოდება მხოლოდ ერთი ბაშო ატარა, მომავალ ტურნირს კი კვლავ რიგითი მაეგაშირას ტიტულით შეხვდება.
დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ამინიშიკიმ ტოჩინოშინის შიტატენაგეთი კი აჯობა, თუმცა, მარჯვენა ფეხი ისე დაიშავა, რომ შერკინების შემდეგ კუთვნილი პრიზის (კენშო) მისაღებად, დოჰიოზე ცალ ფეხზე მოხტუნავე დაბრუნდა.
გორგაძის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ტოკიტენკუ იქნება. მონღოლს ზურგს 7 გამარჯვება უმაგრებს, ქართველთან კი სამიდან ორი შერკინება აქვს მოგებული. გასულ მარტის ბაშოზე ტოჩინოშინიმ იორიტაოშით იმარჯვა, მაისში კი ლევანი კატასუკაშით დამარცხდა.
“იმპერატორის თასს” კიდევ უფრო მიუახლოვდა მონღოლი იოკოძუნა “ჰაკუჰო”, რომელსაც მარცხის სიმწარე იანვარში ჩატარებული ჰაცუ ბაშოს მე-14 დღის შემდეგ არ განუცდია. 25 წლის მონღოლმა ზედიზედ 44-ე (!) გამარჯვება იაპონელ კიტატაიკისთან იზეიმა და ივლისის ტურნირზე 12 მოგება მოუგროვდა.
იოკოძუნას დაწევის თეორიული შანსი მხოლოდ სამ სეკიტორს აქვს. იაპონელმა ჰომაშომ მეორე მარცხი ბულგარელი ოძეკი კოტოოშუსგან იწვნია და 10 მოგება შერჩა, თავად ევროპელისა და მე-6 მაეგაშირა კაკურიუს მონაგარი კი 9-9 მოგებაა. 
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088201