100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანმა მსოფლიოს მასტერსის პირველ წრეში ფრანგ ტიერი ფაბრეს იპონით მოუგო და საქართველოს სამკაციანი გუნდის ერთადერთი წევრი გახდა, ვინც 14-15 იანვარს ალმათიში ჩატარებულ უპრესტიჟულეს ტურნირზე მეტოქის დამარცხება შეძლო. უფრო მეტიც, ჟორჟოლიანის გარდა, ყაზახურ ტატამზე ქართველ ძიუდოისტებს იუკოდ შეფასებული ილეთიც კი არ გაუკეთებიათ.
ამირან პაპინაშვილის (60 კგ) მსგავსად, პირველსავე წრეში დამარცხდა ვარლამ ლიპარტელიანიც (90 კგ). ოღონდ თუ პაპინაშვილის შემთხვევაში შეხვედრის ბედი იპონით გადაწყდა, ლიპარტელიანი თავისზე მაღალრეიტინგიან და რაც მთავარია, უხერხულ მეტოქესთან – ბრაზილიელ ტიაგო კამილუსთან ჰანტეიმდე მივიდა. ძირითადი და ოქროს დრო ისე გაილია, ძიუდოისტებმა თავად ვერაფერი ქნეს და მსაჯისგან თითო შიდო მიიღეს.
ჟორჟოლიანმა ფაბრესთან ვაზარით ჩამორჩენა საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე შეატრიალა სათავისოდ და მეოთხედფინალში გასვლით 80 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა. მონაგარის გასაორმაგებლად მასპინძელთა ჯილას, მაქსიმ რაკოვის ძლევა სჭირდებოდა, მაგრამ... მსაჯებმა ჩათვალეს, რომ ქართველი ძიუდოისტი ყაზახზე პასიური იყო და ჟორჟოლიანი ორჯერ გააფრთხილეს. რაკოვს მსაჯთა კეთილგანწყობა არც სხვა შეხვედრებში მოჰკლებია და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
90 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე იაპონელი მასაში ნიშიამა ავიდა. სწორედ მან დაამარცხა მეოთხედფინალში (აქაც საეჭვო გაფრთხილებით) ამ წონის ლიდერი ილიას ილიადისი, ხოლო ფინალში რუს კირილ ვოპროსოვს აჯობა.
მსოფლიოს რეიტინგსიის პირველი ნომრები მხოლოდ ორმა წონამ მოისაკლისა. 81 კილოგრამში ჩემპიონის ტიტულს და 400 ქულას აზერბაიჯანელი ელნურ მამადლი დაეუფლა, ხოლო მძიმე წონაში კონკურენტებს ზემოდან ბრაზილიელმა რაფაელ სილვამ გადმოხედა.
ამ დღეებში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ახალ რეიტინგს გამოაქვეყნებს, რომელშიც ალმათური მასტერსის შედეგებიც იქნება გათვალისწინებული. მომდევნო საერთაშორისო ტურნირს - მსოფლიოს თასს კი 28-29 იანვარს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს და მასზე საქართველოს ნაკრები 28-კაციანი შემადგენლობით გამოვა. მსოფლიოს თასის ჩემპიონობა 100 სარეიტინგო ქულად ფასობს, ვერცხლის პრიზიორები 60 ქულას შეიმატებენ, ბრინჯაოსნები – 40-ს, რეპეშაჟის ფინალში წაგებულები – 20-ს და ასე შემდეგ...
დაბოლოს, ალმათის მასტერსის მონაწილე ქართველი ძიუდოისტები თბილისში დაბრუნდებიან და მომავალი შეჯიბრებებისთვის მზადებას ისევ ნაკრების მთავარი მწვრთნელის გარეშე გააგრძელებენ. პიტერ ზაიზენბახერი კი გუნდის ყველაზე მაღალრეიტინგიანი წევრების სანახავად ყაზახეთში ავსტრიული შეკრებიდან ორიოდ დღით ჩავიდა და ისევ ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც 12 ქართველ შეგირდს ავარჯიშებს.
ქართულ ძიუდოში შიდა დაპირისპირებები ისტორიას ჩაბარდაო... ნაკრები კი უმნიშვნელოვანეს სეზონს ორ ნაწილად გაყოფილი იწყებს.
ძიუდო
მსოფლიოს მასტერსი
ალმათი
14-15 იანვარი
კაცები
60 კგ
1 არსენ გალსტიანი (რუსეთი)
2 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
3 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)
3 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)
66 კგ
1 მიარაგჩა სანიაასურენი (მონღოლეთი)
2 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)
3 მასაში ებინუმა (იაპონია)
3 იუნპეი მორიშიტა (იაპონია)
73 კგ
1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)
2 რიკი ნაკაია (იაპონია)
3 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)
3 მანსურ ისაევი (რუსეთი)
81 კგ
1 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი)
2 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)
3 იან ბარტონი (ბრიტანეთი)
3 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)
90 კგ
1 მასაში ნიშიამა (იაპონია)
2 კირილ ვოპროსოვი (რუსეთი)
3 ტიაგო კამილუ (ბრაზილია)
3 ჰუგო პესანა (ბრაზილია)
100 კგ
1 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)
2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)
3 ტაკამასა ანაი (იაპონია)
3 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)
+100 კგ
1 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
2 დაიკი კამიკავა (იაპონია)
3 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)
3 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)
ქალები
48 კგ
1 ტომოკო ფუკუმი (იაპონია)
2 ჰარუნა ასამი (იაპონია)
3 სარა მენეზეში (ბრაზილია)
3 ელენა მორეტი (იტალია)
52 კგ
1 იუკა ნიშიდა (იაპონია)
2 მისატო ნაკამურა (იაპონია)
3 სორაია ჰადადი (ალჟირი)
3 ილსე ჰეილენი (ბელგია)
57 კგ
1 კაორი მაცუმოტო (იაპონია)
2 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)
3 აიკო სატო (იაპონია)
3 რაფაელა სილვა (ბრაზილია)
63 კგ
1 იოში უენო (იაპონია)
2 მიკი ტანაკა (იაპონია)
3 ანიჩკა ვან ემდენი (ჰოლანდია)
3 ლილი ქსუ (ჩინეთი)
70 კგ
1 ლუსი დეკოსი (საფრანგეთი)
2 იორიკო კუნიჰარა (იაპონია)
3 ედიტ ბოსხი (ჰოლანდია)
3 ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია)
78 კგ
1 მაირა აგიარი (ბრაზილია)
2 ქსიული იანგი (ჩინეთი)
3 აკარი ოგატა (იაპონია)
3 ანამარი ველენსეკი (სლოვენია)
+78 კგ
1 ქიან ქინი (ჩინეთი)
2 ვენ ტონგი (ჩინეთი)
3 გულზან ისანოვა (ყაზახეთი)
3 მიკა სუგიმოტო (იაპონია)
ოთარ მაღლაკელიძე







