ისტორია

10:43 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 8 დეკემბერი

  1941. დაიბადა ჯეფრი ჰერსტი. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” (1959-72), “სტოკ სიტის” (1972-75) ფორვარდი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ჰერსტი ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მუნდიალის ფინალში, სამი გოლის გატანა მოახერხა. მონაწილეობდა 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატშიც. მუნდიალის ფინალურ სტადიაზე ჰერსტს ჩატარებული აქვს 6 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 49 შეხვედრა, გაიტანა 24 გოლი. “ვესტ ჰემის” რიგებში მოგებული აქვს თასების მფლობელთა თასი (1965) და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (1964). ამ გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 499 მატჩი, გაიტანა 252 გოლი. ჯეფრი ჰერსტს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა სერის ტიტული მიანიჭა. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

1912. “სანდერლენდის” ფორვარდმა, ჩარლი ბუჩანმა, ინგლისის პირველი დივიზიონის მატჩში “ლივერპულს” ხუთი გოლი გაუტანა. შეხვედრა “სანდერლენდმა” 7:2 მოიგო.

1938. შოტლანდიისა და უნგრეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. გლაზგოს “ჰემპდენ პარკის” სტადიონზე მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

1956. ავსტრალიის ქალაქ მელბურნში თანამედროვეობის მეთექვსმეტე ოლიმპიური თამაშები დაიხურა. მასში მონაწილეობა 67 ქვეყნის 3 178 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველი ადგილი საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მოიპოვა (37 ოქრო, 29 ვერცხლი, 32 ბრინჯაო). მეორე ადგილზე აშშ-ის წარგზავნილები აღმოჩნდნენ (32, 25, 17), მესამე პოზიცია კი ავსტრალიელმა ათლეტებმა დაიკავეს (13, 8, 14). ქართველთაგან ოლიმპიური ჩემპიონობა გივი კარტოზიამ (კლასიკური ჭიდაობა) და მირიან ცალქალამანიძემ (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.

1959. აშშ-ის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი პაკისტანის დედაქალაქ ყარაჩიში კრიკეტის მატჩს დაესწრო. ერთმანეთს პაკისტანისა და ავსტრალიის ნაკრებები ხვდებოდნენ.

1961. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში, ლარი კოსტელომ 32 ქულა ისე გააკეთა, ბურთი კალათისათვის არ აუცილებია. ეს იმხანად NBA-ს რეკორდი გახლდათ.

1961. ლეგენდარულმა უილტ ჩემბერლენმა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში, 78 ქულა გააკეთა, რაც ამ ლიგისთვის ერთ შეხვედრაში შედეგიანობის მხრივ მეორე მაჩვენებელია.

1967. თბილისის “დინამომ” ირანული ტურნეს მსვლელობისას, ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს 1:0 მოუგო. გოლი კახი ასათიანმა გაიტანა. “დინამო”: გრძელიშვილი, პეტრიაშვილი, ჭელიძე, კანთელაძე, რეხვიაშვილი, კუტივაძე (ქიქავა), ასათიანი, დათუნაშვილი, მეტრეველი (ლ. ნოდია), გავაშელი, მესხი. გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.

1972. თბილისის “დინამომ” აზიაში ჩატარებული ტურნეს მსვლელობისას, სინგაპურის ნაკრებს 6:0 მოუგო. გოლები ვლადიმერ გუცაევმა (2), ლევან ნოდიამ (2), მანუჩარ მაჩაიძემ და ფირუზ რეხვიაშვილმა გაიტანეს. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, გოგიჯანაშვილი (გ. მაჩაიძე), გავაშელი (რეხვიაშვილი), კუტივაძე, მ. მაჩაიძე, მჭედლიშვილი, გუცაევი, გ. ნოდია (ლ. ნოდია). გუნდს გავრიილ კაჩალინი წვრთნიდა.

1984. ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, შვედმა მატს ვილანდერმა კარენი 6:7, 6:4, 7:6, 6:2 დაამარცხა და გათამაშების რიგით 73-ე ჩემპიონი გახდა.

1985. ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარტინა ნავრატილოვამ კრის ევერტი 6:2, 4:6, 6:2 დაამარცხა და გათამაშების რიგით მესამოცე ჩემპიონი გახდა.

1987. “მილუოკი ბაქზის” მოთამაშე ჯეკ სიკმა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში “ბურთის აცილების” გარეშე ჩატარებული 51 მატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა გამართა.

1987. ჰოკეის ეროვნული ლიგის წარმომადგენელი “ფილადელფია ფლაიერზის” გოლკიპერმა, რონ ჰექსტალმა, NHL-ის ისტორიაში პირველად მოახერხა შაიბის გატანა. ფილადელფიელებმა “ბოსტონ ბრუინზს” 5:2 მოიგეს.

1988. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში, “ნიუ იორკ ნიკზმა” 11 სამქულიანი ჩააგდო, რაც იმ პერიოდისათვის NBA-ს რეკორდი იყო. “ნიკზმა” “მილუოკი ბაქზს” 113:109 მოუგო.

1991. ნიუ იორკში 1994 წლის საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდა.

1991. საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე (“ტოიოტას თასი”) ბელგრადის “ცრვენა ზვეზდამ” ჩილეს “კოლო კოლოს” 3:0 სძლია. გოლები იუგოვიჩმა (2) და პანჩევმა გაიტანეს. მატჩი ტოკიოში, ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა და მას 60 ათასი მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას შვეიცარიელი არბიტრი კურტ როტლისბერგერი სჯიდა. “ცრვენა ზვეზდა”: მილოევიჩი, ბელოდედიჩი, რადინოვიჩი, ნაიდოვსკი, ვასილიევიჩი, მიხაილოვიჩი, სტოსიჩი, იუგოვიჩი, რატკოვიჩი, სავიჩევიჩი, პანჩევი. “კოლო კოლო”: მორონი, გარიდო, მარგასი, მიგელ რამირესი (რუბიო), სალვატიერა (დაბროვსკი), მენდოსა, ვილჩესი, ბარტიჩიოტო, პიზარო, იანესი, მარტინესი. 43-ე წუთზე მოედნიდან სავიჩევიჩი გააძევეს. 

1996. საქართველოს მეორე ნაკრებმა ლიბანური ტურნეს მსვლელობისას, ბეირუთში ამ ქვეყნის ნაკრებთან 2:3 წააგო. ქართველთაგან გოლები გიორგი გახოკიძემ (პენალტით) და ლევან ცქიტიშვილმა გაიტანეს. საქართველო: ტოგონიძე, კალაძე, ცქიტიშვილი (ზ. ჯელაძე), დიდავა, შ. ხუჯაძე, გახოკიძე, კიკნაძე, კობიაშვილი, გ. დარასელია, ფოცხვერია (აშვეთია), იაშვილი (დემეტრაძე). ფიფას რეესტრში ეს შეხვედრა შესულია, როგორც ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება. ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.

2012. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ კრივის ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტად ვეტერანი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი (1977)  და ოლიმპიური თამაშების (1980) მონაწილე - დავით კვაჭაძე აირჩიეს. კვაჭაძეს ფედერაციის დელეგატებმა ღია კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 ამ დღეს დაიბადნენ

1904. უილმერ ალისონი. ამერიკელი ჩოგბურთელი. აშშ-ის ღია პირველობის 1935 წლის გათამაშების ჩემპიონი.

1920. ემანუელ მაკდონალდ ბეილი. ტრინიდადელი მძლეოსანი. 100 მეტრზე რბენაში 1952 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1941. ჯეფრი ჰერსტი. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” (1959-72), “სტოკ სიტის” (1972-75) ფორვარდი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ჰერსტი ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მუნდიალის ფინალში, სამი გოლის გატანა მოახერხა. მონაწილეობდა 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატშიც. მუნდიალის ფინალურ სტადიაზე ჰერსტს ჩატარებული აქვს 6 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 49 შეხვედრა, გაიტანა 24 გოლი. “ვესტ ჰემის” რიგებში მოგებული აქვს თასების მფლობელთა თასი (1965) და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (1964). ამ გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 499 მატჩი, გაიტანა 252 გოლი. ჯეფრი ჰერსტს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა სერის ტიტული მიანიჭა.

1944. ვლადიმირ ბელიაევი. საბჭოთა ფრენბურთელი. 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1960. სერგეი შვეცოვი. ქართული საფეხბურთო სკოლის აღზრდილი მოთამაშე. ქუთაისის “ტორპედოს”, მოსკოვის “სპარტაკის”, ლენინგრადის “ზენიტის”, ლანჩხუთის “გურიასა” და სამტრედიის “ლოკომოტივის” ფორვარდი. “სპარტაკის” რიგებში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ხოლო “ზენიტის” შემადგენლობაში – პრიზიორი. საკავშირო ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 125 მატჩი, გაიტანა 21 გოლი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი.

1962. ბერი ვან აერლე. ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და პსვ-ის ფეხბურთელი. 1988 წლის ევროპის ჩემპიონი. 1988 წელს მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასი.

1964. ვლადიმირ არტიომოვი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში სეულის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1983, 1985 და 1987 წლებში არტიომოვმა ცალკეულ იარაღებზე ვარჯიშისას მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1977. დელრონ ბაკლი. სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

1985. დუაიტ ჰოვარდი. აშშ-ის ნაკრების, “ორლანდო მეჯიკის”, “ლეიკერსის”, “ჰიუსტონ როკითსის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (210 სმ). მეტსახელად “სუპერმენი”. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2007 წელს გახდა პანამერიკული თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. 2009 წელს გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული. შვიდჯერ (2007-13) იასპარეზა ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. ასოციაციის მატჩებში ყველაზე ახალგაზრდამ მოახერხა 5 000 მოხსნის განხორციელება. ნბა-ს სუპერფინალის მატჩში შესრულებული აქვს სარეკორდო რაოდენობის, 9 დაფარება. ეს 2009 წლის 11 ივნისს “ლეიკერსის” წინააღმდეგ თამაშისას მოხდა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059557