ჭიდაობა

22:11 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ბრინჯაოს ევროპირველობა

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართული ევროპის ჩემპიონატი ერთადერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. პოდიუმზე ბეგი დარჩიას გუნდის დებიუტანტი გიორგი ცირეკიძე ავიდა. არაოლიმპიურ წონაში – 80 კილოგრამში მოჭიდავე ქართველმა სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა და მათგან ოთხში ხალიჩა გამარჯვებულმა დატოვა.

ძირითად ბადეში გამოსვლა ცირეკიძემ გერმანელ პასკალ ეიზელთან შეხვედრით გახსნა და მეტოქეს პირველ პერიოდში ჩოქბჯენიდან დატრიალების შედეგად მიღებული ორი ქულით აჯობა. მეორე წრეში, ბულგარელ დანიელ ალექსანდროვს შედარებით გახსნილ, მაგრამ საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში სძლია. საწყისი ხუთი წუთის გალევის შემდეგ ქართველი მოჭიდავე შვიდქულიანი უპირატესობით იყო წინ (7:0), მაგრამ ბოლო წუთზე ინიციატივა დაკარგა და საფინალო სირენამ დროზე მიუსწრო. ალექსანდროვმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და რახან შეხვედრის დასრულებამდე სამი წამიღა რჩებოდა, ბულგარელმა მწვრთნელებმა მომგებიანი ქულის წამატების იმედით ბოლო ილეთი გაასაჩივრეს. ეშმაკურმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა და გიორგი ცირეკიძე მეოთხედფინალში 8:6-ით გავიდა. იქ კი აბსოლუტურად განსხვავებული სცენარი ვიხილეთ.

საქართველოს ნაკრების წევრმა სომეხ ჰრაჩ ჰოვანესიანთან საწყის ორ წუთში ექვსი ქულა დაკარგა, ისე, რომ თავად ერთიც ვერ აიღო, მაგრამ შემდეგ გამოცოცხლდა, პირველ პერიოდში ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა, ხოლო მეორეში ჰოვანესიანი საშინელ დღეში ჩააგდო – 13:7.

ცირეკიძის წარმატებული სვლა ნახევარფინალში მომავალმა ჩემპიონმა, უნგრელმა პეტერ ბაკშმა შეაჩერა. ამ უკანასკნელმა რვა უპასუხო ქულის ასაღებად ორწუთნახევარი იკმარა.

ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც შვედ ზაკარიას ბერგს 6:3 მოუგო. შეხვედრის პირველი ორი ქულა შვედმა მიითვალა, მაგრამ ცირეკიძემ ანგარიში სათავისოდ უმალ შეატრიალა.

დღესვე ფინურ ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების კიდევ სამი წევრი გავიდა. მათგან პოდიუმზე ასვლის შედარებით რეალური შანსი 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რობერტ ქობლიაშვილს მიეცა, მაგრამ საპრიზო სამეულამდე ორი გამარჯვება დააკლდა.

შეჯიბრება ჩეხი პაველ პოვადას ორწუთნახევარში ძლევით (8:0) გახსნა. თურქ აჰმეთ ილდირიმს მინიმალური ანგარიშით გასცდა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი მეოთხედფინალში დაკარგა, ფინელ რამი ჰიეტანიემისთან დრამატულ ბრძოლაში წაგებით (1:2). ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და ქობლიაშვილს რეპეშაჟის გზა გაეხსნა, მაგრამ პოლონელ დამიან ჯანიკოვსკისთან 1:3 დამარცხდა.

71 კილოგრამში მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ ევროპირველობაზე ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა - პირველ წრეში რუსეთის ნაკრების წევრ ჩინგიზ ლაბაზანოვთან წააგო, თუმცა ამ უკანასკნელზე მეტად, ქართველის მარცხი მსაჯების კისერზეა, რომლებმაც მთელი შეხვედრის განმავლობაში არაერთი სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღეს, რა თქმა უნდა რუსის სასარგებლოდ. ცხადაია მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტოქესთან შედარებით აქტიური თუ არა, პასიური ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ მსაჯმა მხოლოდ ის გააფრთხილა, თან ორჯერ. ნაჩუქარი ჩოქბჯენიდან რუსის მიერ წამოწყებული გდებები კი ორივეჯერ ქართველმა დახურა, მაგრამ მხოლოდ პირველი შეუფასეს, ისიც ოდენ ერთ ქულად. მეორედ კი ლაბაზანოვს არარსებული 2 ქულა აჩუქეს და 3:1 დააწინაურეს.

უსამართლობა იმდენად აშკარა იყო, საქართველოს ნაკრების წევრმა პროტესტი ხმამაღლა გამოხატა, მსაჯმა კი ამის გამო მესამედ გააფრთხილა და გამარჯვებულად თავისთვის სასურველი მოჭიდავე გამოაცხადა. ლაბაზანოვი მხოლოდ ნახევარფინალამდე მივიდა და მანუჩარ ცხადაიას ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა.

ზურაბ დათუნაშვილიც (75 კგ) საეჭვო გაფრთხილების გამო გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს, მაგრამ მისი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნაადრევად დაღლაც იყო – მერვედფინალში თურქ ემრაჰ კუშთან პირველი პერიოდი 2:0 მოიგო და მეოთხე წუთიდან მეექვსეს დასაწყისამდე, ვიდრე გადამწყვეტ გაფრთხილებას მიიღებდა, ხუთი ქულის დაკარგვა მოასწრო.

ამ შეხვედრამდე დათუნაშვილმა გერმანელი ფლორიან ნოიმაიერის ძლევა (7:2) მოასწრო. ფინურ ხალიჩაზე მესამედ გასვლა კი აღარ დასცალდა.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

ვანტაა. ფინეთი

 

5 აპრილი

 

59 კგ

1 ალექსანდარ კოსტადინოვი (ბულგარეთი)

2 ვიქტორ ჩიობანუ (მოლდოვა)

3 კამრან მამადოვი (აზერბაიჯანი)

3 ივან კუილაკოვი (რუსეთი)

 

66 კგ

1 ადამ კურაკი (რუსეთი)

2 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)

3 იშტვან ლევაი (სლოვაკეთი)

3 ფრანკ შტაბლერი (გერმანია)

 

98 კგ

1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

2 ჩენკ ილდემი (თურქეთი)

3 ფრედრიკ შონი (შვედეთი)

3 მარტინ ჰამლეტ ნილსენი (ნორვეგია)

 

130 კგ

1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)

2 ლიუბომირ დიმიტროვი (ბულგარეთი)

3 იოჰან ეურენი (შვედეთი)

3 ვასილი პარშინი (რუსეთი)

 

6 აპრილი

 

71 კგ

1 ტამას ლორინცი (უნგრეთი)

2 რასულ ჩუნაევი (აზერბაიჯანი)

3 იუნუშ ოზელი (თურქეთი)

3 ალექსანდარ მაქსიმოვიჩი (სერბეთი)

 

75 კგ

1 ალექსანდრ ჩეხირკინი (რუსეთი)

2 არსენ ჯულფალაკიანი (სომხეთი)

3 ელვინ მურსალიევი (აზერბაიჯანი)

3 მარკ მადსენი (დანია)

 

80 კგ

1 პეტერ ბაკში (უნგრეთი)

2 სელჩუკ ჩები (თურქეთი)

3 გიორგი ცირეკიძე (საქართველო)

3 ალექსანდრ შიშმანი (უკრაინა)

 

85 კგ

1 ჟან ბელენიუკი (უკრაინა)

2 რამი ჰიეტანიემი (ფინეთი)

3 დამიან იანიკოვსკი (პოლონეთი)

3 ამერ ჰრუსტანოვიჩი (ავსტრია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135359