კალათბურთი

18:48 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოში ბოლო ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისრაელში გამგზავრებამდე სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში ჩაატარა. იგორ კოკოშკოვმა კალათბურთელები მაქსიმალურად დატვირთა. ნაკრების წევრებმა ორმხრივი შეტევებით ტაქტიკაზე იმუშავეს.

ვარჯიშის შემდეგ იგორ კოკოშკოვმა პრესკონფერენცია გამართა. 

იგორ კოკოშკოვი: "ძალიან მძიმეა, როდესაც ევროპის ჩემპიონატს დანაკლისით ვხვდებით. ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლია, თუმცა, როგორც გამოცდილი მწვრთნელები იტყვიან, სისუსტე სიძლიერედ უნდა გადავაქციოთ. სამწამიანში თამაში ჩვენთვის კოზირი იყო, თუმცა ვიტყვი, რომ დანაკლისი სხვა მოთამაშეებმა უნდა შეავსონ, რადგან გუნდს ასე სჭირდება. კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს და ევროპის ჩემპიონატს გუნდი სრულ მზადყოფნაში შეხვდება".

_ ჰიკმანს რომელ პოზიციაზე გამოიყენებთ?

_ მას შეუძლია როგორც პირველ პოზიციაზე თამაში, ასევე მეორეზეც. ნაკრებში მოწვევამდე მისი თამაშების ჩანაწერები ვნახეთ, გამოცდილი კალათბურთელია და მისი ძალის გვჯერა. მან იცის, რომ ცინცაძე პირველი გამთამაშებელია და შეუძლია შეცვალოს ხოლმე, ან მეორე ნომრად ითამაშოს".

_ მარკოიშვილის ტრავმაზე რას იტყვით?

_ მარკოიშვილი მკურნალობის ეტაპს გადის, ის მებრძოლი კალათბურთელია და გვჯერა მისი შესაძლებლობების. მანუჩარი ნაკრების ყველა წევრისთვის სამაგალითო ფიგურაა. მას სერიოზული ტრავმა არ აქვს და ის შეძლებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელში, 26 და 28 აგვისტოს საკონტროლო მატჩებს გამართავს. ისრაელთან მატჩები ელიათსა და ჰაიფაში გაიმართება. 29 აგვისტოს იგორ კოკოშკოვის გუნდი ლიტვაში გაემგზავრება, სადაც პირველ სექტემბერს ადგილობრივ ნაკრებთან მოსამზადებელი ეტაპის ბოლო საკონტროლო მატჩს გამართავს. ლიტვიდან საქართველოს ნაკრები ჩარტერული რეისით სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ესპანეთის, სლოვენიის, პოლონეთის, ხორვატიის და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებებს შეხვდება.

გიორგი ბალახაძე

ლაშა კუპრაშვილის ფოტო

0.114334