თითქმის გადაწყვეტილია, რომ ნოემბრის თვეში ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს ვერ ჩაატარებს. არადა, ფიფას მიერ გამოყოფილი ორი დღეა ნოემბრის შუაში, ზოგიერთი ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს, საქართველო კი – ვერცერთს... რისი ბრალია ეს? აღმოჩნდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მწვრთნელ თემურ ქეცბაიასაც სურდათ, რომ თამაში თბილისში გამართულიყო, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე – მოწინაღმდეგის დაყოლიება.
სამწუხაროდ, ვისთანაც ფედერაცია კონტაქტობდა, იმ ქვეყნის ნაკრებებმა თბილისში სტუმრად თამაშზე უარი თქვეს. ამდენი ქვეყანაა ფიფაში. გასაგებია, რომ გრანდი ნაკრებები არ ჩამოვლენ, მაგრამ საშუალოები და სუსტები ხომ შეიძლებოდა?
კარგია, რომ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს ვუმასპინძლეთ და მალე 19-წლამდელთა ანალოგიურ ეტაპიც აქ ჩატარდება, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეროვნული ნაკრები ამხანაგურს ვერ ატარებს, დამაფიქრებელია.
ისე, ქეცბაიას არაერთხელ უთქვამს: "ჩვენ კი გვინდა ამხანაგურის შინ ჩატარება, მაგრამ მეტოქესაც უნდა სურდეს აქ ჩამოსვლა. ჩვენისთანა ქვეყნებისთვის იოლი არაა ამხანაგურების მოწყობა".
არადა, ბოლო წლებში ნოემბერში ამხანაგურებს სულ ატარებდა ნაკრები. 2010 წელს სლოვენიაში 2:1 მოგება, 2011-ში მოლდოვასთან 2:0 და შარშან ეგვიპტესთან 0:0. ვითომ, ძალიან გავძლიერდით და აღარ გვჭირდება ამხანაგური? ისე, წლეულს ნაკრებმა 4 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე სტუმრად – ალბანეთთან, ირლანდიასთან, დანიასთან, ყაზახეთთან. ქეცბაია ამაზეც ჩიოდა, შინ თამაში გვენატრებაო.