ფეხბურთი

17:14 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ჩემპიონატი: ტატანაშვილი, სიმბოლური და სხვა ნომინაციები

 

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, არასრული 18 ტური და მთავარი ბრძოლა ექვსეულში შესვლისთვის იქნება. შეიძლება ითქვას, 7 გუნდი იბრძვის 4 ადგილისთვის - “დინამოსა” და ‘ჩიხურას” განაღდებული აქვთ, “დილას”, “სიონს”, “გურიას”, “მეტალურგს”, “ზესტაფონს”, “ვიტ ჯორჯიასა” და “ტორპედოს” კი ბევრი ოფლისღვრა დასჭირდებათ. ქუთათურთა შანსები შედარებით მცირეა, რადგან 4 ქულით დაშორდნენ მეექვსეზე მყოფ გუნდს.

არასრული 18 ტური იმიტომ ვთქვით, რომ 22 თებერვალს გაიმართება გამოტოვებული მატჩი “ზესტაფონსა” და “სპარტაკს” შორის.    

I ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელად “ჩიხურას” ფორვარდ დიმიტრი ტატანაშვილს დავასახელებთ. ის ბომბარდირია 12 გოლით და მხოლოდ გოლებშიც არაა საქმე: ტატანაშვილი საჯარიმოს მიღმაც ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია. 

11 მეტოქიდან, ტატანაშვილმა 9 გუნდს გაუტანა: “დინამოს” სუპერთასზე.  მხოლოდ “გურია” და “ზესტაფონი” გადაურჩნენ. 

საუკეთესო გოლის ნომინაციაში ორი ვარიანტი გვქონდა: დენის დობროვოლსკი (“მეტალურგი”-“ჩიხურა” 1:1) და ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”-“ტორპედო” 2:0). დობროვოლსკიმ დაახლოებით 40 მეტრიდან გაიტანა, ხოლო კოშკაძემ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია. ორივე დავასახელოთ - ძნელია გამორჩევა.

წლეულს რამდენიმე ახალგაზრდამ სასტარტოში დაიმკვიდრა ადგილი, ზოგიერთი სულაც პირველ სეზონს ატარებს უმაღლესში და მშვენივრადაც გამოიყურება. რჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელად თბილისის “დინამოს” მცველ გიორგი გველესიანს დავასახელებთ - მას 3 გოლი აქვს გატანილი და სამივე ფასეული: “დილასთან” (1;1), “ზესტაფნთან” (2:1) და “ტორპედოსთან” (2:1). ეს ბოლო 2 გოლი ბოლო წუთზე მიითვალა და დინამოელებს მოაგებინა.        

 

საუკეთესო

სიმბოლური ნაკრები

მეკარე: გიორგი ლორია (დინამო);

მცველები: დავით ოდიკაძე (ჩიხურა), ოთარ ხიზანეიშვილი (დილა), გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა), თენგიზ ჩიკვილაძე (გურია);

ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი (ჩიხურა), გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია), კობა შალამბერიძე (გურია), დორინ გოგა (დინამო);

თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა), ირაკლი მოდებაძე (დილა). 

სიმბოლურის შერჩევისას რამდენიმე პოზიციაზე გაგვიჭირდა არჩევანის გაკეთება. მაგალითად, დავით ოდიკაძე თუ თემურ ღონღაძე, დორინ გოგა თუ გრიგოლ დოლიძე. ნომინალურად, არც ჩიკვილაძეა მარცხენა მცველი (მარცხენა ცენტრალურია), თუმცა ამ პოზიციაზე სხვა კანდიდატურის მოძებნა ძნელი იყო. თანაც, ჩიკვილაძეს მარცხენა მცველად ხშირად უთამაშია.  …

ლეგიონერებიდან ერთი მოთამაშეა სიმბოლურში და შესაბამისად, ის დავასახელეთ საუკეთესო უცხოელად მიმდინარე სეზონში: დინამოელთა რუმინელი ნახევარმცველი დორინ გოგა.     

შეცვლაზე შემოსული საუკეთესო ფეხბურთელი კი გიორგი ქვილითაიაა. “დილას” 20 წლის ფორვარდმა “ზესტაფონთან” და “ტორპედოსთან” მეორე ტაიმები ითამაშა და ჯამში 3 გოლი გაიტანა. არა მხოლოდ გოლები, მთლიანობაში, მისმა შემოსვლამ მთლად გარდასახა თამაში. ასე რომ, “ჯოკერის” სახელი ქვილითაიას მივაკუთვნოთ.

მწვრთნელებზე. აქ გვიჭირს საუკეთესოს დასახელება და ამიტომაც, თავს შევიკავებთ. ეს იმიტომ, რომ გუნდების უმეტესობას მწვრთნელი ეცვლება (როგორც წინა სეზონებში ხდებოდა). ისე კი, გამოვარჩევდით ლადო ბურდულს, კახა კაჭარავას, გიორგი დარასელიასა და გია გეგუჩაძეს იმ მხრივ, რომ გვიან მოვიდნენ გუნდში და თავისი ხელი აშკარად დაატყვეს. შედეგის მხრივ, ეს ყველაზე მეტად ბურდულზე ითქმის. ლადოს ხელმძღვანელობით, “სიონმა” 9 მატჩი ჩაატარა და ერთიც არ წაუგია.

საერთო სტატისტიკას რაც შეეხება: 107 მატჩში გავიდა 263 გოლი, საშუალოდ 2,45 ერთ შეხვედრაში. ამ 107 თამაშიდან მასპინძელმა მოიგო 56, ფრედ დასრულდა 23, ხოლო 28 შეხვედრაში სტუმრებმა იმარჯვეს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში სტუმარ-მასპინძელი პირობითია. იყო ერთი ტური, როცა არცერთ გუნდს არ უთამაშია თავის ქალაქში, თავის სტადიონზე...

 

ბომბარდირები

12 - დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა)

9 - დორინ გოგა (დინამო), ირაკლი მოდებაძე (დილა)

8 - ჩისკო (დინამო)

6 - ვილი ისიანი (გურია), თორნიკე კაპანაძე (ტორპედო)

 

კოშკაძის გოლი:

http://www.youtube.com/watch?v=rCG88jOjdeM

 

დობროვოლსკის გოლი (0:58-დან)

http://www.youtube.com/watch?v=Mrz9vpfIHk4

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109686