მილანის “ინტერი” ახალი სეზონისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ემზადება. გუნდთან ერთადაა კლუბის პრეზიდენტი ერიკ ტოჰირიც, რომელსაც “გაძეტა დელო სპორტის” კორესპონდენტმა ინტერვიუ ვაშინგტონში ჩამოართვა.
- “ნერაძურის” ქომაგები ნერვიულობენ – თქვენ სხვა კონტინენტზე ცხოვრობთ და ამის გამო კლუბის საქმეების სათანადოდ წარმართვა ძნელია...
- ჯერ ერთი, საკმაოდ ხშირად ჩავდივარ მილანში და მეორეც, საკუთარ მენეჯერებს ტავიდან ბოლომდე ვენდობი. ბევრი გადაწყვეტილება სწორედ მათი მისაღებია და სულაც არაა აუცილებელი, ყველა საკითხი ჩემთან იყოს შეთანხმებული.
- ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ მოთამაშეებთან კონტაქტი გქონდათ?
- გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშს დავესწარი, შემდეგ კი ერთად ვხშმობა გადავწყვიტეთ, მაგრამ ფეხბურთელები გვიანობამდე იყვნენ დატვირთულები და წვრთნიდან პირდაპირ დასასვენებლად გაეშურნენ.
- ვალტერ მაცარის ესაუბრეთ? კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ის თავს უფრო დამაჯერებლად გრძნობს?
- ვალტერი ბევრს იცინის და მშვენიერ გუნება-განწყობაზეა. ხუმრობით ისიც კი ვუთხარი, ფეხბურთელებმა უფრო მოღუშული სახის მთავარ მწვრთნელთან ჰქონდეთ კონტაქტი. ეს ცხადია ხუმრობით. ისე კი, ჩვენი გუნდის დამრიგებელი ბოლომდე კონცენტრირებულია მინდობილ საქმეზე და მოთამაშეებისგანაც მაქსიმუმს ითხოვს. სწორედ ასეთი ხასიათი და მიდგომა აქვს მაცარის.
- მთავარ მწვრთნელთან ტაქტიკის საკითხებზე ხომ არ გისაუბრიათ? დაცვაში გუნდი 3 თუ 4 ფეხბურთელით ითამაშებს?
- ვფიქრობ, “ინტერი” ორივე სქემას გამოიყენებს. საერთოდ, წარმატების მისაღწევი ერთი ფორმულა არ არსებობს - დარწმუნებული ვარ, მაცარი რამდენიმე ტაქტიკურ ვარიანტს შეიმუშავებს და საჭიროების მიხედვით გამოიყენებს.
- ნემანია ვიდიჩის შეძენით კმაყოფილი ხართ?
- ვიდიჩი ლიდერის თვისებებითაა დაჯილდოებული. იგი და “ინტერის” სხვა გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს ზრდაში დახმარებას გაუწევენ. “რეალთან” დაპირისპირებისას კი ვიდიჩმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასევე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გუნდის ვარსკვლავები გახდებიან კოვაჩიჩი და იკარდიც.
- სხვა ახალწვეულებზე რას გვეტყვით?
- დოდო მინდორზე ისეთ რამეებს ასრულებს, გაოცებისგან პირს დაგაღებინებს. მვილას რაც შეეხება, მას ადაპტირებისთვის მეტი დრო დასჭირდება. ჯერჯერობით იგი მხოლოდ ფრანგულად საუბრობს, ამიტომაც ახალ თანაგუნდელებთან კონტაქტი უჭირს.
- შეიძლება ითქვას, ახალი, “ტოჰირის ინტერი” ყალიბდება. ახალი გუნდი არგენტინელების გარეშე შეიკვრება. რატომ არ გაუფორმეთ ახალი კონტრაქტი ესტებან კამბიასოს?
- გუნდში არგენტინელები გვყავს, ხავიერ ძანეტი კი სულაც კლუბის ვიცე-პრეზიდენტია. უბრალოდ, გუნდის გაახალგაზრდავება გვინდოდა და სწორედ ამიტომაც მოვიწვიეთ მვილა და დოდო. შამწლიან პერსპექტივაზე ვმუშაობთ და ამ შემთხვევაში ცვლილებები გარდაუვალი იყო.
- ძანეტი რა ფუნქციებითაა აღჭურვილი?
- ხავიერი სერიოზულად მეცადინეობს ინგლისური ენის კარგად დასაუფლებლად, სწავლობს კლუბის მართვის კომპონენტებს. ძანეთი თავად გაერკვევა, რომელი მიმართულებით შეძლებს მეტი სარგებლობის მოტანას “ინტერისთვის”. კლუბის სათათბირო საბჭოში ანჯელმარიო მორატის შეყვანა ადასტურებს, სხვადასხვა მიმართულებით რომ ვმუშაობთ.