კალათბურთი

13:29 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ სპოელსტრა: „ლებრონმა პლეი ოფის მსვლელობისას 5-7 კილო დაიკლო“

„მაიამი ჰითის“ დამრიგებელმა ერიკ სპოელსტრამ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის სუპერსერიის ბოლო, მეშვიდე მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის ლიდერებზე ისაუბრა და მათი საჩემპიონო ღვაწლი შეაფასა.

„მეფე ლებრონზე“ ფლორიდელთა მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი განაცხადა: „ჯეიმსი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც უდიდესი საკალათბურთო ტალანტი უშრეტ ენერგიასა და გასაოცარ შრომისმოყვარეობასთანაა შერწყმული. პლეი ოფის მსვლელობისას ლებრონმა 5-7 კილო დაიკლო. გადამწყვეტ მომენტში იგი შეუდარებელია და ეს „სან ანტონიოსთან“ სერიის დასკვნითი ასპარეზობის მსვლელობისას წარმოაჩინა. გადახედეთ ჯეიმსის სტატისტიკას – იგი ბრწყინვალედ ესროდა ორქულიანებსაც და პერიმეტრს მიღმიდანაც შედეგიანი გახლდათ. მეტოქემ მიზნად ლებრონის მარწუხებში მოქცევა განიზრახა, ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ შორეული ტყორცნების სიზუსტე. თავდაპირველად ჩვეული რიტმიდან თითქოს ამოვარდნილები ვიყავით, ამიტომაც ჯეიმსის სროლებმა ბევრი გადაწყვიტა“.

სუპერსერიის დასკვნით მატჩში კრის ბოშმა პარკეტი უქულოდ დატოვა, თუმცა, სპოელსტრა „ტორონტო რეპტორზის“ ყოფილი წევრის თამაშით უკმაყოფილო მაინც არ დარჩენილა: „მეოთხე პერიოდის ერთ-ერთი წუთშესვენებისას ლებრონმა კრისს უთხრა – ნუ მიაქცევ ყურადღებას ქულების რაოდენობას, მოდი უბრალოდ მოინდომე და მოგებაში დაგვეხმარე. ბოშმა პარტნიორის დარიგება ყურად იღო, დაცვაში კარგად ითამაშა, მნიშვნელოვანი მოხსნები განახორციელა და დანკანსაც ვაჟკაცურად ეპაექრა“.

ერიკ სპოელსტრას არც დუეინ უეიდის შექება დავიწყნია: „დუეინს მუხლის ტრავმა აქვს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი კალათბურთელი სათამაშოდ არ უნდა გადიოდეს. მან საკუთარი ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და პარკეტზე გადიოდა. უეიდმა „მილუოკისთან“ მატჩი გამოტოვა, შემდეგ კი თქვა, უთამაშებლობით უკეთ ვერ გავხდები და სჯობს გუნდს და პარტნიორებს დავეხმაროო. მან თანაგუნდელებს განუცხადა, რომ მათი გულისთვის ტკივილსაც აიტანდა და პრესის კრიტიკასაც. ეუიდს მადლობა უნდა ვუთხრათ და ტაში დავუკრათ“.

0.103091