ფეხბურთი

7:42 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ კანტონა: “უხერხული მეტოქე არ მყოლია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგებს ხშირად უყვართ თქმა: “1966 წელს ინგლისური ფეხბურთისთვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – ერიკ კანტონა დაიბადა”. არადა, 1966-ში ინგლისი პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. საყოველთად გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, საფეხბურთო კერპებს აქტიური სპორტული კარიერის დასრულებიდან მოკლე ხანში ივიწყებენ, მაგრამ ერიკ კანტონაზე ეს არ ვრცელდება. თითქმის 2 ათეული წელია, რაც იგი “მანჩესტერ იუნაიტედის” შვიდნომრიანი წითელი მაისურათი “ოლდ ტრაფორდზე” არ გადის, თუმცა, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და პოპულარული კლუბის გულშემატკივრებისთვის ფრანგი ნახევარმცველი დღემდე სათაყვანებელი ფიგურაა და ერიკს “წითელი ეშმაკების” მომხრეთა მრავალმილიონიანი არმის კვლავინდებურად აღმერთებს. მუსიე ერიკის ინტერვიუზე დაყოლიება დღემდე პრობლემას წარმოადგენს. შიგადაშიგ ჟურნალისტები ამის მოხერხებას მაინც შეძლებენ ხოლმე და დიალოგიც საინტერესო გამოდის.

ინტერვიუმდე მოკლედ ერიკ კანტონას საფეხბურთო გზას შეგახსენებთ. იგი სამშობლოში “მონპელიეს”, “ბორდოსა” და “მარსელის” ღირსებას იცავდა (პირველთან ერთად კანტონამ საფრანგეთის თასი მოიგო, მესამესთან - ჩემპიონობა), ხოლო 1992-97 წლებში ასპარეზობდა “მანჩესტერ იუნაიტედში” და გუნდთან ერთად ოთხჯერ ინგლისური პრემიერლიგის მოგება მოახერხა (1993, 1994, 1996, 1997) და ორჯერაც ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასს დაეუფლა (1994, 1996). ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად კი ფრანგი მოთამაშე ორჯერ წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს (1994, 1996). 

 - თავის დროზე ჯორჯ ბესტს უთქვამს, სიამოვნებით ვიტყოდი უარს ჩემ მიერ შესმულ შამპანურზე, ოღონდ ერთადერთხელ ერიკ კანტონასთან ერთად “ოლდ ტრაფორდზე” საჩემპიონთალიგო მატჩში მეთამაშაო. თავად თუ ინატრებდით ჯორჯ ბესტის პარტნიორობას?

- ფეხბურთი ხელოვნებაა და ჯორჯ ბესტი ხელოვანი იყო. იგი ყოველთვის ცდილობდა მინდორზე შემოქმედი ყოფილიყო და ფეხბურთში დიდი სახელიც დატოვა. მეც ბესტისმაგვარი მიდგომა მქონდა. ცხადია, მეც სიამოვნებით ვიქნებოდი მისი პარტნიორი, თუმცა, დიდმა მხატვარმა მარტომ უნდა შექმნას შედევრები. დაახლოებით ასევეა ფეხბურთშიც.

- საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი რომელია – მიშელ პლატინი თუ ზინედინ ზიდანი?

- რომელიმე სხვა, ალბათ მე.

- “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნის პერიოდში ყველაზე მეტი სითბოთი რომელი პერიოდი გახსენდებათ?

- არასდროს დამავიწყდება ის განცდა, რომელიც “იუნაიტედთან” ერთად პრემიერლიგის პირველად მოგების შემდეგ დამეუფლა. შემდეგ იყო დუბლი, რომელსაც უკვე გუნდის მომდევნო თაობის პარტნიორებთან ერთად მივაღწიე, საუკეთესო კი მაინც 1993 წელი იყო.

- მწარე განცდა რას უკავშირდება?

- როდესაც დორტმუნდის “ბორუსიასთან” წავაგეთ. ამ წაფორხილებამ დიდი როლი შეასრულა ჩემი “ოლდ ტრაფორდიდან” წასვლის საქმეში.

- საყოველთაო აღიარებით, 1993-94 წლების სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედი” ყველაზე სოლიდურ და სანახაობრივ თამაშს აჩვენებდა. მაშინ სტივ ბრიუსთან, გარი პალისტერთან, პეტერ შმაიხელთან, რაიან გიგზთან, ანდრეი კანჩელსკისთან და მარკ ჰიუზთან ერთად ჩემპიონობაც მოიპოვეთ და თასიც. საუკეთესო პარტნიორებადაც, ალბათ, იმდროინდელ თანაგუნდელებს მიიჩნევთ...

- არც ერთი მათგანის გამოყოფა არ მსურს, მხოლოდ ერთს ვიტყოდი – ბრწყინვალე გუნდი გვყავდა, რომელშიც უდიდესი პიროვნებები და ფეხბურთელები თამაშობდნენ. სამწუხაროა, რომ ყველას ერთად ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობის საშუალება არ მოგვეცა. მაშინ ხომ ნებისმიერ გუნდში ლეგიონერთა რაოდენობა შეზღუდული იყო, რის გამოც საერთაშორისო ასპარეზზე უძლიერესი შემადგენლობის მინდორზე გაყვანას ვერ ვახერხებდით. “მანჩესტერი” დაბალანსებული გუნდი იყო და როდესაც რომელიმე ფეხბურთელი ძირითადიდან ამოვარდებოდა, მწყობრი თამაშის ჩვენებას მაინც ვახერხებდით. აი, ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი ძლიერი მხარეების სრულად წარმოჩენის საშუალება რომ მოგვცემოდა...

- “მენიუს” რიგებში ჩატარებული ბოლო შეხვედრა თუ გახსოვთ?

- 1997 წლის 11 მაისს ლონდონურ “ვესტ ჰემს” ვხვდებოდით. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ რომელიღაც დედაქალაქელ ფეხბურთელთან მაისურები გავცვალეთ. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, “ეპტონ პარკელმა” ჩემი ეკიპირება აუქციონზე სარფიანად გაყიდა.

- მოუხერხებელ მოწინააღმდეგეთაგან რომელ ოპონენტს გამოარჩევდით?

- უხერხული მეტოქე არ მყოლია.

- “ოლდ ტრაფორდზე” თქვენზე დღემდე ლოცულობენ. რამდენიმე წლის წინ ინგლისური პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერად დაგასახელეს. მაინც რის ხარჯზე მიაღწიეთ ესოდენ დიდ აღიარებას ნისლიან ალბიონზე?

- როდესაც ინგლისში ჩავედი, იქ წმინდა ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ დამატებითი ელემენტების შეტანაც სურდათ. ოღონდ სიახლეებს ინგლისური სათამაშო მანერის ტრანსფორმაცია არ უნდა მოეხდინა. ერთი სიტყვით, გამიმართლა – ალბიონზე შესაფერის დროს მოვხვდი, ვფიქრობ, ინგლისურ ფეხბურთში საკუთარი კვალის დამჩნევა შევძელი.

- ფეხბურთს ნაადრევად ხომ არ დაემშვიდობეთ? თქვენი ფიზიკური შესაძლებლობებისა და განსაკუთრებით ტექნიკის მქონე მოთამაშეს კიდევ 3-4 წელი შეგეძლოთ წარმატებით გამოსვლა ინგლისურ პრემიერლიგაში...

- როდესაც ფეხბურთისადმი სიყვარული გინელდება, მინდორზე მხოლოდ და მხოლოდ ფულის გულისთვის გადიხარ. მე 20 წელი ვთამაშობდი და ყოველთვის ვამბობდი, როგორც კი თამაში მომბეზრდება, ვერანაირი ზომის ჰონორარი საფეხბურთო მინდორზე ვერ დამაკავებდა. ასეც მოვიქეცი. არადა, ბევრს ეჭვი ეპარებოდა ჩემი სიტყვების გულწრფელობაში. ისინი ირწმუნებოდნენ, კანტონა წასვლაზე იმიტომ ალაპარაკდა, ხელფასის მომატება სურსო. მათ ერთი რამ არ ესმოდათ – ფულის გამო ფეხბურთი არასდროს მითამაშია – ჯამაგირი სულაც რომ არ მოეცათ, სპორტის საყვარელ სახეობას მაინც მთელი არსებით ვემსახურებოდი. თანაც, ფეხბურთის კომერციალიზაცია არ მომწონდა. თუნდაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ავიღოთ. ჩემ თვალწინ იგი საფეხბურთო კლუბი უზარმაზარ კომერციულ პროექტად გადაიქცა. ისე კი, საფრანგეთის ნაკრებში ემე ჟაკეს რომ ავეყვანე, შესაძლოა, ფეხბურთიდან ცოტა მოგვიანებით წავსულიყავი – 1998-ში ხომ ჩემ სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო.

0.120929