სექტემბრის ბაშო ისე დაიწყო, სუმოს ქართველი გულშემატკივარი უკეთესს ვერც ინატრებდა. ქართველმა სეკიტორებმა ტოჩინოშინიმ, კოკაიმა და გაგამარუმ ჯამში უკვე ექვსი ბრძოლა ჩაატარეს, მარცხის სიმწარე კი არცერთს არ შეუგრძვნია.
ქართველთაგან უმაღლესი რეიტინგის მქონე ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინიმ მეორე გამარჯვება 27 წლის ტოკუსეგავასთან (მე-4 მაეგაშირა) გაიფორმა. 22 წლის ტოჩინოშინიმ, რომელიც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ტურნირს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, 27 წლის მონღოლის დაჯაბვნა მარჯვენამხრიან დგომა მიგი-იოცუში მოახერხა.
გორგაძემ მეტოქის მარჯვენამხრიანი ბოჭვა გაარღვია, უვატენაგეს წყალობით ტოკუსეგავა წონასწორობიდან გამოიყვანა და იორიკირის დახმარებით, იგი დოჰიოს შემომსაზღვრელი ხაზის – ტავარას მიღმა განდევნა.
ტოჩინოშინის გაცილებით რთული გამოცდა ელის აკი ბაშოს მე-3 დღეს, როდესაც ასევე დაუმარცხებელ ოძეკი ჰარუმაფუჯის შეერკინება. გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ქართველი გოლიათი მონღოლს ოთხჯერ გადაეყარა და მისთვის იოლად არაფერი დაუთმია. სეტემბრისა და მაისის ტურნირებზე გამარჯვება გორგაძეს დარჩა, იანვარსა და ივლისში კი “ერისკაცობაში” დავაანიამ ბიამბადორჯად წოდებულმა მონღოლმა იყოჩაღა.
კურიოზულ წარმატებას მიაღწია ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ, რომელიც წლის მორიგ სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა. კოკაი მე-7 მაეგაშირა კიტატაიკის მძლავრად ეკვეთა და ჰატაკიკომის განხორციელებას ლამობდა, როდესაც მეტოქის საპასუხო იერიში “გაეპარა”. სუმოისტებმა წონასწორობა დაკარგეს და აქეთ-იქით გადავარდნენ, თუმცა, ადგილობრივი პუბლიკისდა სამწუხაროდ, 27 წლის ტოკიოელი დოჰიოს ქართველზე ოდნავ ადრე შეეხო.
“შავ ზღვას” წარმატებული სვლის გაგრძელების კარგი შანსი აქვს, რადგანაც ხვალ არცთუ კარგ ფორმაში მყოფ ბუშუიამას ხვდება. 34 წლის იაპონელი მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯება, “რიოგოკუ კოკუგიკანში” კი განვლილი ორივე შეხვედრა წააგო. ზუსტად ერთი წლის წინ კოკაი ბუშუიამასთან უვატენაგეთი დამარცხდა, თუმცა, წლეულს იანვარსა და მარტში, ჯერ – იორიკირით, ხოლო შემდეგ ჰიკიოტოშით აჯობა.
კოკაისგან განსხვავებით, დიდი ჯაფა არ დასდგომია თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მხოლოდ მე-2 ბაშოს ატარებს. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა 36 წლის ვეტერანი ტოიოძაკურა (მე-17 მაეგაშირა) არ დაინდო და ორ თვლაში დოჰიოს მიღმა ოშიდაშით “მოისროლა”. ცნობისთვის, ჯუღელი 23 წლის გახლავთ და მაკუუჩიში ყველაზე მძიმე (202 კგ.) სეკიტორად ითვლება. გაგამარუს მომდევნო მოწინააღმდეგე მე-16 მაეგაშირა ტოსანოუმი (იაპონია) იქნება, რომელსაც თითო მოგება-წაგება გააჩნია.
აკის ბაშოს ორი დღის თავზე, ქართული ტრიოს გარდა, დაუმარცხებლად კიდევ ათი სუმოისტი ირჯება, რომელთა შორის იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკები კოტოოშუ, კაიო და ჰარუმაფუჯიც იმყოფებიან. მოულოდნელად წაიფორხილა კიდევ ერთმა ოძეკი ბარუტომ. 25 წლის ესტონელი კომუსუბი კისენოსატოს ცუპარებით ეკვეთა, თუმცა, მეტოქის დოჰიოს მიღმა გაყვანა ვერ მოახერხა და საპასუხო ოშიდაშის ვეღარ გაუმკლავდა.
ცუდი დღე ჰქონდა ჩრდილო ოსეთის წარმომადგენელ არანსაც. ალან გაბარაევი ტოკიოს ტურნირს სეკივაკეს რანგში კი შეხვდა, თუმცა, ზედიზედ მეორედ დამარცხდა (ამჯერად, მე-3 მაეგაშირა კოტოშოგიკუსთან) და თუკი ასე განაგრძო, საკმაოდ მაღალ წოდებას მალევე დაემშვიდობება.
აკი ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 26 სექტემბერს დასრულდება.







