სპორტის სასახლეში მიმდინარე ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრები 6 მედლით ჩაამთავრებენ. 3 ბრინჯაო უკვე განაღდებულია, 3 ქართველი კი საღამოს ფინალში იჭიდავებს.
ჭაბუკთა შორის მედლები 48 , 60 75 კილოგრამ წონით კატეგორიებში თამაშდება. გიორგი კაციამ (60 კგ) და შმაგი შალიფაშვილმა (75 კგ) ყველა შეხვედრა მოიგეს და ოქროს თითო გამარჯვებაღა აშორებთ. ლერი ჯიხვაშვილმა (48 კგ) კი მესამე ადგილი დაიკავა. კაცია ფინალში ბელარუს სერგეი უშივეცს შეხვდება, ხოლო შალიფაშვილი რუსეთის სახელით მოჭიდავე გიორგი ქარელს.
ახალგაზრდებში მედლების სამი კომპლექტი თამაშდება და საქართველოს ნაკრები აქაც ნაყოფიერად გამოდის. ვახტანგ სარაჯიშვილი (82 კგ) ჩემპიონის ტიტულისთვის უკრაინელ იური სკრიპალს დაუპირისპირდება. გივი ნადარეიშვილი (48 კგ) და გიორგი ტაბატაძე (62 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
დღესვე ლეიბზე 18 და 20-წლამდე გოგონებიც გავიდნენ სამ-სამ წონაში, ქართული გუნდიდან კი ჩემპიონატში მხოლოდ ნინო მარტიაშვილი (65კგ) ჩაერთო და პირველსავე წრეში დამარცხდა.
17:00 საათზე მსოფლიოს პირველობის გახსნის ცერემონიალი გაიმართება, მისი დასრულებისთანავე კი ფინალები ჩატარდება.
ოთარ მაღლაკელიძე







