ასეთი რამ არასდროს მომხდარა – აკი ბაშოს სამი დღის თავზე, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დაუმარცხებლად ექვსი სუმოისტი გალიდერდა, რომელთა შორის ორი ქართველია – დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინი და აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა გაგამარუ.
ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ სექტემბრის ტურნირის საწყის დღეებში სეკივაკე არანსა და მე-4 მაეგაშირა ტოკუსეგავას აჯობა, დღეს დილით კი ოძეკი ჰარუმაფუჯიც არ დაინდო და 26 წლის მონღოლს იორიკირით აჯობა.
22 წლის ქართველმა გოლიათმა მეტოქის მავაში მარცხენა ხელით მოიგდო და “მზიურ ცხენს” საპასუხო ჰიდარი-უვატეს დაფიქსირების საშუალება არ მისცა. ამ ფონზე, მონღოლმა უვატენაგეს მოგერიება შეძლო და მარჯვნიდან შიტატენაგეს განხორციელებას შეეცადა. საბედნიეროდ, გორგაძემ წონასწორობა შეინარჩუნა, მარცხენამხრიან ბოჭვას ბოლომდე მისდია და ძალისმიერი მიწოლით მე-3 გამარჯვება გაიფორმა.
ოძეკისთან მოუწევს დაპირისპირება ტოჩინოშინის მომდევნო ტურშიც. ბულგარელი კოტოოშუ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” ქართველის დარად დაუმარცხებლად ასპარეზობს, თუმცა, მიმდინარე წელს გორგაძესთან უკვე ორჯერ აქვს წაგებული. მაისში ტოჩინოშინიმ კოტოოშუ იორიკირით დაამარცხა, ივლისში კი ოძეკის ოშიდაშით სძლია.
ლიდერთა შორის იმყოფება გაგამარუს მეტსახელით მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც მაკუუჩიში სულ მეორედ ირჯება, თუმცა, ისეთი პირი უჩანს, მე-15 მაეგაშირას წოდებას მალე გაცილებით მაღალ ტიტულზე გაცვლის. 23 წლის გაგამარუმ ამჯერად მაკუუჩის ყველაზე ხნიერი სეკიტორი – 38 წლის ექს-სეკივაკე ტოსანოუმი (მე-16 მაეგაშირა) არ დაინდო და ოშიდაშით სწრაფად გაუმკლავდა.
ხვალ, ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტი (ჯუღელი 202 კგ-ს იწონის) კიდევ ერთ მე-16 მაეგაშირა კიოკუნანკაის გაეჯიბრება. ამ უკანასკნელს სამიდან ერთადერთი ბრძოლა აქვს მოგებული და ცხადია, ქართველს იოლად არაფერს დაუთმობს. წლეულს იანვარში გაგამარუმ კიოკუნანკაის ოშიდაშით სძლია, მაისში კი იაპონელს უკვე ოშიტაოშით გაუმკლავდა.
ტოჩინოშინის, გაგამარუსა და კოტოოშუს გარდა, ლიდერებში იოკოძუნა ჰაკუჰო, მე-11 მაეგაშირა იოშიკაძე და მე-13 მაეგაშირა კასუგაო იმყოფებიან. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ სექტემბრის ბაშოს მე-4 დღეს ეს უკანასკნელნი ერთმანეთს შეერკინებიან, ჰაკუჰოს მეტოქე კი მე-2 მაეგაშირა ჰომაშო იქნება.
მონღოლმა იოკოძუნამ საიუბილეო – ზედიზედ 50-ე (!) გამარჯვება პირველ მაეგაშირა ვაკანოსატოსთან იზეიმა და ტოიონოფუძის მიღწევას (მიჯრით 53 მოგება) კიდევ უფრო მიუახლოვდა. თუკი “თეთრმა “ფენიქსმა” ხსენებული მაჩვენებელი დასძლია, შემდეგ სამიზნედ ფუტაბიამას ერთი შეხედვით “მარადიული რეკორდი” ექნება. ამ უკანასკნელს ზედიზედ 69 (!) შეხვედრა აქვს მოგებული და სუმოს ისტორიაში საუკეთესო სედეგს კარგა ხანია ინარჩუნებს.
აკი ბაშოზე მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ, პირველად წაიფორხილა ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ. კოკაიდ წოდებულმა 29 წლის ქართველი 34 წლის ბუშუიამასთან შეჯახებას სათანადოდ ვერ დაუდგა და დოჰიოს მიღმა ისე გადააბიჯა, იაპონელის ჰატაკიკომიზე წამოკიდება ვერ მოახერხა. “შავი” ზღვა შემოდგომის სუპეტურნირს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და თუკი რეიტინგში დაწინაურება სურს, დადებითი ბალანსის ანუ კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად უნდა იზრუნოს.
კოკაის მომდევნო მოწინააღმდეგე მე-10 მაეგაშირა შიმოტორი იქნება, რომელსაც ქართველის დარი ბალანსი (2 მოგება, 1 მარცხი) გააჩნია. გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული ცაგურია იაპონელს 6-დან 5 (!) ბაშოზე გადაეყარა და მათ შორის გამარჯვებული მუდმივად იორიკირის წყალობით ვლინდებოდა. კოკაის აქტივში ორი გამარჯვებაა, სამჯერ კი მისმა მეტოქემ იყოჩაღა.
სექტემბრის ტურნირზე პირველი მარცხი შეემთხვა 38 წლის ვეტერან ოძეკი კაიოს. 23 წლის ტოჩიოძანმა, რომელიც ტოჩინოშინის მსგავსად, კასუგანოს ჰეიას წარმომადგენელია, მეტოქეს მავაშიში ჩაჭიდების საშუალება არ მისცა, თავად კი კორპუსში “შევიდა” და ოშიდაშის ხარჯზე, სახელოვან თანამემამულეს კარიერაში პირველად აჯობა. აქვე მოგახსენებთ, რომ ამჟამად, კაიო კადობანში გახლავთ ჩაყენებული და თუკი აკი ბაშოს კაჩი-კოშით დასრულება ვერ შესძლო, ოძეკის წოდებას გამოეთხოვება.
2010 წლის მორიგ სუპერტურნირზე გამარჯვების გემო ჯერაც ერთბაშად ცხრა სუმოისტს არ შეუგრძვნია, რომელთაგან ყველაზე ტიტულოვანი 26 წლის ოსი სეკივაკე არანია. ჩრდილო ოსეთის მკვიდრმა ალან გაბარაევმა სუმოს იერარქიაში მე-3 წოდებას ივლისის ბაშოზე გაბრწყინებით უწია, თუმცა, მძიმე ტვირთის ზიდვა ვეღარ მოახერხა. 24 წლის მონღოლმა კაკურიუმ ორივე ხელით ბოჭვა “შიტატე” დააფიქსირა და არანი დოჰიოდან იორიკირით განდევნა.
ცნობისთვის, ტოკიოს ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და ფინიშის სწორზე 26 სექტემბერს გავა.







