77 წლიანი პაუზის შემდეგ ბრიტანელმა ჩოგბურთელმა უიმბლდონი მოიგო. შოტლანდიელმა ენდი მარეიმ რეიტინგსიის ლიდერის ნოვაკ ჯოკოვიჩის 6:4, 7:5, 6:4 ძლევის შემდეგ სრულიად გაერთიანებული სამეფო გაახარა. ენდის წარმატება დიდი ბრიტანეთის დედოფალმა და პრემიერ მინისტრმა პირადად მიულოცეს, ყველაზე მეტად კი მარეის მშობლიურ ქალაქ დანბლეინის მცხოვრებლებმა იზეიმეს თანაქალაქელის ტრიუმფი.
- ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის მოგების შემდეგ განაცხადეთ, რომ ამ ტურნირს სხვა შეჯიბრებები ვერ შეედრებიან. უიმბლდონის ჩემპიონობის შემდეგ თვალსაზრისი შეცვალეთ?
- ყოველთვის ვამბობდი, რომ უიმბლდონის მოგება ნებისმიერი ჩოგბურთელის კარიერის მწვერვალია. ამაში ნოვაკ ჯოკოვიჩთან ჩატარებულმა ფინალმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა. ბურთის ბოლო გათამაშებები ჩემ კარიერაში ყველაზე რთული იყო. ჟერ კიდევ მიჭირს იმის ბოლომდე გათავისება, უიმბლდონი რომ მოვიგე.
- თქვენი მშობლიური ქალაქი დანბლეინი უიმბლდონის ფინალის მსვლელობისას ცარიელი იყო. ყველანი ტელევიზორთან იყვნენ მიჯაჭვულები, თქვენი მოგების შემდეგ კი ყველანი ქუჩაში გამოეფინნენ და თანაქალაქელის ტრიუმფი იზეიმეს. რა მიმართვა გსურთ გაუგზავნოთ დანბლეინელებს?
- ჩემ ერთგულ გულშემატკივრებს შორის ბაბუა და ბებიაც იყვნენ. ისინი ფინალს იმ სპორტულ კლუბში ადევნებდნენ თვალს, რომელშიც ჩემი საჩოგბურთო კარიერა დაიწყო. კლუბი გადაჭედილი იყო და თითქოს იქ შეკრებილი ადამიანების მხარდაჭერას კორტზე ვგრძნობდი. უდიდესი მადლობა თანამემამულეებს ესოდენ გულმხურვალე ქომაგობისთვის. ფინალის დასრულების შემდეგ კი ბაბუას და ბებიას დავუკავშირდი და ვთხოვე, დანბლეინელებისთვის ჩემი სამადლობელი სიტყვები გადაეცათ. მოხარული ვარ, მათ ესოდენ დიდი სიხარული რომ განვაცდევინე.
- საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში უდიდესი წინსვლა გაქვთ. მაინც რა გადამწყვეტი მომენტი თქვენ სამოთამაშეო პროგრესში?
- უპირველესად შეუპოვრობას ვახსენებდი. სწორედ ამ ერთი სიტყვით შემიძლია დავახასიათო მთელი ჩემი სპორტული კარიერა. ბევრი არასასიამოვნო მარცხი მაქვს განცდილი, მაგრამ ხელები არასდროს ჩამომიშვია და რეიტინგში წინსვლასაც განვაგრძობდი. შაბოლოოდ შრომამ თავისი გაიტანა, წაგების მედგრად გადატანა ვისწავლე და სადიდსლემო შეჯიბრებების მოგების დროც დამიდგა.
- ნოვაკ ჯოკოვიჩთან ფინალის დასრულებისთანავე ტრიბუნაზე ახვედით, სადაც ივან ლენდლი და სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრები ისხდნენ...
- მთელი ჩემი მხარდაჭერის ჯგუფისთვის მადლობის თქმა მინდოდა და ეს ემოციურად მოვახერხე. Lენდლს კი ისივ ვუთხარი, რომ მას შეუძლია თავი უიმბლდონის ჩემპიონად ჩათვალოს. მოგეხსენებათ, მოთამაშეობისას ივანმა ეს მოახერხა და დამრიგებლობისას შეძლო. ჩემი წარმატება ერთბაშად რამდენიმე ადამიანის თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია და კონკრეტულად რომელიმეს გამოყოფა არ მსურს.
- შარშან ამავე კორტზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების საჩოგბურთო ტურნირი მოიგეთ. შარშანდელი და წლევანდელი ფინალების დროს ტრიბუნებზე ანალოგიური ატმოსფერო იყო გამეფებული?
- უიმბლდონის ფინალში გამეფებული ატმოსფერო ჩემი კარიერის განმავლობაში საუკეთესო გახლდათ.
- დიდი ხნის ოცნება აიხდინეთ. ღას შეცლის ეს თქვენ პირად ცხოვრებაში? ოჯახს ხომ არ მოეკიდებით?
- ამაზე ჯერჯერობით არ მიფიქრია.