საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი ემანუელ პეტი ფიფა-ს ოფიციალურ საიტთან საუბარში თანამედროვე ვარსკვლავებზე საუბრობს. პეტი – ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც XX საუკუნეში მუნდიალების ისტორიაში ბოლო გოლი გაიტანა. საუბარია საფრანგეთ-ბრაზილიის ფინალზე, რომლის ბოლო წუთზე გრძელთმიანმა ნახევარმცველმა ანგარიში 3:0 გახადა. პეტი ბრწყინავდა “არსენალში” და 1998 წელს საერთო ჯამში 6 ტიტული მოიგო.
ახლა კი, ინტერვიუ:
- “ოქროს ბურთის” სამ ფინალისტს შორის არიან ლეო მესი, ხავი და კრიშტიანუ რონალდუ. თქვენი აზრით, სწორედ ეს სამეული უნდა იყოს?
- ძნელია, ობიექტური ვიყო, თუმცა ვფიქრობ, მართებული სამეულია. ესპანური ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა, ასე რომ, ლოგიკურია, რომ სამივე პრეტენდენტი ლა-ლიგიდანაა.
- ამ სამიდან რომელია თქვენი ფავორიტი?
- სამივე იმსახურებს. ხავიმ ნახევარმცველის გაგება სხვა დონეზე აიყვანა, მის გარეშე დღევანდელი “ბარსელონა” წარმოუდგენელია. ხავის არა მარტო მომენტების შექმნა, გოლების გატანაც შეუძლია. რაც შეეხება მესის, ის “ბარსას” თამაშს ჯადოსნურ სახეს აძლევს. და მაინც, ჩემი ხმა რონალდუს! არადა, ყველამ იცის, რომ მე “ბარსელონას” ფეხბურთელები ძალიან მიყვარს, რადგან სწორედ ამ დიდ კლუბში ვთამაშობდი. “რეალში” უფრო ძნელია თავის გამოჩენა. რონალდუ მთავარ როლს ასრულებდა ინგლისში და ესპანეთშიც არ ჩაკარგულა. ძალიან მინდა, რომ ნაკრებშიც ისევე თამაშობდეს, როგორც ამას “რეალში” აკეთებს.
- ფეხბურთელობისას “ოქროს ბურთის” არაერთ მფლობელთან გითამაშიათ. რომელ მათგანს გამოარჩევდით?
- მარკო ვან ბასტენს, მიშელ პლატინისა და ზინედინ ზიდანს. ეს ფეხბურთელები მაგალითები იყვნენ არა მარტო მოედანზე, არამედ მის მიღმაც.
- “ოქროს ბურთს” მეტწილად შემტევი ფეხბურთელები იღებენ. თქვენ, როგორც დაცვითი სტილის ფეხბურთელი, ამაში უსამართლობას ხომ არ ხედავდით?
- პაოლო მალდინი, ლილიან ტიურამი, მარსელ დესაი, ფრანკო ბარეზი და ამ დონის მცველები ყველანაირ ჯილდოს იმსახურებენ. საერთოდ, ყველაზე ლოგიკურია, “ოქროს ბურთს” ცალ-ცალკე პოზიციის ფეხბურთელებს აძლევდნენ – ანუ, მეკარეს, მცველს, ნახევარმცველსა და ფორვარდს.
- ინგლისში ექვსი წელი თამაშობდით და შემდეგ გადახვედით “ბარსელონაში”. რა დაგაკლდათ საიმისოდ, რათა კატალონიაშიც გამოგეჩინათ თავი?
- უბრალოდ, არცთუ ხელსაყრელ დროს გადავედი. ახლა ვიხსენებ იმ პერიოდს ღიმილით, თორემ მაშინ არაფერი მილხინდა. ის “ბარსა” დიდი გუნდი იყო, თუმცა თაობათა ცვლა მიმდინარეობდა. რივალდო, ხოსეპ გვარდიოლა, ფრანკ და რონალდ დე ბურები – ბრწყინვალე ფეხბურთელები იყვნენ, თუმცა ასაკი თავისას შვრებოდა. და არც მე ვიყავი პატარა... აი, პასუხი თქვენს კითხვაზე.
- შეგვიძლია, დღევანდელ “ბარსელონას” მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვუწოდოთ?
- ეს გუნდი ყოველთვის გამარჯვებებისკენ მიისწრაფის და მშვენივრადაც გამოსდის. ფეხბურთელები სწრაფ, თანამედროვე ფეხბურთს აჩვენებენ და ეს გულშემატკივარს მოსწონს. როცა მეკითხებიან, რა არის ფეხბურთიო, ვპასუხობ: “შეხედეთ “ბარსელონას” და მიხვდებით”. ვფიქრობ, დღევანდელი “ბარსა” თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ 1970 წლის ბრაზილიის ნაკრებს.
- თქვენს კარიერას დავუბრუნდეთ. თამაშობდით “მონაკოში”, “არსენალში”, “ბარსელონასა” და “ჩელსიში”. რომელმა კლუბმა დაგიტოვათ საუკეთესო მოგონებები?
- 1998 წელი ჩემი კარიერის პიკია. საფრანგეთის ნაკრებსა და “არსენალში” ექვსი ტიტული მოვიგე.
- მართლაც, რას იტყოდით ევრო-2012-ზე საფრანგეთის ნაკრების შანსზე?
- ჭიქის პატრიოტიზმს ჩემგან ნუ ელით. ვფიქრობ, ლორან ბლანის გუნდი დღეს ვერც მორალურად და ვერც სათამაშო ხარისხით ვერ ჩაითვლება ჩემპიონობის ფავორიტად. მართალია, კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ისინი ნაკრებში ჯერ ვერ გაიხსნენ. თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთი აუტსაიდერთა შორის ნამდვილად არაა.
- არ გსურთ, ბლანს მიბაძოთ და მწვრთნელი გახდეთ?
- ახლა სხვა პრიორიტეტები მაქვს. მწვრთნელობა თუ გსურს, ამ პროფესიას ყველაფერი უნდა დაუთმო, მე კი ამგვარი მსხვერპლის გაღება ჯერ არ მსურს.
ილია ნანობაშვილი







