სხვა

22:38 | 28.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ელენე ხუთეულშია!

შვეიცარიულ ბერნში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში, 21 წლის ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამა ჩინებულად შეასრულა და მე-5 შედეგი აჩვენა, რისი წყალობითაც საპრიზო სამეულში მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსი შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ გასულ ევროპირველობაზე, ელენე მხოლოდ იტალიელ კაროლინა კოსტნერსა და ფინელ ლაურა ლეპისტოს ჩამორჩა და საქართველოს ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოუპოვა, ამდენად, ქართველი გოგონა ტიტულის დაცვისთვის იბრძვის.
მოკლე პროგრამაში სულ 28 მონაწილე ჩაერთო, ფინალში კი - 24 საუკეთესო გადიოდა. გედევანიშვილი ფავორიტთა შორის მოიაზრებოდა, ამდენად, კვალიფიკაციას რომ დაძლევდა, ეჭვიც არ შეგვპარვია.
ასეც მოხდა. ქართველმა გოგონამ კინოფილმ “ჩიკაგოს” საუნდტრეკზე დადგმული ტანგო ფაქტობრივად, უშეცდომოდ შეასრულა და 53.68 ქულა (27.03 ტექნიკური ელემენტებისთვის+26.65 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო, რითაც მხოლოდ ოთხ მეტოქეს ჩამორჩა.
გედევანიშვილის წინ, ულამაზესი ფინელი კიირა კორპი (63.50, შარშან იგი მე-4 გახლდათ), 18 წლის რუსი კსენია მაკაროვა (60.35), ევროპირველობის ორგზის ვერცხლისმედალოსანი, შვეიცარიელი სარა მაიერი (58.56) და შვედი ვიკტორია ჰელგესონი (54.70) აღმოჩნდნენ.
სამაგიეროდ, ელენემ უკან მოიტოვა სამზგის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პირველობის ვერცხლისმედალოსანი, კაროლინა კოსტნერი. იტალიელმა მოკლე პროგრამა აშკარად ჩააგდო, მსაჯებმა მას 2 ქულა დააკლეს და საბოლოოდ, 53.17 ქულით მხოლოდ მე-6 საფეხურზე გავიდა.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ქართველ სპორტსმენს საკუთარი საუკეთესო შედეგი რომ ეჩვენებინა, მე-2 პოზიციაზე აღმოჩნდებოდა. შეხსენებისთვის, ელენემ 61.92 ქულა გასულ ოლიმპიადაზე მიიღო.
ფინალისტები თავისუფალ პროგრამას ხვალ შეასრულებენ, გედევანიშვილი კი, 22-ე ნომრად გამოვა ანუ კენჭისყრისას საკმაოდ გაუმართლა. მაკაროვა, კოსტნერი და კორპი ელენეს წინ ისპარეზებენ, მის შემდეგ კი - ჰელგესონი და მაიერიღა გამოვლენ.
ქართველი გოგონა ტრადიციულად, ენდრიუ ლოიდ ვებერის მუსიკაზე იცეკვებს მიუზიკლიდან “ოპერის მოჩვენება”. ცნობისთვის, გედევანიშვილს თავისუფალ პროგრამაში საუკეთესო შედეგი გასულ ევროპის ჩემპიონატზე აქვს დაფიქსირებული, როდესაც 103.72 ქულა დაიმსახურა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098316