სხვა

16:37 | 22.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ელენე მაოს კვალში ჩაუდგა, თუმცა, მხოლოდ მეცხრეა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სტარტი აიღო გრან პრის სერიის პირველმა ეტაპმა ფიგურულ სრიალში, რომელიც NHK-ს სახელითაა ცნობილი. ტურნირში 12 მონაწილე ჩაება, რომელთა შორის ქართველი გოგონა ელენე გედევანიშვილიც იმყოფება.
შეჯიბრების პირველ დღეს სპორტსმენებმა, ტრადიციულად, მოკლე პროგრამა შეასრულეს. 20 წლის გედევანიშვილმა კიონიფილმ “ჩიკაგოს” საუნდრეკზე იცეკვა და მე-9 ადგილზე გავიდა.
ელენემ პროგრამულ კომპონენტებში საკმაოდ ნორმალური შეფასება (25.86 ქულა) მიიღო და მე-5 შედეგი აჩვენა, ტექნიკური კომპონენტებისთვის კი ძალიან დაბალი ქულები (18.65) დაიმსახურა და ამ მხრივ მხოლოდ აუტსაიდერ კანადელ დიან შმიტს (14.04) აჯობა. ჯამში, ელენე მსაჯთაგან 47.95 ქულას გამორჩა და მოკლედ პროგრამის შემდეგ გალიდერებულ იტალიელ კაროლინ კოსტნერს (57.27) თითქმის 10 ქულით ჩამორჩა.
ევროპის მრავალგზის ჩემპიონს მცირედით ჩამორჩა მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის გამარჯვებული იაპონელი კანაკო მურაკამი (56.10), მისი სახელოვანი თანამემამულე მაო ასადა კი საკუთარ თავს არ ჰგავდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ერთხელ დაეცა კიდეც და 47.95 ქულით, მხოლოდ მე-8 ადგილზე, უშუალოდ გედევანიშვილის წინ აღმოჩნდა.
ქალთა შორის თავისუფალი პროგრამა ხვალ, 23 ოქტომბერს გაიმართება. ქართველი გოგონა, რომლის მწვრთნელი და ქორეოგრაფი ამერიკელი რობინ ვაგნერი გახლავთ, ამჯერად, ენდრიუ ლოიდ ვებერის მუსიკაზე იცეკვებს მიუზიკლი “ოპერის მოჩვენებიდან”.
შეგახსენებთ, რომ გედევანიშვილის პირადსარეკორდო მაჩვენებელი 165.54 ქულას უოტოლდება, რომელიც მან გასულ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა და საქართველოს ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მაშინ მოკლე პროგრამაში ელენემ 61.92 ქულა მიიღო, რითაც ტოკიოს ტურნირის ეტაპზე ერთპიროვნული ლიდერი იქნებოდა.
NHK ტროფის საპრიზო ფონდი 180 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 18 ათასს მიიღებს. ჩემპიონსვე ერგება 15 სარეიტინგო ქულაც. სულ ქულები მოწინავე რვა სპორტსმენს ერგება (შესაბამისად, 15, 13, 11, 9, 7, 5, 4 და 3 ქულა). ცნობისთვის, ამჟამად, გედევანიშვილის მონაგარი 1906 ქულაა და მას მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილი უკავია.
გრან პრის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ (თითოეულ სპორტსმენს ორ ტურნირში შეუძლია მონაწილეობის მიღება), ექვსი საუკეთესო გოგონა ფინალური რაუნდის საგზურს მიიღებს, რომელიც 9-12 დეკემბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება. დასკვნითი შეჯიბრის საპრიზო ფონდი 272 ათასი დოლარია.

 
NHK ტროფი, სრიალის საერთაშორისო ფედერაციის (ISU) გრან პრის 2010-2011 წლის გათამაშება, ტოკიო (იაპონია)
ქალები, მოკლე პროგრამა
1. კაროლინა კოსტნერი (იტალია) 57.27 ქულა (27.52+29.75)
2. კანაკო მურაკამი (იაპონია) 56.10 (29.81+26.29)
3. რეიჩელ ფლეტი (აშშ) 53.69 (28.29+25.40)
4. ეშლი ვაგნერი (აშშ) 52.93 (27.34+25.59)
5. კიირა კორპი (ფინეთი) 52.60 (23.89+28.71)
6. კაროლინ ჟანგი (აშშ) 50.71 (25.93+24.78)
7. ჯენა მაკკორკელი (დიდი ბრიტანეთი) 49.07 (26.36+22.71)
8. მაო ასადა (იაპონია) 47.95 (20.00+28.95)
9. ელენე გედევანიშვილი (საქართველო) 44.51 (18.65+25.86)
10. ვიკტორია ჰელგუსონი (შვედეთი) 43.66 (21.49+23.17)
11. ლენა მაროკო (საფრანგეთი) 41.67 (22.99+19.68)
12. დიან შმიტი (კანადა) 31.90 (14.04+18.86)
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094112