თავის დროზე დიდმა გაბრიელ გარსია მარკესმა დაწერა: “ურუგვაელები არასოდეს საუბრობენ ამინდზე. მათ გარშემო ხომ ყოველთვის ამინდზე მნიშვნელოვანი ამბები ხდება”. ურუგვაელები ალბათ არც ახლა საუბრობენ ამინდზე, როდესაც მათ საფეხბურთო ნაკრებს რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდი დრო უდგას და მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ შეხვედრაში არგენტინას სძლიეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა მაინც რთულ და ძნელად მისაღწევ საქმედ ექცათ.
სამაგიეროდ, დიდი ზეიმია კოლუმბიაში, უკანასკნელ წლებში ხომ კოლუმბიის უმთავრესი გუნდი უძლურებასა შინა იყო და ფეხდალოცვილი ასპრილიასა და თავბუჩქა ვალდერამას ჟამის შემდგომ, რადამელ ფალკაოს ეპოქას ეს ქვეყანა ისე ელოდა, როგორც არაბნი ელოდნენ მუჰამედს. ახლა სრულიად კოლუმბიას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში და იქ მოპოვებული გამარჯვებები ისე სწყურია, როგორც უდაბნოში ხეტიალით დაქანცულ სარკინოზებს წყალი. თან, ჩვენი პლენეტის მეკოეფიციენტეებს რომ ჰკითხოთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების შემდგომ, მთელს ლათინურ ამერიკაში ყველაზე კარგად თამაშის შანსი სწორედ კოლუმბიას აქვს. რატომ? ნახეთ ამ შესარჩევ ციკლში კოლუმბიის გუნდის მიერ ჩატარებული თუნდაც ერთი შეხვედრა და მიხვდებით რატომაც!
ეჰ, ჩვენი ბედკრული ვენესუელა... უმდიდრესი და ამასთანავე უღარიბესი ქვეყანა...… ათწლეულების მანძილზე ვენესუელას ნაკრები ლათინურ ამერიკაში ყველაზე სუსტ და მაჩანჩალა კრებულად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო დროს ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ბურთის მგორებელმა ვენესუელელებმა ნაკრები ისე კოხტად აათამაშეს – თქვენი მოწონებული. ამას უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის ამბიციაც მოჰყვა მაგრამ... მაგრამ ნათქვამია: “შეჩვეულს ნუ გადააჩვევო” და ამ გამოთქმისდა შესაბამისად, ვენესუელელებმა რამდენიმე კარგად ჩატარებული მატჩის პარალელულად, ზოგიერთ თამაშში ქულები ჰაერში ანიავეს და როგორც ჩანს, ვენესუელასგან სასწაულის მოხდენას მომდევნო ჩემპიონატებზე არ უნდა ველოდოთ.
შესანიშნავი გუნდია ჩილე. ამ კრებულის რამდენიმე მატჩი ვნახე და ვერაფერს დაუწუნებს კაცი. (მით უმეტეს, ადამიანი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ქომაგობს) მაგრამ, ამ გუნდისგან, იმავე კოლუმბიისგან განსხვვებით, რაიმე განსაკუთრებულს ალბათ მაინც არ უნდა ველოდოთ. თუ ასე არ არის, აგერ ვართ ჩვენ და აგერაა ჩილეც...
არც ეკვადორის მებრძოლ და ჯიგრიან გუნდს სჭირს რაიმე ჩვენი დასაწუნი. მერე რა, რომ თაობა მათაც დაუბერდათ და კიტოს ცენტრალურ სტადიონზე “სხვა ხალხის ისმის ჟრიამული”.
ვისაც ლათინური ამერიკის ამბები აინტერესებს, მათთვის ამ კონტინენტის ფეხბურთის შესახებ ყველაფერი საინტერესოა, კოლუმბიელთა ბედნიერების ამბებიცა და პარაგვაელთა დაღუპვა და ცრემლთათხევაც. მაგრამ იმ დალოცვილ კონტინენტზე მთავარი ყოველთვის არგენტინა და ბრაზილია იყო, არის და ალბათ ასეც იქნება მომავალშიც. სამზადისზე მეტია ის, რაც დღეს ბრაზილიაში ხდება. ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელები თვითოეულ პოზიციაზე ათეულობით ფეხბურთელს სინჯავენ და ერთი შეხედვით ყოვლად წარმოუდგენელ კანდიდატურებსაც კი განიხილავენ. ბრაზილიელი ინჩასები ახალ სიმღერებს თხზავენ და მღერიან. პელეც კი გამოფხიზლდა საღათას ბებრული ძილიდან და განაცხადა, რომ თუ ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდება, მას უბრალოდ შერცხვება ბრაზილიელობა.
არგენტინაშიც დიდი კბილების ლესვა და რღჭიალია. იქით გაბრიელ ბატისტუტა იქადნება, სულ ორი დღე მიმიშვით ჩვენი ნაკრების ბიჭებთან ვარჯიშზე და მე ვასწავლი მაგათ როგორ უნდა მოუგონ ბრაზილიასო. იქით დიეგო მარადონა გაჰკივის: ”ვისაც ჩემი არეული ნაკრები არ მოეწონა, იმის დალაგებულის ასე და ისეო”. ეს არგენტინელი გულშემატკივრებიც ხომ სულ გიჟები იყვნენ და ახლა რაღა გამოასწორებდათ?!
და ამ ყველაფერის მერე, რატომ არ უნდა გიყვარდეს ლათინოამერიკული ფეხბურთი?..