ფეხბურთი

19:12 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძოძუაშვილმა “ტორპედოსთან” ერთად პირველად მოიგო

 

ბოლნისელები რომ უქულოდ დარჩნენ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ და არა რაიმე გარე ფაქტორებს. ლადო ბურდულის გაწვრთნილებმა ორი ტაიმის განმავლობაში მეტოქეზე გაცილებით მეტი საგოლე მომენტი შექმნეს, ანგარიშშიც დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო “სიონს” ზურაბ ბათიაშვილი, ლაშა თოთაძე, ლადო ახალაია და ირაკლი სამხარაძე აკლდნენ, წაგებისთვის ეს გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება.

რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით “ტორპედომ” პირველი ოფიციალური თამაში მოიგო, რამაც 68 წლის სპეციალისტი ერთობ გაახარა. სტუმრები დიდწილად წარმატებას ოთარ კვერნაძეს უნდა უმადლოდნენ, რომელმაც მოედანზე ნახევარი საათი დაჰყო და როგორ იტყვიან, თამაში “გააკეთა”. 20 წლის თავდამსხმელმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მოგვიანებით მის აქტიურობას ქუთაისელთა მეორე გოლი მოჰყვა.

მიმდინარე სეზონში “სიონი” საშინაო მატჩებს “მიხეილ მესხის” მთავარ არენაზე ატარებდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ 5 მარტს საქართველოს ეროვნული გუნდი ლიხტენშტაინის ნაკრებთან ისპარინგებს, ბოლნისელებმა სათადარიგო სტადიონზე ითამაშეს. ამ უკანასკნელის მშენებლობა საბოლოოდ რომ დასრულდება, იქ არა მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის, არამედ, ასაკობრივი ნაკრებების მატჩებიც გაიმართება. საქართველოში სტადიონების სიმწირის გამო, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი მართლაც მისწრებაა.

პირველი სახიფათო მომენტი “სიონის” კართან შეიქმნა, როდესაც მე-15 წუთზე, მამუკა ღონღაძის პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა ბექა ტუღუშმა კარს ააცილა. საპასუხო შეტევის დროს, აფციაურმა მარცხნიდან “ტორპედოს” საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ზვიად ლობჟანიძემ სტუმართა მეკარესთან ორთაბრძოლაში თავით გაიტანა. თუმცა, ლევან კვარაცხელიამ როინ კვასხვაძეზე ბოლნისელის მხრიდან თავდასხმა დააფიქსირა და ბურთი არ ჩათვალა. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში, მარჯვნიდან გიორგი ცხადაიას პასის შემდეგ, მეტოქის კართან ზურგით მყოფმა გიორგი კახელიშვილმა ვარდნაში შემოტრიალებით უზუსტოდ დაარტყა. ტაიმის შუაწელში ალექსანდრე გოგობერიშვილის გადაცემის მერე, ზვიად ლობჟანიძე კვასხვაძესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მეკარეს გვერდი ვერ აუარა და ბურთი დაკარგა.

33-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან დაჩი ფოფხაძემ გადაცემა გააკეთა და კახელიშვილის მიერ თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. 43-ე წუთზე, მარჯვნიდან გიორგი ადამიამ კუთხური შეასრულა და შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა ვალერი აბრამიძემ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. 44-ე წუთზე, ილია კანდელაკმა მარცხენა ფლანგიდან მერლანს დაუბრუნა ბურთი, მაგრამ საბოლოოდ დასარტყმელ პოზიციაზე მამუკა ღონღაძე გაიყვანა, რომელსაც ფეხებში ფოფხაძე ჩაუვარდა და ცარიელ კარში არ გაატანინა. ცოტა ხანში, აფციაურმა “ტორპედოს” საჯარიმოში კახელიშვილი მოძებნა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა. შესვენებამდე, “სიონმა” კუთხური მოაწოდა და გამოსვლაზე კვასხვაძე შეცდა, თუმცა ლობჟანიძის დარტყმული მოიგერია და ქუთაისელები კიდევ ერთი გოლის გაშვებისგან იხსნა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით გაგრძელდა. აფციაური სოლო რეიდის შემდეგ, მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და დაარტყა – კვასხვაძემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. მალევე, გოგობერიშვილმა უგულავა მოძებნა, რომელიც სტუმართა საჯარიმოში ერთ მეტოქეს გაცდა და ძლიერად “გაისროლა”, მაგრამ კვლავ კვასხვაძემ იყოჩაღა.

66-ე წუთზე, ლობჟანიძემ შეტევაში მარჯვენა ფრთაზე ბურთი დაკარგა და ტუღუშის გადაცემით კვერნაძემ ისარგებლა, რომელმაც სისწრაფეში ორ მცველს აჯობა და მირზა მერლანს ფეხებს შორის ზუსტად დაურტყა – 1:1.

70-ე წუთზე, გოგობერიშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და კვასხვაძემ ბურთი კუთხურზე უკუაგდო. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, “ტორპედოს” კონტრშეტევის დროს, მერლანი ძალიან შორს გამოვიდა და ბურთი მოიგერია, თორემ ირაკლი ლექვთაძე ბოლნისელთა ცარიელ კართან მარტო დარჩებოდა.

79-ე წუთზე, ლობჟანიძემ “ტორპედოს” საჯარიმოში მარჯვნიდან “გახსნილი” კოკა მიკუჩაძე მოძებნა, რომელმაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან კარს ააცილა.

85-ე წუთზე, კვერნაძე “სიონის” საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა, გზად ორ მეტოქეს გვერდი აუარა და მახვილი კუთხიდან მის მიერ დარტყმული ბურთი მერლანმა მოიგერია, მაგრამ ღონღაძემ ზუსტად დაამატა – 1:2. ამ გოლის შემდეგ, ძოძუაშვილი ემოციებს ვერ მალავდა.

88-ე წუთზე, ლექვთაძე და უგულავა შეკამათდნენ, მაგრამ კვარაცხელიას არც ერთი გაუფრთხილებია, არადა, იმსახურებდნენ. ძირითადი დროის მიწურულს, მარცხნიდან კანდელაკის გადაცემის შემდეგ, უგულავამ ახლო მანძილიდან თავით სახიფათოდ დაარტყა და კვასხვაძემ ბურთი პირით ხაზს იქით მოიგერია. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე “ტორპედოს” მეკარემ კვლავ საიმედოდ ითამაშა, როდესაც კუთხურის მერე, ახლო მანძილიდან აბრამიძეს თავით მეორე გოლი აღარ გაატანინა.

“სიონი” –“ტორპედოს” დაპირისირებას საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ თავიდან ბოლომდე უცქირა. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველ ტაიმს დაესწრო ბერლინის “ჰერტას” მცველი ლევან კობიაშვილი.     

 სიონი (ბოლნისი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:0) 

2 მარტი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. სათადარიგო სტადიონი. 

სიონი: მერლანი, ილია კანდელაკი, აბრამიძე, ქემოკლიძე, ფოფხაძე, გოგობერიშვილი (კ), ცხადაია, აფციაური (განუგრავა, 60), ზვიად ლობჟანიძე, გიორგი ადამია (უგულავა, 46), კახელიშვილი (მიკჩაძე, 70).

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.

ტორპედო: როინ კვასხვაძე, გელაშვილი (კვერნაძე, 62), სავჩენკოვსი სევასტი თოდუა, ჩადუნელი, ადამაძე, ჩიკვილაძე, ელიავა (ლექვთაძე, 56), მარკოზაშვილი (ხარაბაძე, 81), ტუღუში, მამუკა ღონღაძე.

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.

გოლები: 1:0 აბრამიძე (43), 1:1 კვერნაძე (66), 1:2 ღონღაძე (85).

გაფრთხილება: ტუღუში (23), უგულავა (84).

მსაჯი:  ლევან კვარაცხელია.

 

1      დინამო (თბ)                                                       20           14           3           3           48:16           45         
2 ჩიხურა 20 11 5 4 39:29 38
3 ზესტაფონი 20 10 4 6 27:15 34
4 გურია 20 10 0 10 23:27 30
5 სიონი  20 8 6 5 25:22 30
6 მეტალურგი 20 8 6 6 25:23 30
7 დილა 20 7 7 6 25:20 28
8 ტორპედო 20 7 5 8 22:26 26
9 ვიტ ჯორჯია 20 7 4 9 25:27 25
10 სპარტაკი 20 5 2 13 16:30 17
11 ზუგდიდი 20 4 5 11 10:28 17
12 მერანი 20 4 3 13 15:37 15

 

მეგოლეები:

13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.140374