საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უკვე სამი კვირაა იაპონიაში ვარჯიშობს. მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ლიპარტელიანმა ძიუდოს სამშობლოში 7 შეგირდი ჯერ კიდევ ტოკიოს დიდი სლემის (11-13 დეკემბერი) დაწყებამდე ათი დღით ადრე ჩაიყვანა და დასკვნითი წინასატურნირო შეკრება მოუწყო. შეჯიბრის დასრულების შემდეგ კი ქართული დელეგაცია ტოკიოშივე, ერთობლივ სანაკრებო წვრთნებში ჩაერთო. ამ წვრთნების პარალელურად, 17-18 დეკემბერს, ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში, 2010 წლის სეზონის დამაგვირგვინებელი ტურნირი – დიდი პრიზი ჩატარდა.
ჩინურ ტატამზე 28 ქვეყნის ნაკრები გავიდა, უმეტესწილად, გადახალისებული შემადგენლობებით. ოპტიმალურთან მიახლოვებული და ამასთან, გაფართოებული (12-კაციანი განაცხადი მხოლოდ რუსებმა შეადგინეს და მოლოდინისამებრ, ყველაზე შედეგიანადაც იჭიდავეს - მამაკაცთა 7 წონითი კატეგორიიდან 4-ში ოქროს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ: ალიმ გადანოვი (66 კგ), სირაჟუდინ მაგომედოვი (81 კგ), კირილ დენისოვი (90 კგ) და სერგეი სამოილოვიჩი (100 კგ).
უმსუბუქეს წონაში – 60 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მონღოლი ბოლდბაატარ განბატი ავიდა, 73-ში – ფრანგი უგო ლეგრანი, ხოლო +100-ში – ეგვიპტელი ისლამ ელ შეჰაბი.
საინტერესოა, რომ 81 კილოგრამში ბრინჯაოს პრიზიორი ამერიკელი ტრევის სტივენსი გახდა, რომელიც ერთი კვირის წინ, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ტოკიოს დიდ სლემზე უპრობლემოდ დააიპონა.
ძიუდოს საერთაშორისო კალენდარში შემდეგ ტურნირად ერთ-ერთი უპრესტიჟულესი შეჯიბრი – მსოფლიოს მასტერსია შეტანილი, რომელსაც 15-16 იანვარს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს. მასზე მონაწილეობას მხოლოდ პირადად მიწვეული ძიუდოისტები მიიღებენ. 29-30 იანვარს კი თბილისის მსოფლიოს თასი გაიმართება.
ძიუდო
დიდი პრიზი
ქინგდაო, ჩინეთი
17-18 დეკემბერი
60 კგ
1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)
2 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)
3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)
3 იუნლონგ ჰი (ჩინეთი)
66 კგ
1 ალიმ გადანოვი (რუსეთი)
2 კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი)
3 ხიშიგბაიარ ბუვეიბაატარი (მონღოლეთი)
3 ლეანდრო კუნია (ბრაზილია)
73 კგ
1 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)
2 მურატ კოძოკოვი (რუსეთი)
3 ბენჟამენ დარბალე (საფრანგეთი)
3 მანსურ ისაევი (რუსეთი)
81 კგ
1 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)
2 მაოჟიან ლი (ჩინეთი)
3 ტომისლავ მარიანოვიჩი (ხორვატია)
3 ტრევის სტივენსი (აშშ)
90 კგ
1 კირილ დენისოვი (რუსეთი)
2 კვანგ-ჰო კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ლორენს ბანიოლი (იტალია)
3 მარკუს ნიმანი (შვედეთი)
100 კგ
1 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)
2 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი)
3 რიუნუსუკე ჰაგა (იაპონია)
3 მარტინ პაცეკი (შვედეთი)
+100 კგ
1 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)
2 დანიელ ჰერნანდესი (ბრაზილია)
3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
3 დიმიტრი სტერხოვი (რუსეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







