ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგ-სია გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის მსოფლიოს თასის შედეგებიცაა შეტანილი. მასპინძელთა წარმატებული გამოსვლა ცხადია რეიტინგზეც აისახა, მაგრამ თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით, ცხრილში დიდი ნახტომის გასაკეთებლად ეს მედლიანობაც არ აღმოჩნდა საკმარისი.
2009-2010 წლების საერთაშორისო ტურნირების დაჯამებით, საქართველოს ნაკრების წევრთაგან ერთ-ერთი საუკეთესო ისევ ამირან პაპინაშვილია - 60 კილოგრამში მე-10 პოზიციაზე იმყოფება. ამირანს 2009 წლის თბილისის მსოფლიოს თასის ჩემპიონობისთვის მიღებული 100 ქულა, წესის თანახმად, გაუნახევრდა, მაგრამ წლევანდელი ბრინჯაოსთვის 40 შეიმატა და ერთიანობაში 358 ქულას მოუყარა თავი. ამავე წონაში, ბეთქილ შუკვანმა ახალი სეზონი ვერცხლის მედლით გახსნა. მან 60 ქულა აიღო და 17 საფეხურით დაწინაურდა. დავით ასუმბანი აქამდე რეიტინგში საერთოდ არ იყო, მაგრამ ერთი კვირის წინანდელი მსოფლიოს თასის ჩემპიონობისთვის აღებული 100 ქულით უმალ 41-ე ადგილზე დამკვიდრდა. წელს შეაბიჯა რეიტინგში პაატა მერებაშვილმაც, თბილისური მე-5 ადგილისთვის მიღებული 20 ქულით.
66 კილოგრამში, მსოფლიოს თასის ჩემპიონმა შალვა ქარდავამ 35-ადგილიანი პროგრესი განიცადა. ამჟამად იგი 23-ე საფეხურზე დგას. სამაგიეროდ, ნესტორ ხერგიანი 30 პოზიციით დაქვეითდა. შეგახსენებთ, საქართველოს ყველაზე უხვტიტულა ძიუდოისტი სპორტის სასახლეში პირველსავე წრეში დამარცხდა და უქულოდ დარჩა. 73-ში, ზაზა კედელაშვილი 25-ე ადგილს იკავებს. ამ წონის რეიტინგში ანზორ ხმიადაშვილმა, გიორგი დილებაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმაც შეაბიჯეს, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ მათგანს აქტივში ქულა არ მოეპოვება.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს თასზე მასპინძლებმა ყველაზე შედეგიანად 81 კილოგრამში იჭიდავეს. ნაკრების ოთხივე წევრი კვარცხლბეკზე ავიდა და ეს მედლიანობა რეიტინგზეც აისახა. ჩემპიონობამ და 100-მა ქულამ ლევან წიკლაური 5 ადგილით წინ წასწია. ამჟამად იგი მე-15 პოზიციაზეა. 29-ედან 22-ე ადგილამდე აინაცვლა ვერცხლის პრიზიორმა ხვიჩა ხუციშვილმა. ბრინჯაოსნები - იოსებ წელაური და დავით კარბელაშვილი კი აქამდე რეიტინგში საერთოდ არ იყვნენ და უმალ 80-ეულში გაწევრიანდნენ.
90-ში, ვარლამ ლიპარტელიანს შარშანდელი თბილისის მსოფლიოს თასის ჩემპიონობისთვის მიღებული 100 ქულა გაუნახევრდა და რადგან წლეულს სულ უქულოდ დარჩა, რეიტინგი გაიუარესა, მაგრამ სულ რაღაც 2 ადგილით. ახალმა ოქროსმედალოსანმა მინდია ბოდაველმა კი 48-ე საფეხურიდან 23-მდე აინაცვლა. საბა გავაშელიშვილმა და ლაშა გურულმა 16-16 ქულით ასეულში შეაბიჯეს.
100 კილოგრამში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანი ამირან პაპინაშვილთან ერთად, საუკეთესო რეიტინგიანი ქართველი ძიუდოისტია. მართალია იგი ამჯერად სპორტის სასახლის ტატამზე საერთოდ არ გასულა, მაგრამ ათეულში ადგილი მაინც შეინარჩუნა. ამ წონის ვერცხლის პრიზიორი რევაზ ჩიკოიძე კი რეიტინგში აქამდე საერთოდ არ მოიხსენიებოდა და მეორე ადგილისთვის დარიცხულმა 60-მა ქულამ 53-ე ადგილზე დაამკვიდრა. საგრძნობი პროგრესი განიცადეს ბრინჯაოს პრიზიორებმა დავით ლორიაშვილმა და ნოდარ მეტრეველმაც. მძიმე წონაში ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი ახალ რეიტინგში 30-ეულში იმყოფებიან, დაახლოებით იმავე პოზიციებზე, რომლებსაც ერთი კვირის წინ იკავებდნენ. მსოფლიოს რეიტინგის მოწინავე ხუთეულებს და ყველა ქართველის ამჟამინდელ მდგომარეობას აქვე გთავაზობთ.
ოთარ მაღლაკელიძე
60 კგ
1 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია) 980
2 გიორგი ზანთარაია (უკრაინა) 884
3 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) 812
4 ლუდვიგ პაიშერი (ავსტრია) 700
5 მასააკი ფუკუოკა (იაპონია) 640
10 ამირან პაპინაშვილი 358
21 ნესტორ ხერგიანი 212
40 ბეთქილ შუკვანი 104
41 დავით ასუმბანი 100
55 ლევან ჩუბინიძე 70
92 სოსო ნიჟარაძე 28
98 პაატა მერებაშვილი 20
66 კგ
1 ცაგაანბაატარ ხაშბაატარი(მონღოლეთი) 1140
2 ალიმ გადანოვი (რუსეთი) 812
3 სუგოი ურიარტე (ესპანეთი) 796
4 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი) 700
5 სანიასურენ მიარაგჩა (მონღოლეთი) 672
23 შალვა ქარდავა 172
68 ზაზა კედელაშვილი 60
97 სანდრო იაკობაშვილი 32
98 ნესტორ ხერგიანი 30
105 გიორგი ფერსაშვილი 26
117 მიხეილ ხომიზური 20
134 მინდია ხომიზური 8
73 კგ
1 კი-ჩუნ ვანი (სამხრეთ კორეა) 1480
2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია) 1006
3 გუი-მან ბანგი (სამხ. კორეა) 980
4 მანსურ ისაევი (რუსეთი) 800
5 ჟილ ბონომი (საფრანგეთი) 552
25 ზაზა კედელაშვილი 170
59 დავით ქევხიშვილი 60
62 დავით კუპრაშვილი 60
68 თენგიზ პაპოშვილი 56
68 თენგიზ პაპოშვილი 56
68 მიხეილ ხომიზური 56
145 ამბაკო ავალიანი 8
177 ანზორ ხმიადაშვილი 0
177 გიორგი დილებაშვილი 0
177 ნუგზარ ტატალაშვილი 0
81 კგ
1 ივან ნიფონტოვი (რუსეთი) 1180
2 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1140
3 სერგეი შუნძიკაუ (ბელარუსი) 700
4 დაე-ნამ სონგი (სამხრეთ კორეა) 600
5 ოლე ბიშოფი (გერმანია) 556
15 ლევან წიკლაური 294
22 ხვიჩა ხუციშვილი 218
80 იოსებ წელაური 40
80 დავით კარბელაშვილი 40
92 გრიგოლ შინჯიკაშვილი 32
101 საბა გავაშელიშვილი 22
127 გიორგი ბაინდურაშვილი 8
90 კგ
1 ტაკაში ონო (იაპონია) 1240
2 კირილ დენისოვი (რუსეთი) 1000
3 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი) 788
4 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა) 736
5 ჰეშამ მესბაჰი (ეგვიპტე) 700
18 ვარლამ ლიპარტელიანი 222
27 მინდია ბოდაველი 170
40 ზვიად გოგოჭური 100
52 გრიგოლ მამრიკიშვილი 70
96 საბა გავაშელიშვილი 16
96 ლაშა გურული 16
100 კგ
1 ტაკამასა ანაი (იაპონია) 1280
2 ჰი-ტაე ჰვანი (სამხრეთ კორეა) 1048
3 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი) 840
4 რამადან დარვიში (ეგვიპტე) 820
5 ელკო ფან დერ ხესტი (ჰოლანდია) 600
10 ლევან ჟორჟოლიანი 408
41 ირაკლი ცირეკიძე 84
43 დავით ლორიაშვილი 80
46 ნოდარ მეტრეველი 76
53 რევაზ ჩიკოიძე 60
98 დიმიტრი ტურაშვილი 8
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 1200
2 აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი) 760
3 კეიჯი სუძუკი (იაპონია) 728
4 მარტინ პადარი (ესტონეთი) 620
5 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე) 600
20 ზვიად ხანჯალიაშვილი 270
22 ადამ ოქრუაშვილი 258
27 ლაშა გუჯეჯიანი 146
58 ნოდარ მეტრეველი 40
80 გიგა გუბელაძე 16







