სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ძიუდო

12:38 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა

გაიმართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც 10 წევრი ესწრებოდა.

სხდომაზე შეაჯამეს 2013 წლის შედეგები. ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ისაუბრა ფედერაციის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ, რამაც აღმასკომის წევრების მოწონება დაიმსახურა.

დასრულებულია მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მოიცავდა რეგიონებში ძიუდოს დარბაზების გახსნას. გაიხსნა ძიუდოს 10 ახალი დარბაზი, რომელიც აღიჭურვა ახალი ტატამებით. ახალი ტატამი დამატებით მიეწოდა კიდევ 3 დარბაზს. ძიუდოში მოვარჯიშე ბავშვებზე განაწილდა 660 ცალი კიმანო.

საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩასატარებელ პირველსავე შეჯიბრზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს მარიუს ვიზერს, რაც პროექტის მეორე ეტაპის დაწყების საფუძველი გახდება. მეორე ეტაპი კი გულისხმობს რეგიონებში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ყოველთვიური სტიპენდიის დანიშვნას.

აღმასკომის სხდომაზე ისაუბრეს ქვეყანაში საკლუბო ძიუდოს განვითარების შესახებ. 2013 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დარეგისტრირდა ძიუდოს 12 კლუბი და ჩატარდა საქართველოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც “ძიუდოს განვითარების ფონდმა“ დააფინანსა. შემოდგომით იგეგმება მეორე საკლუბო ჩემპიონატის ჩატარება და სავარაუდოდ, კლუბების რაოდენობა ოცამდე გაიზრდება. დაგეგმილია ჩემპიონატის საპრიზო ფონდის გაზრდა 40 ათას ლარამდე.

ამავე დროს გაცხადდა, რომ შეიქმნა ორი ქართული კლუბი “საგარეჯო-Fიგჰტინგ Fილმ” და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს კლუბი, რომელთაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ევროპის საკლუბო ჩემპიონატში. ეს კლუბები საქართველოს ნაკრების წევრებით დაკომპლექტდება. ძიუდოს ფედერაცია ამ თაოსნობის გამო დიდ მადლობას უხდის ორივე კლუბის დამფუძნებლებს.

აღმასკომის სხდომაზე ფედერაციის პრეზიდენტმა დააყენა საკითხი მწვრთნელთა გადამზადების შესახებ. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები შეხვდნენ უნგრეთში შექმნილი ძიუდოს აკადემიის ხელმძღვანელებს და უახლოეს პერიოდში განისაზღვრება, თუ როგორ შეიძლება მსგავსი პრაქტიკის დანერგვა საქართველოში.

აღმასკომის სხდომაზე იმსჯელეს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების თემაზე. აღმასკომის წევრები თანხმდებიან, რომ კარგი იქნება, თუ ახალგაზრდა ძიუდოისტები ასაკის შეცვლის შემდეგ სხვა ასაკობრივ ნაკრებშიც იგივე მწვრთნელებთან გააგრძელებენ ურთიერთობას, თუმცა ამ თემაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

“ძიუდოს განვითრების ფონდის” მუშაობის შესახებ აღმასკომის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ფონდის პრეზიდენტმა მამუკა ყიზილაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ფონდმა სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაზე დაახლოებით 40 ათასი ლარი გაიღო; გაიცა პრემიები ჭაბუკ ძიუდოისტებზე, დახმარება გაეწია ვეტერან ძიუდოისტებსა და მსაჯებს, გამოიცა ძიუდოს სახელმძღვანელო, ჩატარდა საკლუბო ჩემპიონატი და სხვა.

აღმასკომზე განიხილეს სხვა საკითხებიც. გადაწყდა, რომ ფედერაციის აღმასკომის სხდომები რეგიონებშიც გაიმართება. მომდევნო სხდომის ჩატარება დაგეგმილია ქალაქ გორში.

www.gjf.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121322