ძიუდო

16:11 | 20.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ფედერაციაში ყველაფერი ძველებურადაა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ჯერჯერობით ისევ დილარ ხაბულიანი უდგას სათავეში და მინიმუმ სექტემბრის შუა რიცხვებამდე არც არაფერი შეიცვლება.
ბოლო დღეებში გავრცელებული ხმების თანახმად, ფედერაციის პრეზიდენტმა შესაძლოა ამ დღეებში თანამდებობა საკუთარი ინიციატივით დატოვოს. კულუარებში ხმა გავარდა, თითქოს ხაბულიანმა განცხადება უკვე დაწერა, მაგრამ ამ ინფორმაციის სიმართლეს ამ ეტაპზე არც თავად ხაბულიანი ადასტურებს და არც ძიუდოს ფედერაციის თანამშრომლები.
პრეზიდენტთან დაკავშირება როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ ინფორმაციის გადასამოწმებლად ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს მივმართეთ.
“ხაბულიანს გადადგომის შესახებ განცხადება რომ დაეწერა, აუცილებლად გვეცოდინებოდა, რადგან წესდების თანახმად, ფედერაციის პრეზიდენტმა მსგავსი შინაარსის წერილი ფედერაციაში უნდა წარადგინოს, რათა შემდეგ აღმასკომმა დაამტკიცოს და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს” – გვიპასუხეს ძიუდოს ფედერაციიდან.
“მსოფლიო სპორტი” ძიუდოს ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი ალექსიძესაც ესაუბრა, მაგრამ...
გიორგი ალექსიძე: “ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან არაფერი ვიცი. უცხოეთიდან სტუმრები მყავს და ეს დღეები ფედერაციაშიც ვერ მივედი. დღეს გავაცილებ, ხვალ კი ყველაფერში გავერკვევი და მოგახსენებთ”.
- არც დილარ ხაბულიანთან გისაუბრიათ?
- არა. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ოფიციალური გადაწყვეტილება არ არსებობს. ეს რომ იყოს, აუცილებლად მეცოდინებოდა.
ბოლოს ფედერაციის პრეზიდენტის მოკლე, თუმც ამომწურავი კომენტარი მაინც მოვიპოვეთ, ისევ და ისევ ფედერაციის პრეს-სამსახურისგან:
“არავითარი განცხადება არ დამიწერია და ისევ ჩემს მოვალეობას ვასრულებ” – აცხადებს ხაბულიანი.
 “ამ სიტუაციაში არავითარი ცვლილება მოსალოდნელი არაა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება და ჩვენი ყურადღება მხოლოდ ამ საკითხისკენაა მიპყრობილი” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ნამგალაურმა.
ბოლო დღეებში, ეს საკითხი ინტერნეტ-ფორუმებზეც ერთ-ერთი აქტუალური სასაუბრო თემა გახდა. ისიც კი დაიწერა, რომ ხაბულიანს განცხადება უკვე დაწერილი აქვს და 48 საათის განმავლობაში მას ხელს სპორტის მინისტრიც მოაწერსო, მაგრამ ისევ და ისევ, ძიუდოს ფედერაციის წესდების გათვალისწინებით, პრეზიდენტის გადადგომის სურვილის დაკმაყოფილებას მინისტრის დასტური არ სჭირდება.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09221